ფრანგული გამოცემა - დავითაშვილის ტრანსფერზე „სენტ-ეტიენს“ „ბენფიკამ“ მიმართა #1TVSPORT
ზურიკო დავითაშვილი ზაფხულის სატრანსფერო „ფანჯარაზე“ „სენტ-ეტიენს“ დატოვებს – ინფორმაციას ფრანგული ინტერნეტგამოცემა Butfootballclub-ი ავრცელებს.
„დავითაშვილი ტრანსფერის მსურველების ნაკლებობას არ განიცდის. სხვადასხვა ინფორმაციით, მისი გადაბირება სურთ „რენს“, „ბენფიკას“, „ჰოფენჰაიმს“, „ბეშიქთაშს“, „ფენერბაჰჩეს“ და „პანათინაიკოსს“.
მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულის სატრანსფერო „ფანჯარა“ ოფიციალურად 15 ივნისს იხსნება, როგორც ჩანს, ერთმა კლუბმა გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმა უკვე სცადა – საუბარია ლისაბონის „ბენფიკაზე“.
დავითაშვილის ამჟამინდელი სატრანსფერო შეფასება (Transfermarkt-ის მიხედვით 12 მილიონი ევრო) „სენტ-ეტიენის“ მიერ 2024 წლის ზაფხულში გადახდილ საფასურს ორჯერ აღემატება. ქართველი ფეხბურთელის გაყიდვამ ფრანგულ გუნდს, შესაძლოა, ზაფხულში დიდი მოგება მოუტანოს“, – წერია ფრანგულ გამოცემაში.
პორტუგალიელი ჟურნალისტი ლუის პინტო კოელიო კი ამტკიცებს, რომ ლისაბონის კლუბი არა მხოლოდ დაინტერესდა ქართველი ვინგერით, არამედ „სენტ-ეტიენთან“ ტრანსფერზე მოლაპარაკებებსაც აწარმოებს.
„სენტ-ეტიენში“ ქართველმა ლეგიონერმა ყველა ტურნირზე 33 მატჩი ჩაატარა და ანგარიშზე 16 გოლი და 5 საგოლე გადაცემა ჩაიწერა, სეზონის ბოლოს კი ლიგა 2-ის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.