ბერძნული გამოცემა - „პანათინაიკოსს“ პაპუნაშვილის დამატება სურს
ბერძნული გამოცემა - „პანათინაიკოსს“ პაპუნაშვილის დამატება სურს

ბერძნული საინფორმაციო პორტალის, „in“-ის ცნობით, საქართველოს ნაკრებისა და „რეალ სარაგოსას“ შემტევ ნახევარმცველ გიორგი პაპუნაშვილის გადაბირება ათენის „პანათინაიკოსს“ სურს.

„ქართველი ფეხბურთელით, რომელიც „რეალ სარაგოსამ“ იჯარით სანტანდერის „რასინგში“ გაუშვა, „პანათინაიკოსის“ ტექნიკური დირექტორი, ჰავი როკა დაინტერესდა. მას პაპუნაშვილის გადაყვანა იანვარშიც სურდა და 25 წლის თავდამსხმელი ათენში თამაშზე თავადაც ფიქრობდა, მაგრამ საბოლოოდ ესპანეთში დარჩენა ამჯობინა. თუმცა, როკას პაპუნაშვილი არ დაავიწყდა და სარაგოსელთა ლეგიონერი კვლავ მის სატრანსფერო სიაშია“ – ამტკიცებს ბერძნული საინფორმაციო პორტალი.

ბერძნულ პორტალს თუ დავუჯერებთ, ათენური კლუბის ტექნიკურმა დირექტორმა ქართველი ფეხბურთელის გადასაბირებლად კონკრეტული ნაბიჯი გადადგა: „როკა პაპუნაშვილის მენეჯერსაც ელაპარაკა, რომელიც ფეხბურთელს სთავაზობდა რუსეთის, კვიპროსის და რუმინეთის გუნდებს, მაგრამ სახელისა და ავტორიტეტის გამო უპირატესობას „პანათინაიკოსს“ ანიჭებს“.

„in“-ის მტკიცებით, გარიგებაზე ესპანელებიც თანახმანი არიან, რადგან ქართველი ფეხბურთელის ხელფასის გადახდა გაუჭირდებათ: „სარაგოსელებმა პაპუნაშვილთან დაკავშირებული გამოსავალი უნდა მონახონ, რადგან კორონავირუსის შემდეგ გუნდი რთულ ფინანსურ პირობებში აღმოჩნდა, პაპუნაშვილი კი ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშეა“.