როგორ იწყებოდა ლეგენდა - 16 წლის წინ, როჯერ ფედერერი და რაფაელ ნადალი ერთმანეთს პირველად შეხვდნენ
როგორ იწყებოდა ლეგენდა - 16 წლის წინ, როჯერ ფედერერი და რაფაელ ნადალი ერთმანეთს პირველად შეხვდნენ

„მახსოვს, უკვე ნომერ პირველი ჩოგანი ვიყავი, როცა რაფა ჯერ კიდევ იწყებდა ტურში თამაშს. ის მაშინ კარგი იყო, არა ისეთი, როგორიც დღეს არის“, – თქვა ერთი წლის წინ როჯერ ფედერერმა ინდიან უელსის ცენტრალურ კორტზე და 16-ათასიანმა სტადიონმა სიცილი დაიწყო. შემდეგ კი ყველა ერთად დანაღვლიანდა, როცა შვეიცარიელმა აღნიშნა, რომ დღეს მათი თითოეული მატჩი შეიძლება ბოლო გახდეს პროფესიულ ტურში.

წელს, მაიამის „მასტერსზე“ უნდა აღენიშნათ ფედერერისა და რაფაელ ნადალის დიადი დაპირისპირების დაწყების 16 წელი. ამ დუელში თანამედროვეობის ყველაზე ტიტულოვან ჩოგბურთელს ერთნახევარჯერ ნაკლები მოგება აქვს. 13 მატჩში საქმე მივიდა გადამწყვეტ სეტამდე, 14-ჯერ ითამაშეს ფინალში, ცხრაჯერ – „დიდი სლემის“ ტურნირების ფინალში.

2004 წლის გაზაფხულიდან მოყოლებული, ნადალისა და ფედერერის დაპირისპირებამ მასშტაბითა და ლეგენდარულობით გაუსწრო ბორგისა და მაკინროის ან მაკინროის და ლენდლის ან კიდევ აგასისა და სამპრასის დაპირისპირებებს. დროთა განმავლობაში, ლეგენდების ამ დავაში ჩაერია ნოვაკ ჯოკოვიჩი და ახლა, ფედერერსაც და ნადალსაც უფრო მეტი მატჩი დაუგროვდათ სერბთან, ვიდრე ერთმანეთთან(50 და 55), მაგრამ საჩოგბურთო კლასიკად მაინც „ფედალი” რჩება.

* * *

2004 წლის მარტში, 22 წლის ფედერერი მაიამიში ავსტრალიის ღიასა და ინდიან უელსის „მასტერსზე“ სადებიუტო გამარჯვებების შემდეგ ჩავიდა. ასევე მან მეორედ მოიგო დუბაის ტურნირი. როჯერს 12-მატჩიანი მოგებათა სერია ჰქონდა, ასევე ბოლო 29 მატჩში 28 მოიგო. სულ რაღაც ერთი თვით ადრე, როჯერი მსოფლიოს პირველი ჩოგანი გახდა – მან პირველი ადგილი წაართვა აშშ-ის ღიას ჩემპიონ ენდი როდიკს. ამ უკანასკნელმა 21 წლის ასაკში, 2003 წელს საუკეთესო სეზონი ჩაატარა (მოიგო ექვსი ტიტული ყველა საფარზე, მათ შორის, ორი „მასტერსი” და „დიდი სლემი”). მძლავრი როდიკი, მეომარი ლეიტონ ჰიუიტი, მუდმივად მებრძოლი დავიდ ნალბანდიანი იმ თაობაში ფედერერის მთავარ კონკურენტებად მიიჩნეოდნენ.

რაფაელ ნადალი17 წლის იყო და მაიამის „მასტერსის“ ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე გახლდათ. ერთი წლით ადრე, ის ძირითად ტურშიც კი არ თამაშობდა. წინა გაზაფხულზე მან პირველად გაიარა ATP-ის ტურნირის კვალიფიკაცია და მონტე კარლოს გრუნტზე დაამარცხა როლან გაროსის ჩემპიონი ალბერტ კოსტა. მაშინ მალიორკელი თინეიჯერის დებიუტი როლან გაროსზე იდაყვის ტრავმის გამო არ შედგა, მაგრამ წლის ბოლომდე TOP50-ში შევიდა, 2004 წლის პირველ სამ თვეში – TOP40-ში. ფედერერი მოგვიანებით იტყვის, რომ რაფასთან პირველ შეხვედრამდე, უკვე ბევრი რამ ჰქონდა მასზე გაგებული (ორი კვირით ადრე, ინდიან უელსში მასთან წყვილებში წააგო). „გარდიანის“ რეპორტიორმა დაწერა, რომ შვეიცარიელი ჯერ კიდევ ტურნირამდე უწინასწარმეტყველებდა ესპანელს რეიტინგის ლიდერობას. მისი აზრით, ეს დაახლოებით სამ წელიწადში უნდა მომხდარიყო.

