1 დეკემბერს, ლოს ანჯელესში წლის ბრძოლა გაიმართება - უაილდერი vs ფიური
1 დეკემბერს, ლოს ანჯელესში წლის ბრძოლა გაიმართება - უაილდერი vs ფიური

​1 დეკემბერს, ლოს ანჯელესის „სტეიპლ ცენტრში“ წლის ერთ-ერთი მთავარი საკრივო ორთაბრძოლა გაიმართება. ერთმანეთს სუპერმძიმე წონით კატეგორიაში WBC-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონი, ამერიკელი დეონტეი უაილდერი და ბრიტანელი ყოფილი ჩემპიონი ტაისონ ფიური ხვდებიან.

ტაისონ ფიურიმ 2016 წლის იანვარში სენსაციურად დაამარცხა უკრაინელი ვლადიმირ კლიჩკო და სამი ვერსიით (WBA, WBO, IBF) მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ეს მისი კარიერის მწვერვალი იყო, მაგრამ შემდეგ ტიტულები დაკარგა იმის გამო, რომ დეპრესიაში ჩავარდა, ალკოჰოლსა და ნარკოტიკებს მიეძალა და საბოლოოდ, საკრივო ლიცენზიის გარეშე დარჩა.

30 წლის ფიური მხოლოდ წელს დაბრუნდა რინგზე, ორ ნაკლებად ცნობილ მეტოქეს მოუგო და ახლა, ჩემპიონის ტიტულის დაბრუნებას ეცდება. თუმცა, ხანგრძლივი სპორტული უმოქმედობის გამო, ბრიტანელის საბრძოლო ფორმის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი.

33 წლის უაილდერი თანამედროვე სუპერმძიმე წონის ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავია. მან WBC-ის ტიტული 2015 წლის იანვარში მოიპოვა და მას შემდეგ, საჩემპიონო ქამრის შვიდი წარმატებული დაცვა ჰქონდა. ბოლო ბრძოლა უაილდერმა ამა წლის მარტში ჩაატარა, როცა მეათე რაუნდში სახიფათო და დაუმარცხებელ კუბელს, ლუის ორტისს მე-10 რაუნდში მოუგო.

პროფესიულ რინგზე ორივე მოკრივე წაუგებელია: ტაისონ ფიურის 27-დან 27 მოგება აქვს, აქედან 19 ნოკაუტით. უაილდერი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ნოკაუტერია – მან 40 ბრძოლიდან ყველა მოიგო, აქედან 39 ნოკაუტის მეშვეობით.

გამარჯვების შემთხვევაში, უაილდერი 2019 წელს სუპერმძიმე კატეგორიის მეორე ვარსკვლავს, ბრიტანელ ენტონი ჯოშუას შეხვდება, რომელიც WBC-ის გარდა, ყველა პრესტიჟულ საჩემპიონო ქამარს ფლობს. სწორედ ამ ბრძოლაში უნდა გამოვლინდეს სუპერმძიმე წონაში აბსოლუტური ჩემპიონი, რაც ლეგენდარული ბრიტანელის ლენოქს ლუისის შემდეგ არ მომხდარა.