როდესაც იუტის შტატის ერთ-ერთ უდაბნოში იდუმალი მონოლითი უცბად არსაიდან გაჩნდა, ალბათ იფიქრეთ, რომ არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენამდე ერთი ნაბიჯი გვაშორებდა. 2020 წელს არანაირი მწვანე კაცუნა არ გვინახავს, მაგრამ ამ წელმა ასტრონომები არამიწიერი სიცოცხლის პოვნასთან კიდევ უფრო ახლოს მიიყვანა. მზის სისტემის სხვადასხვა ადგილას ორგანული მოლეკულების დაფიქსირებით დაწყებული და სწრაფ რადიოსიგნალთა წყაროს ბოლოსდაბოლოს გარკვევით დამთავრებული, წარმოგიდგენთ არამიწიერი სიცოცხლის შესახებ წელს გაკეთებულ მნიშვნელოვან აღმოჩენებს.
ვენერას ღრუბლებში შეიძლება არამიწიერი სიცოცხლე იმალებოდეს
სექტემბერში, ვენერა ყველაზე პოპულარული პლანეტა გახდა, როდესაც მეცნიერებმა მის ატმოსფეროში ფოსფინის მოლეკულების შესაძლო კვალი აღმოაჩინეს. დედამიწაზე ფოსფინი (შედგება ფოსფორის ერთი და წყალბადის სამი ატომისგან) ძირითადად დაკავშირებულია ბაქტერიებთან, რომლებიც ჟანგბადს არ სუნთქავენ და ადამიანის საქმიანობასთან. ეს მოლეკულები ბუნებრივად იწარმოება გაზის გიგანტ პლანეტებში, მაგრამ არ გაგვაჩნია რაიმე კარგი მიზეზი, რატომ უნდა იყოს ეს აირი ისეთ ცხელ და ჯოჯოხეთურ პლანეტაზე, როგორიც ვენერაა. შესაბამისად, მეცნიერებს შორის გაჩნდა მოსაზრება, რომ პლანეტის ღრუბლებში შეიძლება არსებობდნენ გარკვეული მიკრობები, რომლებიც მას გამოყოფენ.
თუმცა, ეს ნაკლებად სავარაუდოა…
როგორი ამაღელვებელიც არ უნდა იყოს, ფოსფინის აღმოჩენას სამეცნიერო საზოგადოებაში დიდი სკეპტიციზმით შეხვდნენ. ჯერ დაზუსტებით ისიც არ არის გარკვეული, საერთოდ დაფიქსირდა თუ არა ვენერაზე ფოსფინი; მკვლევართა ჯგუფის დაკვირვებები შეიცავდა იმდენ „ხმაურს“, რომ როგორც ასტრონომი ჯონ კარპენტერი აცხადებს, ფოსფინის ქიმიურ ხელწერას შეიძლება შემთხვევით მიბაძა რაღაც სხვამ.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ მონაცემები სწორია, გლაზგოს უნივერსიტეტის ქიმიკოსი ლი კრონინი ამბობს, რომ ფოსფინი შეიძლება ძალიან მარტივად წარმოიქმნას გარკვეულ გეოლოგიურ პროცესთა შედეგად, ყოველგვარი სიცოცხლის გარეშე. პროცესები, რომლებიც ფორმას აძლევს ვენერას გადაბუგულ ზედაპირსა და ცას, დიდწილად უცნობია; შესაბამისად, აუხსნელი მოლეკულის ერთი კვალი საკმარისი მტკიცებულება არ გახლავთ, რომ იქ სიცოცხლე არსებობს. ამ ქიმიური ამოცანის ამოსახსნელად საჭიროა საფუძვლიანი კვლევა.
ჩვენს გალაქტიკაში შეიძლება 36 არამიწიერი ცივილიზაცია არსებობდეს
რამდენი გონიერი არამიწიერი ცივილიზაცია შეიძლება იმალებოდეს ირმის ნახტომის ასობით მილიარდ ვარსკვლავს შორის? The Astrophysical Journal-ში ივნისში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, 36.