ინდიან უელსის „მასტერსის” ფინალში ტიმ ჰენმანის წინააღმდეგ, ფედერერმა მზის დარტყმა მიიღო და ფლორიდაში თავს კარგად ვერ გრძნობდა. სასტარტო მატჩში მან ძლივს მოუგო ნიკოლაი დავიდენკოს, ნადალმა კი, რომელიც ბოლო მომენტში მოხვდა ძირითად ბადეში, გორან ივანიშევიჩს სძლია, რომელიც ბოლო სეზონს ატარებდა. ფედერერი არ იყო იდეალურ მდგომარეობაში, მაგრამ უტიტულო დებიუტანტთან მატჩში მის წინააღმდეგ ფსონის დადება, სიგიჟე იყო. მატჩი 70 წუთი გაგრძელდა. ნადალმა მოიგო – 6:3, 6:3.

ნადალმა სამჯერ აიღო ფედერერის მოწოდება, საკუთარ გეიმებში მას ერთი ბრეიკ-პოინტიც არ მისცა (პირველი მოწოდებით ქულების 81 პროცენტი აიღო). რაფამ შვეიცარიელის განიარაღება ტოპსპინით (დარტყმა ქვემოდან ზემოთ, როცა ბურთს ძლიერად ატრიალებენ) შეძლო, რომელიც მალე ლეგენდარული გახდა, თავგანწირვით იცავდა თავს, შთამბეჭდავად უტევდა და ბადესთან 14 გასვლიდან 13 ქულა აიღო, მათ შორის, მატჩბოლზე. ნადალი აღმაფრენით და უშიშრად თამაშობდა და ამას აკეთებდა თავის პირველ მატჩში რეიტინგის ნომერ პირველი ჩოგბურთელის წინააღმდეგ. გრძელთმიანმა 17 წლის ბიჭმა, რომელიც რეპორტიორებს ჯერ კიდევ თარჯიმნის მეშვეობით ელაპარაკებოდა, უკვე იმ საღამოს აჩვენა, რომ ყველა დროის უდიადესი მოთამაშის მთავარი მეტოქე, მომთვინიერებელი და მეგობარი იქნებოდა.

მომდევნო წრეში ნადალმა წააგო ფერნანდო გონსალესთან, ტურნირი კი ენდი როდიკმა მოიგო. ევროპულ გრუნტზე რაფამ ისევ მიიღო ტრავმა და ისევ ვერ შეძლო დებიუტი საფრანგეთის ღიაზე, მაგრამ სეზონის ბოლოს TOP35-ში შევიდა და მოიგო ATP-ის პირველი ტიტული, 2005 წელს კი ვარსკვლავი გახდა, 11 ტურნირზე გაიმარჯვა, მათ შორის სადებიუტო როლან გაროსზე.

ფედერერი 2004 წელს სეზონში იცავდა უიმბლდონს და შემაჯამებელ ტურნირს და პირველად მოიგო აშშ-ის ღია, რეიტინგის პირველი ადგილიდან კი მომდევნო ოთხი წელი არ ჩამოდიოდა, სანამ ლიდერობა არ დაუთმო ნადალს. ამ პერიოდში მან და რაფამ მოიგეს „დიდი სლემის“ ზედიზედ 11 ტიტული (ორ წელიწადზე მეტი, მთავარ მთავარ საჩოგბურთო ტურნირებყს ორი ადამიანი იგებდა).

* * *

შემდეგ ჯერზე ფედერერი და ნადალი ზუსტად ერთი წლის თავზე შეხვდნენ ერთმანეთს, ისეთ მაიამიში – ოღონდ უკვე ფინალში. მაშინ „მასტერსის“ ფინალები ხუთსეტიანი იყო და როჯერმა გმირულად მოიგო პირველი ორი სეტის წაგების შემდეგ – 2:6, 6:7(4), 7:6(5), 6:3, 6:1. მოგვიანებით, როჯერმა ამ მატჩს თავის კარიერაში გარდამტეხი მომენტი უწოდა:

„ის ზედიზედ აჯენდა ხაზზე თავის ფორჰენდებს, მაგრამ მე მაინც ვინარჩუნებდი კონცენტრაციას ოთხი საათის განმავლობაში, არ ამოვვარდი თამაშიდან. იმ მატჩმა მასწავლა, რომ არ უნდა დავნებდე. მაშინ საკუთარ თავს და ჩემს გუნდს დავანახე, რომ ბრძოლა შემიძლია“.

სულ მათ 40 მატჩი აქვთ ერთმანეთში ჩატარებული. ფედერერი ამ დაპირისპირებაში წინ არასოდეს ყოფილა (ერთხელ იყო ფრე – 1:1) და ნადალი ყოველთვის დიდი მანძილით იყო დაწინაურებული. 2014 წელს, ავსტრალიის ღიას ნახევარფინალში გამარჯვების შემდეგ, ესპანელი 23:10-ს უგებდა შვეიცარიელს. თუმცა, მომდევნო ექვს წელიწადში ჩატარებულ შვიდ მატჩში როჯერმა 6:1 მოიგო და დღეს ამ ლეგენდარული დაპირისპირების ანგარიშია – 24:16 რაფას სასარგებლოდ.