ციცქნა მკვდარი ვარსკვლავის გარშემო უზარმაზარი გაზის გიგანტი პლანეტა აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება
ციცქნა მკვდარი ვარსკვლავის გარშემო უზარმაზარი გაზის გიგანტი პლანეტა აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება

ასტრონომებმა აღმოაჩინეს იუპიტერის ზომის პლანეტა, რომელიც მკვდარი ვარსკვლავის მბჟუტავი ნარჩენის ირგვლივ საკმაოდ ახლოს მოძრაობს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც თეთრ ჯუჯა ვარსკვლავთან ხელუხლებელი ეგზოპლანეტა იპოვეს.

მკვლევართა განცხადებით, ამ გიგანტური პლანეტის, სახელად WD 1586 b-ის ბედი გვთავაზობს ჩვენი მზის სისტემის პოტენციურ სურათს იმ დროისთვის, როდესაც დაახლოებით ხუთი მილიარდი წლის შემდეგ მზე თანდათან თეთრ ჯუჯად გადაიქცევა.

წყალბადის მარაგის ამოწურვის შემდეგ, მზის მსგავსი ვარსკვლავები სიკვდილის აგონიაში შედიან; პირველ რიგში გადაიქცევიან გაბერილ უზარმაზარ წითელ გიგანტად, რომელიც ახლომდებარე პლანეტებს წვავს და შთანთქავს. ამის შემდეგ, ის კოლაფსირდება და რჩება მხოლოდ დამწვარი ბირთვი.

ეს უკვე გახლავთ თეთრი ჯუჯა — უკიდურესად მკვრივი ვარსკვლავური „ნაკვერჩხალი“, რომელიც მილიარდობით წლის განმავლობაში მკრთალად ანათებს ნარჩენი თერმული ენერგიის ხარჯზე.

წარსულში ჩატარებული კვლევები მიუთითებდა, რომ ზოგიერთ თეთრ ჯუჯას საკუთარი პლანეტური სისტემის შორეულ წარმომადგენელთა შენარჩუნება შეუძლია.

თუმცა, თეთრი ჯუჯების გარშემო ხელუხლებლად გადარჩენილი პლანეტა ამ დრომდე არ იყო აღმოჩენილი.

„ეს აღმოჩენა ერთგვარი სიურპრიზია. ასეთივე სისტემის წინა მაგალითის შემთხვევაში, დავინახეთ თეთრი ჯუჯის წინ ჩავლილი ობიექტი, მაგრამ ის მხოლოდ დამსხვრეული ასტეროიდის ნაშალთა ველს წარმოადგენდა“, — ამბობს კვლევის ავტორი, ვისკონსინ-მედისონის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი ენდრიუ ვანდერბურგი.

ახლად აღმოჩენილი პლანეტა, სახელად WD 1856+534, თავის მკვდარ დედავარსკვლავზე დაახლოებით ათჯერ დიდია.

როგორც გაირკვა, ის თეთრი ჯუჯას გარშემო ყოველ 1,4 დღეში ერთხელ მოძრაობს, რაც ნასას პლანეტებზე მონადირე კოსმოსურმა ტელესკოპმა TESS-მა დააფიქსირა.

აშშ-ის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ჯემინის ობსერვატორიის მკვლევრის, სიი სუს განცხადებით, იმის გამო, რომ ვარსკვლავის გარშემო ამ პლანეტიდან გამოსული ნარჩენები არ ფიქსირდება, მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ ის ხელუხლებელია.

„აქამდე, თეთრი ჯუჯების გარშემო პლანეტების არსებობის მხოლოდ არაპირდაპირი მტკიცებულება გვქონდა და ამაღელვებელია, რომ ბოლოსდაბოლოს, ასეთი პლანეტა ვიპოვეთ“, — წერია ეროვნული სამეცნიერო ფონდის განცხადებაში.

როგორც ეს აღმოჩენა მიუთითებს, თეთრი ჯუჯების სასიცოცხლო ზონაში ან მის სიახლოვეს შეიძლება პლანეტები განლაგდეს და პოტენციურად, სიცოცხლისათვის ხელსაყრელი დედავარსკვლავის სიკვდილის შემდეგაც კი იყვნენ.

ამ დროისთვის იდუმალებით არის მოცული, როგორ მოხვდა პლანეტა თეთრ ჯუჯასთან ასე ახლოს.

მიჩნეულია, რომ ნაკლებად სავარაუდოა, წითელი გიგანტის ფაზაში მყოფ ვარსკვლავს ახლომდებარე პლანეტები გადაურჩეს; როდესაც იგივე პროცესი მზის თავსაც მოხდება, ჩვენი ვარსკვლავი შთანთქავს მერკურის და ვენერას, სავარაუდოდ, დედამიწასაც.

„ჩვენი აღმოჩენა მიუთითებს, რომ პლანეტა WD 1856b თავდაპირველად დედავარსკვლავს გარს უვლიდა ძალიან შორიდან, შემდეგ კი, როდესაც მისი ვარსკვლავი თეთრ ჯუჯად იქცა, როგორღაც შიდა მიმართულებით დაიძრა“, — ამბობს ვანდერბურგი.

მისივე თქმით, ახლა, როდესაც უკვე ვიცით, რომ ასეთი მოგზაურობის დროს შესაძლებელია, პლანეტები თეთრი ჯუჯას გრავიტაციას გადაურჩნენ, შეგვიძლია სხვა პატარა პლანეტებიც ვეძებოთ.

სხვადასხვა სცენარის სიმულირების შემდეგ, ავტორები ვარაუდობენ, რომ WD 1586b ასეთ ახლო ორბიტაზე შესაძლოა, სხვა პლანეტებთან ურთიერთქმედების შედეგად გადაიტყორცნა.

აღმოჩენის შესახებ გაკეთებულ დამოუკიდებელ კომენტარში, შეფილდის უნივერსიტეტის მკვლევარი სტივენ პერსონსი აღნიშნავს, რომ ეს აღმოჩენა ამ სისტემაში სხვა პლანეტების აღმოჩენის შანსსაც გვთავაზობს.

ამჟამინდელი შეფასებით, მზის მსგავს ვარსკვლავთა დაახლოებით ერთ-მესამედს პლანეტური სისტემა აქვს, ირმის ნახტომში კი დაახლოებით ათი მილიარდი ასეთი ვარსკვლავია.

თეთრი ჯუჯა WD 1856+534 ჩვენგან მხოლოდ 82 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს და შესაბამისად, როგორც პერსონსი აღნიშნავს, კოსმოსური ობსერვატორიებით შესაძლებელი უნდა იყოს სხვა პლანეტების გრავიტაციული ეფექტები ამ თეთრ ჯუჯაზე.

„ეს სისტემა ეგზოპლანეტების კვლევაში სრულიად ახალ ფანჯარას გვიხსნის“, — ამბობს სტივენ პერსონსი.

კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი