სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთ მღვიმეში ადამიანთა წინაპრების 200 000 წლის წინანდელი საწოლები აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება
სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთ მღვიმეში ადამიანთა წინაპრების 200 000 წლის წინანდელი საწოლები აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება

შეიძლება, მათ სულ არ ჰქონდათ კომფორტული ლეიბები, მაგრამ ადამიანთა უძველეს წინაპრებს საკმაოდ კარგად შეეძლოთ მყუდრო საძილე ადგილების შექმნა. უძველეს არქეოლოგიურ ძეგლზე ადამიანთა საწოლის ახლად აღმოჩენილი ნაშთები გვიჩვენებს, რამდენად ჭვკიანურად აკეთებდნენ ისინი ამას.

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, კარგად ცნობილ ბორდერის მღვიმეში, არქეოლოგებმა აღმოაჩინეს მტკიცებულება, რომელიც მეტყველებს, რომ 200 000 წლის წინ, უძველესი ადამიანები ბალახისგან კომფორტულ ლოგინებს აკეთებდნენ.

ეს თარიღი კი 100 000 წლით უფრო ძველია ამჟამად უძველესად მიჩნეულ ადამიანთა საძილე ადგილებზე. გარდა ამისა, ახლად აღმოჩენილი ლოგინები აგებულია ნაცრის ფენებზე, რასაც მძინარე ადამიანები აბეზარი მწერებისგან უნდა დაეცვა.

„ჩვენი აზრით, ბალახისგან საწოლებს ნაცრის ფენაზე მიზანმიმართულად ამზადებდნენ, რითაც გარანტირებული იყო არა მხოლოდ სისუფთავე, არამედ მწერებისგან თავდაცვაც“, — ამბობს იოჰანესბურგის ვიტვატერსრანდის უნივერსიტეტის არქეოლოგი ლინ უედლი.

200 000 წლის წინ მცენარეულობისგან დამზადებული ლოგინების იდენტიფიცირება, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია. ორგანული მასალა დროთა განმავლობაში იშლება, რაც იმას ნიშნავს, რომ ბევრი არაფერია ცნობილი იმის შესახებ, როგორ იყენებდნენ უძველესი ადამიანები მცენარეებს. თუმცა, ბორდერის მღვიმეში, უძველეს ადამიანთა საცხოვრებელ სივრცეში გათხრისას, არქეოლოგებმა აღმოაჩინეს განმარხებული ქვეშაგების ეფემერული ნარჩენები.

ყველა მათგანი მღვიმის უკანა ნაწილში იყო განთავსებული, ყველაზე თბილ და უსაფრთხო ადგილას, ცეცხლის კერებთან იმდენად ახლოს, რომ ზოგიერთი ბალახი გატუსულიც იყო. მკვლევართა აზრით, საწოლებს ცეცხლი იშვიათად, შემთხვევით უნდა მოსდებოდა, რადგან უმეტესი მათგანი გამხმარი იყო და არა დამწვარი.

ინფრაწითელი სპექტროსკოპიის ხელსაწყო FTIR-ის, სკანირების ელექტრონული მიკროსკოპის (SEM) და ნამარხი მცენარეების ანალიზის გამოყენებით, ჯგუფმა გაქვავებული ლოგინების მასალა ახლოდან შეისწავლა. ფიტოლითურმა (ნამარხი მცენარე) ანალიზმა დაადასტურა რამდენიმე მახასიათებელი, რაც ფართოფოთლოვან ბალახებში გვხვდება.

თუმცა, მათ მხოლოდ ბალახი როდი იპოვეს. როგორც უკვე გითხარით, ბალახში შერეული იყო ნაცარიც, რომელიც საუკეთესო ბუნებრივი ინსექტიციდია. ის მწერებს სასუნთქ გზებს უხშობს, უცვეთს ჩონჩხის გარე ნაწილებს და თანდათანობით აუწყლოებს.

გარდა ამისა, ერთ-ერთ საწოლში აღმოაჩინეს ქაფურის ბუჩქი (Tarchonanthus camphoratus), რომელსაც სამხრეთ აფრიკაში დღემდე იყენებენ მწერებისგან თავის დასაცავად.

„ზოგან საწოლის ნაცრის საძირკველი წარმოადგენდა უფრო ძველი ბალახის ლოგინის ნარჩენს, რომელსაც მღვიმის გასასუფთავებლად და მწერების მოსაგერიებლად წვავდნენ. ზოგ შემთხვევაში კი საწოლის საძირკველ ფენად გამოყენებულია ნახანძრალი ადგილებიდან მოტანილი ხის ნაცარი“, — ამბობს უედლი.

აქამდე ცნობილი უძველესი საწოლი ასევე სამხრეთ აფრიკაში, სიდუბუს კლდის თავშესაფარშია აღმოჩენილი და არის 77 000 წლის წინანდელი. იქაც გამოყენებულია ნაცარი და არომატული მცენარეები, რომლებიც ინსექტიციდური თვისებებით არის ცნობილი.

ბორდერის მღვიმეში შეიმჩნევა ადამიანთა შრომის კიდევ ერთი მტკიცებულება — საწოლებში აღმოაჩინეს ქვის ნაფხვენები, რაც მათი გათხრისას გამოყენებული ქვის იარაღების ნამტვრევებია.

ასევე საინტერესოა იყოს წითელი და ნარინჯისფერი ჟანგმიწის პატარა ნაწილაკები. ისინი ხანდახან მღვიმის კედლებიდან ცვივა და როგორც წესი, წვეტიანი ფორმები აქვს. ლოგინებში აღმოჩენილი ასეთი ნამსხვრევები მომრგვალებულია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ისინი წოლის დროს კანთან ან სხვა ობიექტებთან ხახუნით არის გაცვეთილი.

ეს ყველაფერი შთამბეჭდავ სურათს ხატავს. ამ ნამარხი საწოლებით ვიგებთ, რომ ადრეული ადამიანები ჟანგმიწას დეკორაციისთვის იყენებდნენ; სახლს კერიის ირგვლივ იწყობდნენ; იცოდნენ საწოლის გასაკეთებლად საუკეთესო ადგილები; საწოლებს ხანდახან სავარაუდოდ იყენებდნენ სამუშაო ადგილებადაც; და იცოდნენ, როგორ მოეგერიებინათ აბეზარი მწერები.

აღმოჩენა არა მხოლოდ იმაზე მოგვითხრობს, თუ როგორ ცხოვრობდნენ ჩვენი ადრეული წინაპრები, არამედ, როგორც მკვლევრები წერენ, მიუთითებს კოგნიტურ, ქცევით და საზოგადოებრივ კომპლექსურობაზეც, რაც როგორც წესი, უფრო ახალგაზრდა ძეგლებზე გვხვდება.

„ჩვენი კვლევა აჩვენებს, რომ 200 000 წლის წინ, ჩვენი სახეობის წარმოშობის მიჯნაზე, ხალხმა იცოდა ცეცხლის დანთებაც; ამავე დროს, ისინი იყენებდნენ ამ ცეცხლს, ნაცარს და სამკურნალო მცენარეებს მწერებისგან თავის დასაცავად. ასეთ სტრატეგიებს უნდა ჰქონოდა სარგებელი ჯანმრთელობაზე, რამაც ეს ადრეული საზოგადოებები დააწინაურა“, — ამბობს იოჰანესბურგის ვიტვატერსრანდის უნივერსიტეტის არქეოლოგი ლინ უედლი.

კვლევა ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.