კოლუმბიელი მოკრივე ელეიდერ ალვარესი WBO-ის ვერსიით ნახევრადმძიმე წონაში მსოფლიოს ახალი ჩემპიონია. ატლანტიკ-სიტიში მან კარიერაში მთავარ გამარჯვებას მიაღწია, როცა რუსი სერგეი კოვალიოვი ნოკაუტში გაუშვა.
ბრძოლის ბედი მეშვიდე რაუნდში გადაწყდა. ალვარესმა კოვალიოვი თავში მარჯვენა დარტყმით ნოკდაუნში გაუშვა. რუსი დაეცა და მართალია, წამოდგომა მოახერხა, თუმცა მალე ისევ ორჯერ აღმოჩნდა რინგზე და რეფერიმ ბრძოლა შეწყვიტა.
ალვარესისთვის ეს იყო პირველი ტიტული პროფესიულ კარიერაში. სულ მის ანგარიშზე 24 ბრძოლაში 24 მოგებაა.
35 წლის კოვალიოვმა ბოლო 5 ბრძოლაში მესამედ წააგო. წინა ორი მარცხი ამერიკელ ანდრე უორდთან ჰქონდა.