სამყაროს ყველაზე იდუმალი ვარსკვლავის უცნაურ ჩაბნელებათა მიზეზად უცხოპლანეტელთა მეგასტრუქტურა ოფიციალურად გამოირიცხა
სამყაროს ყველაზე იდუმალი ვარსკვლავის უცნაურ ჩაბნელებათა მიზეზად უცხოპლანეტელთა მეგასტრუქტურა ოფიციალურად გამოირიცხა

სამყაროს ყველაზე უცნაურ და იდუმალ ვარსკვლავს მრავალი განსხვავებული სახელი უწოდეს, მაგრამ მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე გაბედული სახელწოდება სულ მალე შეიძლება უადგილო გახდეს.

KIC 8462852, იგივე ტაბის ვარსკვლავი, იგივე ბოიაჯიანის ვარსკვლავი, ბევრისთვის ცნობილია, როგორც უბრალოდ „უცხოპლანეტელთა მეგასტრუქტურის ვარსკვლავი“, რაც ხაზს უსვამს ყველაზე ეგზოტიკურ ჰიპოთეზას, რომელიც ცდილობს ახსნას ვარსკვლავის მისტიკური, არამდგრადი სინათლე.

ამჯერად, სამყაროს ამ ყველაზე შემაცბუნებელი შემთხვევითობის შესახებ ახალი კვლევა თავად ტაბიმ ჩაატარა — ლუიზიანის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსმა ტაბეთა ბოიაჯიანმა, რომელმაც 2015 წელს ამ ვარსკვლავის უჩვეულო ქცევა პირველად გამოავლინა. ტაბის განცხადებით, უკვე დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ იქ არავითარი უცხოპლანეტელტა მეგასტრუქტურა არაა.

KIC 8462852 პირველად ძალიან ადრე, მე-19 საუკუნეში შენიშნეს და მას შემდეგ, ეს ვარსკვლავი მრავალ ასტრონომიულ კატალოგში მოხვდა.

თუმცა ვარსკვლავმა უდიდესი ყურადღება 2015 წელს მიიქცია, როდესაც ბოიაჯიანი და მისი კოლეგა მკვლევრები იუწყებოდნენ რაღაც ძალიან უცნაურის შესახებ, რომელიც მათ NASA-ს კეპლერის კოსმოსური ტეკლესკოპის მონაცემების დამუშავებისას შენიშნეს.

ყველა ვარსკვლავი ციმციმებს. დედამიწაზე ასე ჩანს იმიტომ, რომ მათი სინათლე ურთიერთქმედებს ჩვენი პლანეტის ატმოსფეროსთან.

მაგრამ ვარსკვლავების სინათლე შეიძლება კოსმოსშიც იცვლებოდეს, რადგან მათ წინ ჩაიარონ პლანეტებმა და გამოიწვიონ მისი სიკაშკაშის ოდნავი ჩაბნელება, ხშირად დაახლოებით 1%-ით.

თუმცა KIC 8462852 ყველასგან განსხვავებული იყო. ბოიაჯიანმა და მისმა კოლეგებმა შენიშნეს, რომ ჩვენგან დაახლოებით 1280 სინათლის წლის მანძილზე მდებარე ამ არაფრით გამორჩეული ვარსკვლავის ჩაბნელება არა ოდნავი, არამედ უზარმაზარი იყო.

ტაბის ვარსკვლავის ნათების ჩაბნელება 22%-მდე აღწევდა და როგორც ირკვეოდა, ეს ჩაბნელება არ ემორჩლებოდა ჩვენთვის ცნობილ რომელიმე მახასიათებელს, მაგალითად ვარსკვლავის გარშემო პლანეტის მოძრაობას. ჩაბნელება სრულიად არარეგულარული იყო.

შედეგად გაჩნდა მოსაზრება, რომ ჩაბნელება შეიძლება გამოწვეული ყოფილიყო არამიწიერი ცივილიზაციის მიერ ვარსკვლავის გარშემო აგებული მეგასტრუქტურით — რაღაც ისეთით, როგორიცაა მაგალითად ენერგიის შთანმთქმელი დაისონის სფერო, რომელიც შეიძლება KIC 8462852-ის გარშემო იყო აგებული და პერიოდულად ბლოკავდა ჩვენკენ მომავალ მის სინათლეს.

ე.წ. დაისონის სფერო — მხატვრული წარმოდგენა. მეოცე საუკუნის სამოცდაათიან წლებში, ფიზიკოსმა ფრიმენ დაისონმა ივარაუდა, რომ განვითარებადი ცივილიზაცია აუცილებლად მივა იქამდე, რომ დასჭირდება თავისი ვარსკვლავის მთელი ენერგია, რისთვისაც მშობლიურ მნათობს გიგანტური კოლექტორების წყების შიგნით მოაქცევს.

