საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

ასტრონომებმა იდუმალებით მოცული რადიოსიგნალების წყარო ბოლოსდაბოლოს იპოვეს

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-01-05 23:14:00

ღრმა კოსმოსიდან მომდინარე იდუმალებით მოცული სიგნალების წყარო ბოლოსდაბოლოს დადგენილია. 

სწრაფი რადიოიმპულსები, იგივე FRB, აქამდე მხოლოდ 18-ჯერ არის დაფიქსირებული და მეცნიერთათვის გამოცანად იქცა 2007 წლიდან, როდესაც იგი აღმოაჩნეს. FRB ძლევამოსილი, მაგრამ ძალიან მოკლე რადიოტალღებია, გრძელდება მხოლოდ მილიწამები  და აქვს იმდენივე ენერგია, რაც 500 მილიონ მზეს ექნებოდა. არავინ იცის, საიდან მოდის ისინი და რა შეიძლება იყოს მათი წყარო, რამაც გააჩინა მრავალი სპეკულაცია, დაწყებული უზარმაზარი ვარსკვლავით, შავი ხვრელიდან გამოტყორცნილი მატერიით და უცხოპლანეტელებით დამთავრებული.

პირველად FRB 2007 წელს, ავსტრალიის პარკსის ტელესკოპმა დააფიქსირა. მას შემდეგ გამოვლინდა კიდევ 17 მსგავსი სიგნალი, თუმცა მხოლოდ ერთი მათგანი აღმოჩნდა განმეორებადი ხასიათის.

განმეორებად იმპულსებს მეცნიერები ექვსი თვის განმავლობაში სწავლობდნენ, რის შედეგადაც მათ ცაზე მისი ზუსტი პოზიცია იპოვეს. მკვლევართა თქმით, გაირკვა, რომ ტალღები 3 მილიარდი სინათლის წლით დაშორებული მკრთალი, ჯუჯა გალაქტიკიდან მომდინარეობს.

სიგნალების წყაროს FRB 121102 უწოდეს და იგი ატაკამის უდაბნოში მდებარე ტელესკოპმა Very Large Array-მ აღმოაჩინა. ეს გახლავთ მრავალანტენიანი რადიოტელესკოპი, რომელიც აშშ-ის ეროვნულ სამეცნიერო ფონდს ეკუთვნის.

მკვლევართა ჯგუფის წევრი, მონრეალის მაკ-გილის უნივერსიტეტიდან, დოქტორი შრიჰარშ ტენდულკარი აცხადებს:

„მანამ, სანამ FRB-ების წყარომდე მანძილი გვეცოდინებოდა, არსებობდა ვარაუდები, რომ ისინი შესაძლოა უშუალოდ ირმის ნახტომში ან მის სიახლოვეს იღებდა სათავეს. ეს მოსაზრება არ დადასტურდა, მინიმუმ ოთხი FRB-ის შემთხვევაში მაინც“.

ამ იდუმალებით მოცულ ამბავს ისიც ემატებოდა, რომ FRB-ს თან ახლდა უწყვეტი, მუდმივად სუსტი რადიოგამოსხივების ნაკადი.

მოგვიანებით დადგინდა, რომ ორი გამოსხივების წყარო დაახლოებით 100 წინათლის წლის მანძილზე მდებარეობდა.

„ვფიქრობთ, რომ FRB-ებისა და ამ უწყვეტი ტალღების წყარო ან ერთი ობიექტია, ან როგორღაც არიან ერთმანეთთან ფიზიკური კავშირში“, — ამბობს ჯგუფის წევრი, ნიდერლანდელი მკვლევარი დოქტორი ბენიტო მარკოტი. 

უცნობი რჩება თუ რა გამოყოფს FRB ტალღებს. ყველაზე მეტად სავარაუდო კანდიდატია სუპერმკვრივი ნეიტრონული ვარსკვლავი, შესაძლო „მაგნეტარი“ — ნეიტრონული ვარსკვლავი ძალიან ძლიერი მაგნიტური ველით, რომელიც გარსშემორტყმულია ვარსკვლავური აფეთქების ნარჩენებით.

კიდევ ერთი ჰიპოთეზის მიხედვით, წყარო შეიძლება იყოს სუპერმასიური შავი ხვრელიდან გამოტყორცნილი მატერიის ნაკადები.

„ამ FRB-ის მასპინძელი გალაქტიკის პოვნა და იქამდე მანძილის განსაზღვრა, ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯია. თუმცა, ჯერ კიდევ ძალიან ბევრი რჩება შესასწავლი, რათა სრულად გავიგოთ თუ რასთან გვაქვს საქმე“, — ამბობს კვლევის თანაავტორი კორნელის უნივერსიტეტიდან, დოქტორი შამი ჩატერჯი. 

კვლევის შედეგები ამერიკის ასტრონომიული საზოგადოების ყოველწლიურ შეხვედრაზე, ტეხასის ქალაქ გრეიპვაინში წარმოადგინეს.

FRB 121102, წყარო გალაქტიკა



მომზადებულია ScienceAlert-ისა და The Independent-ის მიხედვით


დატოვე კომენტარი
8778

უახლესი