როგორ მიიღეს მკვლევრებმა ეს რიცხვი? არამიწიერი ცივილიზაციების შესახებ ათწლეულების წინ გაჩენილი დრეიკის განტოლების ახალი ფორმულირებით. სახელი ასტრონომ ფრენკ დრეიკის პატივსაცემად ეწოდა, რომელმაც ეს განტოლება პირველად 1961 წელს წარმოადგინა. განტოლება ცდილობს გამოიცნოს, რამდენი არამიწიერი ცივილიზაცია შეიძლება იყოს ჩვენს გალაქტიკაში და ამისათვის იყენებს ისეთ ცვლადებს, როგორებიც არის ვარსკვლავთა წარმოქმნის საშუალო მაჩვენებელი, იმ ვარსკვლავთა პროცენტი, რომელთა გარშემოც პლანეტები წარმოიქმნება და იმ პლანეტათა პროცენტული თანაფარდობა, რომლებსაც სიცოცხლისთვის შესაფერისი მასალები აქვთ. ამ ცვლადების უმეტესობა ჯერ კიდევ უცნობია, მაგრამ ახალი კვლევის ავტორებმა მათი გადაჭრა ვარსკვლავების ფორმაციისა და ეგზოპლანეტების შესახებ ამჟამად არსებული უახლესი ინფორმაციის გამოყენებით სცადეს.
შედეგი? ირმის ნახტომში უნდა იყოს ზუსტად 36 ისეთი პლანეტა, რომლებზეც შესაძლებელია დედამიწის მსგავსი გონიერი სიცოცხლის არსებობა. თუმცა, მიუხედავად ასეთი გათვლებისა, ალბათ ჯერ კიდევ დიდი დრო რჩება იქამდე, ვიდრე რომელიმე გონიერ გალაქტიკურ მეზობელს შევხვდებით. ამავე კვლევის მიხედვით, გალაქტიკის ამ 36 ცივილიზაციათაგან, თითოეულს შორის საშუალო მანძილი 17 000 სინათლის წელი უნდა იყოს.
1000-ზე მეტი ვარსკვლავიდან შეიძლება გვიყურებდნენ
გვიპოვნიან თუ არა ისინი იქამდე, ვიდრე ჩვენ ვიპოვნით? შეიძლება ამას მოვესწროთ კიდეც, გამორიცხული არაფერია.
თუმცა, მაშინ, როდესაც ჩვენ ასე ვნადირობთ უცხო პლანეტებზე, ნადირობენ თუ არა ისინიც ჩვენზე? სწორედ ეს კითხვა იყო ოქტომბერში გამოქვეყნებული კვლევის მოტივი, რომელშიც ასტრონომებმა გამოიანგარიშეს იმ ვარსკვლავურ სისტემათა რაოდენობა, რომლებსაც პირდაპირი ხედვის ხაზი აქვთ დედამიწაზე, ანუ, იქიდან შეიძლება გვხედავდნენ.
მკვლევართა ჯგუფის გათვლებით, დაახლოებით 1000 ვარსკვლავიდან ჩვენგან 300 სინათლის წლის რადიუსში, შეიძლება დაინახონ ჩვენი პლანეტა, თუკი ის მათ ადგილმდებარეობასა და მზეს შორის გაივლის. ამ მომენტში, იქაური ასტრონომები ჩვენს მზეში ოდნავ ჩაბნელებას შენიშნავდნენ, ზუსტად ისე, როგორც ჩვენ აღმოვაჩინეთ ათასობით ეგზოპლანეტა; ამას ტრანზიტის მეთოდი ეწოდება. გარდა ამისა, თუ ამ უცხოპლანეტელ ასტრონომებს ჩვენნაირი ტექნოლოგიები აქვთ, მათ შეეძლებათ დედამიწის ატმოსფეროში დააფიქსირონ მეთანისა და ჟანგბადის კვალიც, რაც სიცოცხლის პოტენციური სიგნალი იქნება.