თუმცა ყველა შესაძლო ახსნა ასეთი უცნაური როდი იყო. ზოგიერთი ფიქრობდა, რომ ჩაბნელება შეიძლება გამოწვეული ყოფილიყო კომეტათა გროვით, ანუ ვარსკვლავთშორისი ნაგვით.

ზოგიერთი განიხილავდა იმსაც, რომ სინათლის ცვალებადობის მიზეზი უნდა ყოფილიყო ვარსკვლავის შიდა გარემო. მკვლევართა ერთი ჯგუფი კი იმდენად შორს წავიდა, რომ შემოგვთავაზა, თითქოს KIC 8462852-ს გადაყლაპული ჰქონდა პლანეტა, სინათლის ჩაბნელება კი სწორედ პლანეტის ნამცეცებით იყო გამოწვეული.

მაშინ, როცა მეცნიერები ყველა ამ შესაძლებლობას განიხილავდნენ, ასტრონომთა ერთმა ჯგუფმა პროექტ Kickstarter-ზე წარმატებით შეგაროვა ობსერვატორიიდან KIC 8462852-ის ერთი წლის განმავლობაში დაკვირვებისათვის საჭირო თანხა. მკვლევრები ფიქრობდნენ, რომ ამ ვარსკვლავის შესახებ რაღაც საკვანძოს იპოვიდნენ, თუ ჩაბნელების დროს დააკვირდებოდნენ.

„იმედი გვქონდა, რომ როდესაც ამ ჩაბნელებას რეალურ დროში დავაკვირდებოდით, გავარკვევდით, იყო თუ არა ეს ჩაბნელებები ტალღლის ყველა სიგრძეში ერთი და იგივე სიღრმის“, — განმარტავს ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასტრონომი ჯეისონ რაითი.

„თუკი ისინი თითქმის ერთი და იგივე იქნებოდა, ეს გვაფიქრებინებდა, რომ ამის მიზეზი იყო რაღაც შუქგაუმტარი, მაგალითად ორბიტაზე მოძრავი დისკო, პლანეტა ან ვარსკვლავი, ანდაც რაიმე უზარმაზარი სტრუქტურა კოსმოსში“.

მაგრამ ეს ასე არ მოხდა.

2016 წლის მარტიდან 2017 წლის დეკემბრამდე, კალიფორნიაში განთავსებული ლას-კუმბრესის ობსერვატორიიდან, მკვლევრებმა ჩაბნელების ოთხი განსხვავებული ეპიზოდი ჩაიწერეს. KIC 8462852-ის სინათლის მრავალსპექტრულმა ანალიზებმა აჩვენა, რომ ვარსკვლავი უფრო მეტად ბნელდებოდა გარკვეულ ტალღის სიგრძეებში, ვიდრე სხვებში.

„როგორც ახალი მონაცემები აჩვენებს, სინათლის სხვადასხვა ფერები სხვადასხვა ინტენსივობით იბლოკება“, — ამბობს ტაბეთა ბოიაჯიანი.

„აქედან გამომდინარე, ის, რაც ჩვენსა და ამ ვარსკვლავს შორის მოძრაობს, არ არის გაუმჭვირვალე, როგორც ეს პლანეტის ან უცხოპლანეტელთა მეგასტრუქტურის შემთხვევაში უნდა ყოფილიყო“.

მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ KIC 8462852-ის სინათლის ბჟუტვის ყველაზე ეგზოტიკური ახსნა შეიძლება გამოირიცხა — სულ მცირე კარდაშევის შკალის უცხოპლანეტელთა ტექნოლოგიების გადმოსახედიდან —ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ტაბის ვარსკვლავი უეცრად უბრალო, ძალიან მარტივი გახდა.

KIC 8462852-ს შეიძლება არ აქვს არამიწიერი ცივილიზაციის მეგასტრუქტურა, რომელზეც ალბათ ყველა ვოცნებობდით, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ დაზუსტებით ჯერ კიდევ არ ვიცით, თუ რა იწვევს მის უცნაურ ჩაბნელებებს.

შეიძლება ეს იყოს მტვერი, კომეტები, ვარსკვლავთშორისი ნაგავი, ვინ იცის?

„მართალია, უახლესმა კვლევამ უცხოპლანეტელთა მეგასტრუქტურა გამორიცხა, მაგრამ წარმოშვა ამ ჩაბნელების უკან არსებული სხვა ფენომენების ალბათობა“, — განმარტავს რაითი.

რა შეიძლება იყოს ეს ფენომენები, ჯერ გადაჭრით არ ვიცით, მაგრამ ეჭვი არ შეგეპაროთ, მეცნიერები ვერ მოისვენებენ, სანამ ამ კითხვას პასუხს საბოლოოდ არ გასცემენ.

კვლევა The Astrophysical Journal Letters-ში გამოქვეყნდა.

 

მომზადებულია eurekalert.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით