რებეკა ჰარმსი - საქართველო ევროკავშირთან ასოცირებულ დაწინაურებულ ქვეყნად მიიჩნევა
რებეკა ჰარმსი - საქართველო ევროკავშირთან ასოცირებულ დაწინაურებულ ქვეყნად მიიჩნევა

საქართველო ევროკავშირთან ასოცირებულ დაწინაურებულ ქვეყნად მიიჩნევა – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რებეკა ჰარმსმა უკრაინაში რიგით მეორე საპარლამენტთაშორისო კონფერენციაზე – „საქართველო, მოლდოვა და უკრაინა: რეგიონული და უსაფრთხოების თანამშრომლობის საპარლამენტთაშორისო კომპონენტის განმტკიცება ევროკავშირთან და ნატოსთან ურთიერთქმედების განვითარებით“ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში მიმდინარე მოვლენები, მათ შორის პროტესტი, აჩვენებს, რომ საქართველომ ბევრს მიაღწია, თუმცა მას აქვს საშინაო გამოწვევები.

„ევროპული ინსტიტუტებისთვის, მათ შორის ევროპარლამენტის დისკუსიებში, საქართველო ევროკავშირთან ასოცირებულ დაწინაურებულ ქვეყნად მიიჩნევა. ვფიქრობ, საქართველოში მიმდინარე მოვლენები, მათ შორის პროტესტი, აჩვენებს, რომ საქართველომ მიაღწია ბევრს, თუმცა მას აქვს საშინაო გამოწვევები.

მინდა, მივულოცო იმ პოლიტიკოსებს, რომლებმაც პროტესტის ირგვლივ ქუჩაში მდგომ მოქალაქეებთან დისკუსია არჩიეს უბრალოდ პროტესტის ჩახშობას.

ევროკავშირისთვის ახლა რეალურად პრობლემა არა საქართველო, არამედ თავად ევროკავშირია. 2004 წელს ევროკავშირის გაფართოების შემდეგ ნათელი გახდა სხვაობები გაერთიანების წევრი აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქვეყნებს შორის. თქვენ იცით ბატონი ორბანისა თუ ბატონი კაჩინსკის შესახებ. ვფიქრობ, ევროკავშირს ახლა სტაბილიზაცია სჭირდება, ვიდრე სამომავლო გაფართოვებას შევძლებდეთ. თუმცა, თუ ასოცირებული წევრები განაგრძობენ ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციასა და ევროკავშირთან დაახლოებას, ვერავინ შეძლებს, კარი მიუხუროს ამ ქვეყნებს“, – განაცხადა ჰარმსმა.

მისივე განცხადებით, რუსეთი ამ გზას საერთოდ აცდენილია და არ არსებობს პოლიტიკური ძალა, რომელიც ქვეყანას ევროკავშირისკენ მიიყვანდა.