ერთა ლიგა | უკრაინა საქართველოს ნაკრებს პოლონეთში აღარ უმასპინძლებს #1TVSPORT
ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრები უკრაინის ეროვნულ ნაკრებს პოლონეთში აღარ ესტუმრება, როგორც ეს წინა შესარჩევ ციკლში მოხდა. ჩვენი მეტოქე კრაკოვში მატჩების ჩატარებას ვეღარ შეძლებს – ინფორმაციას გამოცემა Meczyki ავრცელებს.
Meczyki.pl-ის ცნობით, უკრაინის ფეხბურთის ასოციაციამ განიხილა საშინაო მატჩების კრაკოვში, ჰენრიკ რეიმანის სახელობის სტადიონზე ჩატარების შესაძლებლობა, სადაც „ვისლა“ თამაშობს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ მხარეები ორი ძირითადი ფაქტორის გამო ვერ შეთანხმდნენ. პირველი იყო სტადიონზე საერთაშორისო მატჩების მასპინძლობასთან დაკავშირებული ორგანიზაციული სირთულეები; მეორე – მოედნის ცუდი მდგომარეობა, რაც ამ დონის მატჩების მასპინძლობას შეუძლებელს ხდიდა.
ამჟამად, ერთა ლიგაზე უკრაინის საშინაო მატჩების მასპინძელი სტადიონი უცნობია.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის ნაკრები ტურნირის პირველ საშინაო მატჩს 2 ოქტომბერს ჩრდილოეთ ირლანდიის წინააღმდეგ ჩაატარებს, საქართველოს კი ბოლო ტურში, 17 ნოემბერს უმასპინძლებს.
უკრაინაში საერთაშორისო მატჩები საომარი მდგომარეობის გამო ვერ ტარდება. ამის გამო „ჯვაროსნებმა“ ერთა ლიგის 2024-25 სეზონის გათამაშებაში უკრაინასთან გასვლითი შეხვედრა პოზნანის სტადიონ „მიეისკიზე“ გამართეს.