რებეკა ჰარმსი - მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთისთვის გადაცემით საქართველომ რეპუტაცია არ უნდა გაიფუჭოს
რებეკა ჰარმსი - მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთისთვის გადაცემით საქართველომ რეპუტაცია არ უნდა გაიფუჭოს

მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთისთვის გადაცემით საქართველომ საკუთარი რეპუტაცია არ უნდა გაიფუჭოს, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რებეკა ჰარმსმა გლდანის ციხის დატოვების შემდეგ მედიას განუცხადა. მან ციხეში მუსტაფა ემრე ჩაბუქი უკვე მეორედ მოინახულა.

წინასაექსტრადიციო პატიმრობაში მყოფ ჩაბუქთან საუბრის შემდეგ, ევროპარლამენტარმა მედიასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ ღრმადაა დარწმუნებული მის უდანაშაულობაში.

„მუსტაფა ემრე ჩაბუქის სანახავად ეს ჩემი მეორე ვიზიტი იყო ციხეში. გულნატკენი ვარ იმით, რომ ის კვლავ ციხეშია. აქ გასული წლის ივლისში ვიყავი, ახლა კი 2018 წლის თებერვალია. მისი საქმე კვლავ განხილვის პროცესშია. მე აქ ვარ, როგორც სტუმარი ევროპარლამენტიდან. დარწმუნებული ვარ, რომ ის არ უნდა იყოს ციხეში. რაც უფრო მეტს ვესაუბრები მის მეგობრებს, კოლეგებსა და მოსწავლეების მშობლებს, ვრწმუნდები, რომ ისაა მასწავლებელი და არა ტერორისტი. მე უნდობლობას ვუცხადებ ყველა ბრალდებას მის წინააღმდეგ და იმედი მაქვს, რომ მისი ექსტრადირება თურქეთში არ მოხდება“, – აღნიშნა თბილისში ვიზიტით მყოფმა ევროპარლამენტარმა.

ჰარმსის თქმით, ჩაბუქის საქმის კვლევისას აღმოაჩინა, რომ ის საქართველოში რთულ პერიოდში, რუსეთთან ომის შემდეგ ჩამოვიდა და ორგანიზება გაუწია დემირელის სკოლაში თავშესაფრის მოწყობას. ევროპარლამენტარის თქმით, ჩაბუქი განათლებას მშვიდობის მიმართულებით გასცემდა. რებეკა ჰარმსის განცხადებით, ჩაბუქის აღნიშნული საქმიანობა აძლევს საფუძველს, იფიქროს, რომ ის პერსონალური და პროფესიული ღირსების გამო უნდა დაიცვან, მათ შორის თურქეთის სასამართლოსგანაც.

„ვფიქრობ, არ ვამეტებ, როცა ვამბობ,რ ომ მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში დაბრუნება პირდაპირ ციხეში წასვლას ნიშნავს. თურქეთში მას სამართლიანი განაჩენის არანაირი შანსი არ ექნება. იმ ადამიანებს, ვისაც თურქეთში გიულენისტებს ეძახიან, სამართლიანი სასამართლოს იმედი არ აქვთ, მათ შორის ძალიან ცნობილ მწერლებს, ინტელექტუალებსა და ჟურნალისტებსაც, ვისაც ბრალი წაუყენეს“, – აღნიშნა ჰარმსმა და
თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლოში არსებულ კრიზისზე ისაუბრა.

ჰარმსმა პირველი არხის კითხვასაც უპასუხა იმის შესახებ, თუ რა იქნება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან საუკეთესო ნაბიჯი იმ პირობებში, როდესაც ერთი მხრივ, არასამთავრობო ორგანიზაციები, ოპოზიცია და ევროპარლამენტი ექსტრადირებაზე უარის თქმისკენ მოუწოდებენ, მეორეს მხრივ კი სტრატეგიული პარტნიორი მისგან ქმედით ნაბიჯებს ელის.

„მე ბევრი გავიგე საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული ღრმა და ხანგრძლივი ურთიერთობების შესახებ. ეს ურთიერთობები რეგიონში წლების განმავლობაში იზრდებოდა. მე ვერ უარვყოფ ამ ურთიერთობების აუცილებლობას, მაგრამ გეტყვით, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქის მსხვერპლშეწირვა არაა აუცილებელი პირობა თურქეთთან კარგი ურთიერთობებისთვის. ჩაბუქის თურქეთში დაბრუნებით საქართველომ არ უნდა გაიფუჭოს საკუთარი რეპუტაცია, როგორც მზარდ დემოკრატიულ პროცესში მყოფმა ქვეყანამ“, – უპასუხა კითხვას ჰარმსმა.

შეგახსენებთ, რომ დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი 2017 წლის 24 მაისს საქართველოში თურქეთის მოთხოვნით დააკავეს. მას ბრალად იმ ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედება, რომელიც, თურქეთის ხელისუფლების აზრით, ფეთჰულა გიულენთანაა კავშირი. გიულენს კი ერდოღანი თურქეთში გადატრიალების მოწყობაში ადანაშაულებს.

უსტაფა ემრე ჩაბუქი ამ დრომდე წინასაექსტრადიციო პატიმრობაში იმყოფება.