დაფიქსირებულია შორეული გალაქტიკიდან მომდინარე კიდევ 15 იდუმალი რადიოსიგნალი
დაფიქსირებულია შორეული გალაქტიკიდან მომდინარე კიდევ 15 იდუმალი რადიოსიგნალი

რამდენიმე დღის წინ, დილით ადრე, არამიწიერი სიცოცხლის ნიშნების მაძიებელმა მკვლევრებმა, 5 საათის განმავლობაში კოსმოსში 15 ფეთქებადი რადიოსიგნალი დააფიქსირეს. ყველა მათგანი 3 მილიარდი სინათლის წლის მანძილზე მდებარე ციცქნა გალაქტიკიდან მოდიოდა. 

ეს სწორედ ის გალაქტიკაა, რომლიდანაც განმეორებადი სიგნალები წარსულშიც მივიღეთ. თუმცა, „სწრაფი რადიოიმპულსების“ (FRB) სახელით ცნობილი სიგნალები არასოდეს ყოფილა ისე ხშირი, როგორც ბოლო აღმოჩენისას იყო, რამაც მეცნიერთა ჯგუფი აიძულა, დახმარება სხვა მკვლევართათვისაც ეთხოვათ, რათა გაერკვიათ ამ სიგნალების გამომწვევი მიზეზი.

„ამ წყაროდან წამოსული იმპულსები ასე ხშირი არასოდეს ყოფილა“, — ამბობს ენდრიუ სიმიონი, ბერკლის კალიფორნიის პროექტ Breakthrough Listen-ის დირექტორი, რომელმაც ეს სიგნალები დააფიქსირა. ჯგუფის მთავარი მიზანი არამიწიერი სიცოცხლის ნიშნების პოვნაა სამყაროში.

მიზეზი, რის გამოც ისინი ასე აღფრთოვანებულნი არიან ისაა, რომ სწრაფი რადიოიმპულსები ჩვენ მიერ სამყაროში ამ დრომდე  დაფიქსირებული ერთ-ერთი ყველაზე უცნაური და ფეთქებადი ფენომენია. სულ რაღაც მილიწამებში, მათ შეუძლიათ გამოიმუშაონ იმდენივე ენერგია, რამდენსაც 500 მილიონი მზე გამოიმუშავებდა. თუმცა, ჯერჯერობით ძალიან მწირი ცნობები გვაქვს მათი გამომწვევი მიზეზებისა და წარმოშობის ადგილის შესახებ.

სანამ ამ სიგნალებს ავტომატურად მიაწერდეთ უცხოპლანეტელებს, გეტყვით, რომ ყველაზე დიდი ალბათობით, ისინი ასტრონომიული წარმოშობისაა… უბრალოდ, ჯერ ბოლომდე არ ვართ დარწმუნებული, თუ რა ფენომენი შეიძლება იყოს ის.

მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ წამოყენებული ერთ-ერთი წამყვანი ჰიპოთეზის მიხედვით, ეს განმეორებადი სიგნალები მოდის მაღალმაგნეტიზებული მაგნეტარებიდან — ენერგიული მატერიით გარშემორტყმული ნეიტრონული ვარსკვლავის ერთ-ერთი ტიპიდან. გარდა ამისა, მათ შესაძლოა ასევე წარმოქმნიდეს  ახალგაზრდა ნეიტრონული ვარსკვლავები, რომლებიც საკუთარი ღერძის გარშემო მოძრაობისას რეგულარულად გამოყოფენ რადიო-პულსებს.

თუმცა, დიახ, მეცნიერები უცხოპლანეტელთა შესაძლებლობასაც განიხილავენ. წლის დასაწყისში, ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა წამოაყენა მოსაზრება, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა, ამ ინტენსიურ რადიოიმპულსებს რომელიმე არამიწიერი მაღალტექნოლოგიური ცივილიზაცია საკუთარ ხომალდთა სამართავად იყენებდეს.

