აღმოჩენილია თეთრი ჯუჯა ვარსკვლავის გარშემო მოძრავი გიგანტური პლანეტა — პირველად ისტორიაში
აღმოჩენილია თეთრი ჯუჯა ვარსკვლავის გარშემო მოძრავი გიგანტური პლანეტა — პირველად ისტორიაში

თუ მზის მსგავსი მომაკვდავი ვარსკვლავის სუსტ ნათებაში ღრმად ჩავიხედავთ, ზოგჯერ შეიძლება დავინახოთ პატარა პლანეტების კლდოვანი ნარჩენები, რომლებსაც ეს ვარსკვლავი ნელ-ნელა ყლაპავს. პირველად ისტორიაში, ასტრონომებმა იხილეს კოლაფსირებული ვარსკვლავი, რომელიც რაღაც უფრო დიდის ნარჩენებს ანადგურებს.

თეთრ ჯუჯა ვარსკვლავ WD J0914+1914-ის სპექტრულმა ანალიზებმა გამოავლინა უიშვიათესი ქიმიური კვალი, რომელიც გაზის გიგანტს ეკუთვნის — ანუ, საქმე გვაქვს აქამდე ნანახი სხვა ვარსკვლავური სისტემებისაგან სრულიად განსხვავებულ სისტემასთან.

ცის კატალოგიზაციის პროგრამა SDSS-ის ფარგლებში შეგროვებული მონაცემების გამოყენებით, მეცნიერებმა ბრიტანეთიდან, ჩილედან და გერმანიიდან, იპოვეს ურანის მსგავსი პლანეტის ნიშნები, რომელიც შორეული თეთრი ჯუჯა ვარსკვლავის გარშემო იმდენად ახლოს მოძრაობს, რომ ეს უკანასკნელი მას ფლეთს.

თეთრი ჯუჯები ჩვენი მზის მსგავსი ვარსკვლავების ნარჩენებია. მას შემდეგ, რაც ისინი საწვავს ამოწურავენ, კოლაფსირდებიან საკუთარი გრავიტაციით და მთელ თავის მასას დედამიწის ზომის სფეროში კუმშავენ.

მიუხედავად იმისა, რომ ვარსკვლავთა ამ ნაშთებს სიცოცხლის აქტიური ფაზა უკვე დასრულებული აქვთ, ისინი მაინც იმდენად ცხელია, რომ სითბოს გამოსხივება ასობით მილიარდი წლის განმავლობაში შეუძლიათ. ეს სუსტი, მაგრამ თბილი ნათება ასტრონომებს საკმარის ინფორმაციას აწვდის მათი ქიმიური შემადგენლობის შესახებ.

ასეთ სინათლეში ლითონთა ბჟუტვა ასტრონომებს აქამდეც შეუნიშნავთ, რაც იმაზე მიუთითებს, რომ თეთრი ჯუჯას სიცხე ახლომდებარე კლდოვან პლანეტებს აორთქლებს.

ასეთი პროცესის განვითარებისთვის საჭიროა, რომ ვარსკვლავური სისტემა გარკვეულწილად უწესრიგო იყოს. იმისათვის, რათა დაიწვან, პლანეტები თეთრ ჯუჯასთან ახლოს უნდა იყვნენ, რაც როგორც წესი მიუთითებს, არეულობაზე, რომელიც გამოწვეულია იქვე სადღაც, ახლომდებარე მძიმეწონიანი სხეულის მიერ.

ასტრონომებს ამ დრომდე არსად ჰქონდათ შემჩნეული თეთრი ჯუჯას გარშემო მოძრავი ასეთი გაზის გიგანტის ნიშნები. რა თქმა უნდა, დარწმუნებული იყვნენ, რომ ასეთი სისტემები არსებობს, მაგრამ მეცნიერებაში ყველაზე გონივრული ვარაუდებიც კი მყარ მტკიცებულებებს მოითხოვს, რათა სერიოზულად განვიხილოთ.

ამჯერად, ასტრონომებმა ასეთი სისტემის არსებობის რეალური ნიშნები მართლაც იპოვეს.

