„ევროლიგის“ გათამაშებაზე, ბოლო პერიოდში, წარმატებულ თამაშს განაგრძობს ათენის „პანათინაიკოს“. ბერძნულმა გუნდმა მე-10 ტურის შეხვედრაში საკუთარ „ოაკას“ დარბაზში, მალაგას „უნიკახას უმასპინძლა.
თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ მალაგელთა ქართველ ცენტრს თავისი ყოფილი კლუბის წინააღმდეგ არ უთამაშია. გავრცელებული ინფორმაციით, შერმადინის ფეხის კუნთი აქვს გაჭიმული და დღეს იგი მთავარმა მწვრთნელმა დაასვენა.
რაც შეეხება თამაშს, სტუმრებმა ფავორიტს წინააღმდეგობა მეოთხე მეოთხედამდე გაუწიეს. დასკვნით ათწუთეულში კი „პაო“ შეუჩერებლი იყო და, საბოლოოდ, 82-71 გაიმარჯვა.
მასპინძელთა შორის ორმაგი დუბლები ჯეიმს გისტმა და ნიკ კალატესმა შეასრულეს. გისტის ანგარიშზე 17 ქულა და 11 მოხსნაა, ხოლო კალატესმა, 16 ქულასთან ერთად, 12 ზუსტი პასიც ჩაიწერა აქტივში.
„პანათინაიკოსმა“ ზედიზედ მეხუთე შეხვედრა მოიგო და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე იმყოფება.