საულ ალვარესმა კოვალიოვს ნოკაუტით მოუგო და მეოთხე ტიტული მოიპოვა (ვიდეო)
საულ ალვარესმა კოვალიოვს ნოკაუტით მოუგო და მეოთხე ტიტული მოიპოვა (ვიდეო)

ლას ვეგასში MGM Grand Arena-ზე უქმეების მთავარი ორთაბრძოლა გაიმართა. ნახევრადმძიმე წონაში სატიტულო ბრძოლა ჩაატარეს მექსიკელმა საულ ალვარესმა და რუსმა სერგეი კოვალიოვმა.

ალვარესისთვის ეს იყო ახალი წონითი კატეგორია, ამიტომაც, მექსიკელმა ბრძოლა ფრთხილად დაიწყო და ძირითადად, მეტოქის კორპუსს ეძებდა დასარტყმელად, რუსი კი ჯებით მუშაობდა.

მეხუთე რაუნდიდან ალვარესმა სისწრაფეს მოუმატა, მაგრამ არც ამჯერად ჩქარობდა მოვლენათა ფორსირებას. მან იცოდა, რომ მეტოქე 36 წლის იყო, თან ბოლო ბრძოლა კოვალიოვს ორი თვის წინ ჰქონდა ჩატარებული. ამიტომაც, გვიან რაუნდებში რუსს დაღლა აუცილებლად დაეტყობოდა.

მართლაც, მეცხრე რაუნდიდან კოვალიოვს უკვე უჭირდა მექსიკელის შეკავება და სულ უფრო ხშირად შედიოდა კლინჩში. ალვარესმა კიდევ უფრო აქტიურად დაიწყო მუშაობა და საბოლოოდ, მე-11 რაუნდი აღმოჩნდა გადამწყვეტი: რუსმა მარცხენა ჰუკი გაატარა, ოდნავ დაიბნა და მექსიკელმა იქვე ნოკაუტში გაუშვა მოწინააღმდეგე – კოვალიოვი ბაგირებთან დაეცა და რეფერიმ მაშინვე დაასრულა ბრძოლა.

სხვათა შორის, ბრძოლის შეწყვეტის მომენტში ალვარესს ქულებით მცირე უპირატესობა ჰქონდა: ორი მსაჯი მას ანიჭებდა უპირატესობას – 96:94 და ერთ მსაჯს კი ფრე ჰქონდა დაფიქსირებული.

საულ ალვარესმა უკვე მეოთხე წონით კატეგორიაში მოიპოვა ტიტული, კოვალიოვი კი ძლივს წამოდგა, რადგან ფეხები არ ემორჩილებოდა.