WD J0914+1914 ჩვენგან დაახლოებით 2000 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს და საკმაოდ რთულად შესამჩნევია თეთრი ჯუჯას სტანდარტებითაც კი. მისი სპექტრის შესწავლის შემდეგ, მკვლევრებს თავდაპირველად ეგონათ, რომ ის ორმაგი (ბინარული) ვარსკვლავური სისტემა იყო, რადგან შეიმჩნეოდა წყალბადის კომპონენტის ხელწერა. უფრო დეტალურმა დაკვირვებებმა მალევე გამოავლინა ჟანგბადის აშკარა და გოგირდის წინასწარი ნიშნები.

წყალბადისა და ჟანგბადის რყევის პროპორციები იმდენად უცნაური იყო, რომ მკვლევრებმა ამ სხეულის კიდევ უფრო ახლოდან შესწავლა გადაწყვიტეს. ამჯერად, მათ ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის ძალიან დიდი ტელესკოპის (VLT) სპექტროგრაფ X-Shooter-ს მიმართეს. ტელესკოპი ჩილეში, ატაკამას უდაბნოშია განთავსებული.

სიმულაციის პროგრამაში სპექტრული მონაცემების შეყვანის შემდეგ, მკვლევართა ჯგუფმა შეძლო იმ გარემო პირობების მოდელირება, რომელსაც WD J0914+1914-ის უშუალო სიახლოვეს უნდა ველოდოთ. ამან კი თავის მხრივ გამოავლინა გარკვეული დეტალები იქ არსებულ ობიექტთა შესახებ.

წყლისა და წყალბადის სულფიდის ნარევი მიუთითებს, რომ იქ მოძრაობს ნეპტუნისა და ურანის მსგავსი შემადგენლობის გაზის გიგანტი პლანეტა, რომელიც საკუთარ ატმოსფეროს ფანტავს.

ჩილეს ვალპარაისოს უნივერსიტეტის ასტრონომის, მათიას შხაიბერის განცხადებით, რამდენიმე კვირის განმავლობაში მუხლჩაუხრელი მუშაობის შემდეგ, ისინი მივიდნენ დასკვნამდე, რომ აორთქლების ასეთი დისკოს წარმოქმნის ერთადერთი გზა გაზის გიგანტი პლანეტაა.

იმისათვის, რათა გიგანტი პლანეტა ასე აორთქლდეს, ის თეთრ ჯუჯასთან საკმაოდ ახლოს უნდა იყოს. მკვლევართა ვარაუდით, მათ შორის მანძილი დაახლოებით 10 მილიონი კილომეტრი უნდა იყოს, ანუ თეთრ ჯუჯას ეს პლანეტა გარს უნდა უვლიდეს ყოველ 10 დღეში ერთხელ. შედარებისათვის გეტყვით, რომ მერკური მზისგან 46 მლნ კილომეტრით არის დაშორებული.

კვლევის ავტორის, გაერთიანებული სამეფოს უორვიკის უნივერსიტეტის ასტრონომის, ბორის გენსიკეს განცხადებით, ეს აღმოჩენა სრულიად ახალ ფანჯარას ხსნის პლანეტური სისტემების საბოლოო ბედის გასარკვევად.

მიუხედავად იმისა, რომ ხელთ გვაქვს მტკიცებულება თეთრი ჯუჯა ვარსკვლავის გარშემო გაზის გიგანტი პლანეტის მოძრაობის შესახებ, უცნობია, საქმე ანომალიასთან გვაქვს თუ საკმარისად კარგად ვერ ვეძებთ, რათა სხვა ასეთი მაგალითებიც ვიპოვოთ. პროგრამა SDSS-ის მონაცემთა ბაზაში 7000 სხვა თეთრი ჯუჯას მონაცემებიც არის შესული, მაგრამ ასტრონომებმა მათში WD J0914+1914-ის მსგავსი ვერაფერი იპოვეს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ევროპის კოსმოსური სააგენტოს მისია „გაიამ“ 260 000 კოლაფსირებული მზე, ანუ თეთრი ჯუჯა დააფიქსირა, მათი აბსოლუტური უმეტესობა ჯერ შეუსწავლელია და შესაბამისად, დასკვნების გაკეთება ნაადრევია.

გამომდინარე იქიდან, რომ საბოლოოდ ჩვენი მზეც თეთრი ჯუჯა გახდება, ასეთი სხეულების შესწავლა ძალზედ საინტერესო და ამაღელვებელია , რადგან შესაძლებლობა გვაქვს ვიხილოთ ჩვენი მზის სისტემის ძალიან შორეული მომავალი.

კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია eso.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.