სწრაფ რადიოსიგნალებს (FRB) არამიწიერი ცივილიზაციები არ აგზავნიან (სულ მცირე, ამ დროისთვის დაფიქსირებულებს)
სწრაფი რადიოსიგნალები (FRB) არის რადიოსინათლის პულსები, რომლებიც სულ რაღაც მილიწამების განმავლობაში გრძელდება და კოსმოსში დღეში ათასობით ასეთი სიგნალი ვრცელდება. ბოლო დრომდე არავის ჰქონდა მოსაზრება, რა შეიძლება ყოფილიყო ისინი. იქნებ ამ სიგნალები არამიწიერი ცივილიზაციები საკუთარ ჰიპერჩქარ ხომალდებს ამოძრავებენ? ეს იდეა სულ მცირე ერთ ასტრონომს მოუვიდა თავში. თუმცა, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ეს იდეა მას შემდეგ გაქარწყლდა, რაც ასტრონომებმა წარმატებით მიაგნეს ირმის ნახტომს შიგნით წარმოქმნილი ერთ-ერთი FRB-ის წყაროს.
როგორც გაირკვა, წყარო მაგნეტარი გახლავთ — სწრაფად მბრუნავი, დიდი ხნის წინ მკვდარი ვარსკვლავის ძლიერ მაგნეტიზებული ბირთვი. წარმოქმნიდან ათასობით წლის შემდეგ, ეს ტემპერამენტიანი ობიექტები სასტიკ აქტივობათა მრავალ ციკლს გადიან, მათ გარშემო სამყაროში შემთხვევითი ინტერვალებით ისვრიან მძლავრ რენტგენულ და გამა-გამოსხივების რადიაციის პულსებს. ერთ-ერთი ასეთი ანთების დროს, ასტრონომებმა დააფიქსირეს, რომ ის ასეთი მკვდარი ვარსკვლავისგან მოდიოდა. სრულიად შესაძლებელია, რომ ყველა სწრაფი რადიოსიგნალი მაგნეტარებისგან არ მოდიოდეს, მაგრამ ამ აღმოჩენამ ნამდვილად ამოხსნა საიდუმლო, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში დიდ თავსატეხს წარმოადგენდა.
არამიწიერი ცივილიზაციები შეიძლება თეთრ ჯუჯა ვარსკვლავებთანაც არსებობდეს
დაახლოებით ოთხი მილიარდი წლის შემდეგ, ჩვენი მზე წითელ გიგანტად გადაიქცევა, შემდეგ კი კოლაფსირდება და პატარა, მიმქრალ თეთრ ჯუჯა ვარსკვლავად გადაიქცევა. ასეთი ბედი გარდაუვალია და კაცობრიობის სხვა ვარსკვლავურ სისტემაში გაქცევის იმედი თითქმის ფანტასტიკის სფეროა. თუმცა, თუ იმ დროისთვის კიდევ ვარსებობდით, შეიძლება მივაგნოთ გზას, რომლითაც ჩვენი მკვდარი ვარსკვლავის მიმქრალ შუქს შევაგროვებთ და ცივილიზაციას შევინარჩუნებთ. წლის დასაწყისში, რეცენზირებამდელ სერვერ arXiv-ზე გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, არ არის გამორიცხული, რომელიმე არამიწიერმა ცივილიზაციამ ეს უკვე შეძლო.
კვლევის ავტორთა განცხადებით, გონიერი არამიწიერი სიცოცხლის ძებნისას (SETI) თეთრი ჯუჯები დიდწილად იგნორირებულია, რადგან ნაკლებად მოსალოდნელია, რომ მკვდარ ვარსკვლავებთან ცივილიზაცია არსებობდეს. თუმცა, ზოგჯერ თეთრ ჯუჯებს ორბიტაზე პლანეტები ჰყავთ და ძლიერ მოწინავე ცივილიზაციას უნდა შეეძლოს, რომ მათი ციცქნა მზე სიკვდილის შემდეგაც კი თავიანთთვის ამუშაონ. შესაბამისად, ავტორებს მიაჩნიათ, რომ არამიწიერ ცივილიზაციათა ძებნისას ასტრონომებმა თეთრ ჯუჯებს გვერდი არ უნდა აუარონ. უფრო მეტიც, იქნებ პირველ რიგში მათ გარშემო უნდა ვეძებოთ.
არამიწიერი არსებები შეიძლება ჟანგბადით არ სუნთქავენ
არამიწიერი სიცოცხლის ძებნისას კიდევ ერთი სათანადოდ ვერშეფასებული სამიზნე — უჟანგბადო პლანეტები. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია მიაჩნიათ, თითქოს არამიწიერ სიცოცხლეს სუნთქვისთვის ჟანგბადი სჭირდება, მაისში გამოქვეყნებული კვლევა ირწმუნება, რომ „ჰაერი“ და „ჟანგბადი“ ყოველთვის სინონიმები არ შეიძლება იყოს. სამყაროში გაცილებით უხვად არის წყალბადი და ჰელიუმი (მაგალითად, იუპიტერის ატმოსფეროს 90 პროცენტს წყალბადი შეადგენს); შესაბამისად, იქნებ არამიწიერი სახეობები ისე განვითარდნენ, რომ ამ აირებს სუნთქავენ?
როგორც ჩანს, ეს სრულიად შესაძლებელი უნდა იყოს. ბაქტერია, რომელიც ჟანგბადს არ სუნთქავს, E. coli, კვლევის ავტორებმა სინჯარებში ხელოვნურად შექმნილ ორ სხვადასხვა „ატმოსფეროში“ მოათავსეს. ერთ მათგანში სუფთა წყალბადი იყო, მეორეში კი ჰელიუმი. აღმოჩნდა, რომ ბაქტერიამ ორივე გარემოში გადარჩენა შეძლო, თუმცა, ზრდა შეაჩერა.
„ეს ექსპერიმენტი აჩენს ჰაბიტატების გაცილებით ფართო სპექტრის შესაძლებლობას სისოცხლისთვის სხვადასხვა პლანეტებზე“, — წერს კვლევის ავტორი, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის პლანეტური მეცნიერი სარა სიგერი.
ოუმუამუა სავარაუდოდ არამიწიერ არსებათა ნახელავი არ არის
სიგარის ფორმის უცნაურმა კლდოვანმა ნამტვრევმა, რომელსაც „ოუმუამუა“ უწოდეს, მეცნიერები საგონებელში ჩააგდო. ის პირველად 2017 წლის ოქტომბერში შენიშნეს. ობიექტი იმდენად სწრაფად მოძრაობდა, რომ მზის სისტემაში წარმოქმნილი არ უნდა ყოფილიყო, არ არსებობდა მისი ასე აჩქარების რაიმე გონივრული მიზეზიც. ზოგიერთი ასტრონომი, განსაკუთრებით კი ჰარვარდის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსი ავი ლოები აღნიშნავდა, რომ ის შეიძლება არამიწიერი ცივილიზაციის კოსმოსური ხომალდი ყოფილიყო, რომელიც ქაღალდის სისქის ე. წ. იალქნით იმართებოდა. ამ თეორიას ბევრი სკეპტიკოსი გამოუჩნდა და რამდენიმე კვლევაში მისი პოტენციური ბუნებრივი წარმოშობაც აღწერეს.