სწრაფი რადიოიმპულსები ასეთ გამოწვევად ძირითადად იმის გამო იქცა, რომ მას შემდეგ, რაც 2007 წელს ისინი აღმოაჩინეს, ასტრონომებმა მხოლოდ რამდენიმე მათგანის დადასტურება შესძლეს; როგორც ჩანდა, ყველა მათგანი ცვალებადი სიხშირით მოდიოდა სამყაროს სხვადასხვა ადგილიდან.

მაგრამ 2015 წელს ყველაფერი შეიცვალა. მკვლევრებმა დაადასტურეს, რომ განმეორებადი სწრაფი რადიოიმპულსები ერთი და იგივე ადგილიდან მოდიოდა — წყაროდან, რომელსაც მათ FRB 121102 უწოდეს. იგი სწრაფ რადიოიმპულსთა ერთადერთი განმეორებადი წყაროა ამ დრომდე აღმოჩენილთა შორის.

ამის შემდეგ, მეცნიერებმა ისიც დაადგინეს, რომ ის რაღაც, რაც ამ სიგნალებს წარმოშობს, დედამიწიდან 3 მილიარდი სინათლის წლის მანძილზე, ჯუჯა გალაქტიკაში მდებარეობს.

მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ უკვე დაფიქსირებული გვაქვს FRB 121102-დან მომდინარე 150-ზე მეტი გასაოცარი სწრაფი რადიოსიგნალი, ჯერ ახლოსაც არ ვართ იმის გამოაშკარავებასთან, თუ რა შეიძლება წარმოქმნიდეს მათ.

უმნიშვნელოვანეს ახალ იფნორმაციად შეიძლება ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ ბოლოს დაფიქსირებული 15 რადიოსიგნალი ამ გალაქტიკაში სულ რამდენიმე საათის განმავლობაში გამოიყოფოდა.

სიგნალები ბოლოს 26 აგვისტოს გამთენიისას, დასავლეთ ვირჯინიაში განთავსებულმა გრინ-ბენკის ტელესკოპმა დააფიქსირა. წყარო ამ შემთხვევაშიც FRB 121102 აღმოჩნდა.

ხუთსაათიან მონაკვეთში, ინსტრუმენტმა 400 ტერაბაიტი ინფორმაცია ჩაიწერა 4-8  გიგაჰერც სიხშირის დიაპაზონში.

როდესაც Breakthrough Listen-ის მკვლევრებმა მონაცემების ანალიზი ჩაატარეს, მათ გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, რადგან აღმოჩნდა, რომ წყაროდან არა ერთი, არამედ 15 რადიოიმპულსი იყო წამოსული.

შედარებისათვის, 2016 წელს, FRB 121102-დან მომავალი ცხრა სიგნალის დაფიქსირებას ექვსთვიან პერიოდში 83 საათი დასჭირდა.

მოგვიანებით, მკვლევრებმა დაადასტურეს, რომ ეს სიგნალებიც იმავე გალაქტიკიდან მოდიოდა, რომელშიც წყარო FRB 121102-ია განთავსებული. ამისათვის შეამოწმეს მათი დისპერსია —მაჩვენებელი იმისა, თუ რა მანძილი გამოიარა სიგნალმა ჩვენამდე მოსაღწევად.

ეს რადიოსიგნალები არა მხოლოდ წარმოუდგენლად სწრაფი აღმოჩნდა, არამედ გამოყოფილი იყო იმაზე მაღალ სიხშირეში, ვიდრე მანამდე დაფიქსირებული სიგნალები; ყველაზე კაშკაშა გამოყოფა დაახლოებით 7 გიგაჰერცზე ხორციელდებოდა.

„დაკვირვებები შეიძლება იმაზე მიუთითებდეს, რომ FRB 121102-ს აქტივობა ამჟამად საკმაოდ მომატებულია, რაც შემდგომი კვლევებისთვისაც გვაგულიანებს, განსაკუთრებით მაღალ სიხშირეებში“, — წერს ჯგუფი Astronomer’s Telegram-ზე.

