აღმოჩენილია უძველესი თეთრი ჯუჯა ვარსკვლავი უცნაური რგოლებით
აღმოჩენილია უძველესი თეთრი ჯუჯა ვარსკვლავი უცნაური რგოლებით

ასტრონომებმა აღმოაჩინეს საოცრად ძველი, მტვრიანი თეთრი ჯუჯა ვარსკვლავი — ჩვენი მზის მსგავსი ვარსკვლავის ნაშთი. მისი სტრუქტურა იმდენად უცნაურია, რომ მკვლევართა აზრით, შესაძლოა, შეიცვალოს ამჟამად არსებული გაგება გარემოზე თეთრი ჯუჯების მოქმედებასთან დაკავშირებით.

ვარსკვლავის ოფიციალური სახელია LSPM J0207+3331. როგორც ჩანს, ის ჩვენთვის ცნობილი ყველაზე ძველი თეთრი ჯუჯაა, რომელსაც გარს აკრავს მტვრის დისკო. გარდა ამისა, შესაძლოა, ის ჩვენთვის ცნობილი პირველი თეთრი ჯუჯა გახდეს, რომელსაც ამ დისკოში მტვრის მრავალი რგოლი აქვს. სწორედ ამას პროგნოზირებს ამჟამინდელი თეორიაც.

კვლევის თანაავტორის, ჯონ დიბსის განცხადებით, ეს თეთრი ჯუჯა იმდენად ძველია, რომ რაც არ უნდა კვებავდეს მის რგოლებს, ეს პროცესი მილიარდობით წელს უნდა მოიცავდეს. მისივე თქმით, მოდელთა უმეტესობა, რომლებიც მეცნიერებმა თეთრი ჯუჯების რგოლების ასახსნელად შექმნეს, მუშაობს მხოლოდ მხოლოდ დაახლოებით 100 მილიონი წლის განმავლობაში; შესაბამისად, ეს ვარსკვლავი ნამდვილად ეჭვქვეშ აყენებს ჩვენს შეხედულებებს პლანეტურ სისტემათა განვითარების შესახებ.

სხვადასხვა მატერიით გარშემორტყმული თეთრი ჯუჯები არც თუ ისე იშვიათია, რადგან ეს ვარსკვლავები წარმოადგენს მზის მსგავს ვარსკვლავთა მკვრივ „გვამებს“, რომლებმაც საკუთარი გაზი დაკარგეს. თუმცა, როგორც წესი, ეს ყოფილი მზეები მათ გარშემო არსებულ პლანეტურ სისტემებს შთანთქავენ.

ჯგუფი დარწმუნებულია, რომ ეს თეთრი ჯუჯა დაახლოებით 3 მილიარდი წლისაა, ანუ, სამჯერ უფრო ძველი, ვიდრე წინა რეკორდის მფლობელი რგოლებიანი უძველესი თეთრი ჯუჯა. მსგავსი ასაკი კი იმაზე მიუთითებს, რომ მისი რგოლების ხელახლა, გამუდმებით შესავსებად საჭიროა გარკვეული პროცესები. თუმცა, მეცნიერებმა ჯერ გადაჭრით არ იციან, რა პროცესებთან შეიძლება გვქონდეს საქმე.

აღმოჩენა მოხალისეთა სამეცნიერო პროექტს ეკუთვნის, რომელსაც ნასას გოდარდის კოსმოსურ ფრენათა ცენტრი ახორციელებს. კვლევები ინფრაწითელ მონაცემებს ეფუძნება. ეს კონკრეტული თეთრი ჯუჯა ძალიან უცნაურად გამოიყურებოდა ინფრაწითელ ტალღის სიგრძეში, რამაც თავიდან მკვლევრებს ისიც კი აფიქრებინა, რომ ის ყავისფერი ჯუჯა იყო. მონაცემთა ხელახლა გადასინჯვის შედეგად კი გაირკვა, რომ სინამდვილეში ის კაშკაშა, შორეული თეთრი ჯუჯაა.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ეს ობიექტი სხვა საიდუმლოებსაც მალავს. კვლევის ავტორთა აზრით, თეთრი ჯუჯის სპეციფიკური ინფრაწითელი ხელწერიდან გამომდინარე, შესაძლოა, ის გარშემორტყმული იყოს სხვადასხვა მახასიათებელთა მქონე ორი სხვადასხვა რგოლით. ასეთი სტრუქტურა ასტრონომებს თეთრი ჯუჯის გარშემო აქამდე არასოდეს უნახავთ. მათი თქმით, ყველაფერს საბოლოოდ ამოხსნის ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი, რომელიც კოსმოსში 2021 წელს გაეშვება.

მომზადებულია space.com-ის მიხედვით.