ერთ-ერთი წამყვანი თეორიის მიხედვით, ოუმუამუა „წყალბადის აისბერგია“, ძირითადად წყალბადის აირის რაღაც ნაწილი, რომელიც საკუთარი ვარსკვლავის სისტემიდან გამოიტყორცნა და გიგანტური მოლეკულური ღრუბლის ყინულოვან შუაგულში მოხვდა. ამ ღრუბლის ბირთვის დატოვების შემდეგ, ის რადიაციამ გაცვითა და წაგრძელებული ფორმა მისცა. როდესაც ის მზის სისტემაში შემოიჭრა, წყალბადმა ყინულოვან კლდეში დუღილი დაიწყო და ისე ააჩქარა, რომ გაზის რაიმე ხილული კუდი არ დაუტოვა. ეს თეორია კარგად ხსნის ოუმუამუას მრავალ მახასიათებელს, მაგრამ ავი ლოებს მაინც სჯერა, რომ მის უკან არამიწიერი არსებები უნდა იდგნენ.
ყველაზე იმედისმომცემი ოთხი პლანეტური სხეული
როგორც ჩანს, მზის სისტემაში ოთხი სხეული ფლობს სიცოცხლისთვის შესაფერის პირობებს. მათ შორის მოწინავეა მარსი — პლანეტა, რომელიც მზის სისტემაში ყველაზე მეტად ჰგავს დედამიწას. წლის დასაწყისში, მარსის სამხრეთ პოლარული ქუდის ქვეშ მოზრდილი ტბა აღმოაჩინეს, რაც გვაძლევს იმედს, რომ იქ შეიძლება ციცქნა მიკრობები ცოცხლობდნენ.
დანარჩენი სამი მთვარეები, ანუ პლანეტების ბუნებრივი თანამგზავრებია — იუპიტერის მთვარე ევროპა, და სატურნის მთვარეები — ენცელადი და ტიტანი. ევროპას ზედაპირი სქელი ყინულით არის დაფარული, 100 კილომეტრის სიღრმეში კი გიგანტური, გლობალური ოკეანე იმალება. ასეთივე ყინულოვანი მთვარეა ენცელადიც; თხევადი წყლის ოკეანე მისი ყინულოვანი საფარის ქვეშაც იმალება. ამ ყინულზე გაჩენილი ნაპრალებიდან წყლის უზარმაზარი გეიზერები იფრქვევა, რომლებშიც კლდოვანი ნაწილაკები და ორგანული მოლეკულები დააფიქსირეს. ტიტანი კი ერთადერთი მთვარეა მზის სისტემაში, რომელსაც ნამდვილი ატმოსფერო აქვს; მისი ატმოსფერო მდიდარია აზოტოთ — სიცოცხლის ყველა ცნობილი ფორმის ცილების აუცილებელი სამშენებლო ბლოკით.
არამიწიერი სიცოცხლის ძებნა ცოტა გართულდა
1-ელ დეკემბერს, პუერტო-რიკოს სახელგანთქმული არესიბოს რადიოტელესკოპი ჩაინგრა, რითაც დასრულდა მისი 57-წლიანი მოღვაწეობა კოსმოსში არამიწიერი სიცოცხლის სიგნალების ძებნის მიმართულებით. 1974 წელს, ამ ტელესკოპით კოსმოსში გაუშვეს ე. წ. არესიბოს შეტყობინება, რომელმაც ნებისმიერ არამიწიერ ცივილიზაციას, ამ სიგნალის დაჭერის შემთხვევაში, კაცობრიობის ტექნოლოგიური ძალაუფლების შესახებ უნდა ამცნოს. ჯერ პასუხი არსაიდან მიგვიღია, მაგრამ ეს შეტყობინება გახდა 1997 წელს გადაღებული ფილმის, „კონტაქტის“ შთაგონების წყარო; ფილმში არესიბოს ტელესკოპი საკვანძო როლს ასრულებს. ტელესკოპმა დიდი ნაპრალი დატოვა გონიერი არამიწიერი სიცოცხლის ძებნაში, რისი ამოვსებაც არც ისე ადვილი იქნება.
მომზადებულია Live Science-ის მიხედვით.