„გარდა იმისა, რომ დამტკიცდა, რომ წყარო ახალ, აქტიურ მდგომარეობაში იმყოფება, მოსასმენი ინსტრუმენტით მიღწეული მაღალი რეზოლუციის მონაცემები შესაძლებლობას გვაძლევს ასევე გამოვიკვლიოთ ამ იდუმალ იმპულსთა თვისებები ისეთი მაღალი სიზუსტით, ვიდრე ეს ოდესმე ყოფილა შესაძლებელი“, — ამბობს ვიშალ გაჯარი, Breakthrough Listen-ის მკვლევარი, რომელმაც პირველმა დააფიქსირა გაზრდილი აქტივობა.

„რადიომიმღების შესაძლებლობები მართლაც ექსტრაორდინარულია; მას შეუძლია ერთდროულად ჩაიწეროს რამდენიმე გიგაჰერცის დიაპაზონში და დაყოს მილიარდობით ინდივიდუალურ არხად, რის შედეგადაც ვიღებთ FRB-ების სიხშირის სპექტრის ახალ ხედს, რამაც დამატებითი სინათლე უნდა მოჰფინოს FRB-თა გამოყოფის პროცესს“.

რა შეგვიძლია გვითხრას ბოლოს დაფიქსირებულმა სიგნალებმა მათი პოტენციური წყაროს შესახებ?

 

ნაკადთა სწრაფი თანმიმდევრობა ნაკლებ სავარაუდოს ხდის, რომ განმეორებადი რადიოიმპულსები რაიმე კატაკლიზმური მოვლენით, მაგალითად შავი ხვრელის სიკვდილით იყოს გამოწვეული.

უფრო ნათელი რომ იყოს, გეტყვით, რომ არ შეიძლება იმის გამორიცხვაც, რომელიმე სწრაფ რადიოუმპულსს გარკვეული ასეთი მოვლენა იწვევდეს, მაგრამ განმეორებად სიგნალებს სრულიად განსხვავებული წყარო უნდა ჰქონდეს.

რაც შეეხება უცხოპლანეტელებს? მსგავსი ჰიპოთეზის დამაჯერებლობისათვის, საჭიროა თავდაჯერებულად გამოვრიცხოთ ყოველი შესაძლო ბუნებრივი, ასტრონომიული ახსნა; მაგრამ ამჟამად ხელმისაწვდომი მონაცემები ამის გაკეთების საშუალებას არ გვაძლევს.

გარდა ამისა, როგორც Breakthrough Listen-ის ჯგუფი შენიშნავს, მაშინ, როცა პულსებმა მშობლიური გალაქტიკა დატოვეს, ჩვენი მზის სისტემა 2 მილიარდ წელიწადზე ნაკლები ასაკის იქნებოდა — შესაბამისად, დედამიწაზე მარტივი მრავალუჯრედიანი სიცოცხლის დაწყებამდე კიდევ მილიარდობით წელი რჩებოდა. აქედაგ გამომდინარე, ნათელია, რომ მაღალგანვითარებული გონიერი არამიწიერი ცივილიზაციისთვის სარფიანი სამიზნე ჩვენ ნამდვილად ვერ ვიქნებოდით.

თუმცა, რაც არ უნდა იწვევდეს ამ განმეორებად რადიოიმპულსებს, იმედი ვიქონიოთ, რომ ბოლო დაკვირვებები ერთი ნაბიჯით მაინც წაგვწევს წინ მათი საიდუმლოს ამოსახსნელად.

„მიუხედავად იმისა, წარმოადგენს თუ არა სწრაფი რადიოიმპულსები არამიწიერი ცივილიზაციის ტექნოლოგიის ხელწერას, Breakthrough Listen-ი ნებისმიერ შემთხვევაში გვეხმარება გავაფართოვოთ ჩვენ ირგვლივ არსებული სამყაროს ჩვენეული გაგების ახალი და სწრაფად მზარდი არეალები“, — ამბობს ენდრიუ სიმიონი.

პირველად დაკვირვებათა შედეგები ჯგუფმა Astronomer’s Telegram-ზე გამოაქვეყნა და ამჟამად, შედეგებს უფრო დეტალურად წერენ რეცენზირებამდელ ჟურნალებში გამოსაქვეყნებლად.

მომზადებულია news.berkeley.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით 

დატოვე კომენტარი