მზის სისტემის გარე ნაწილში ყველაფერი საკმაოდ უცნაურია და ამის მიზეზი, სავარაუდოდ გაირკვა — #1TVმეცნიერება
მზის სისტემის გარე ნაწილში ყველაფერი საკმაოდ უცნაურია და ამის მიზეზი, სავარაუდოდ გაირკვა — #1TVმეცნიერება

მზის სისტემის უმეტესი ნაწილი საკმაოდ მოწესრიგებულია, მაგრამ შორეულ მისადგომებში, მზის სინათლისგან შორს, ნეპტუნს გადაღმა, ყველაფერი ცოტა არ იყოს უცნაურია. იქ ძალიან ბევრი კლდოვანი ნამსხვრევი მზის გარშემო სრულიად სხვანაირი მახასიათებლებით მოძრაობს, მზის შიდა ნაწილში არსებული ობიექტებისგან რადიკალურად განსხვავებულად.

დანარჩენი მზის სისტემისგან ასეთი განსხვავებულობის გამო, ამ ბნელ, ყინულოვან სხეულებს „განცალკევებულ ობიექტებს“ უწოდებენ და უკვე დიდი ხანია, ასტრონომები ცდილობენ ახსნან, რატომ იქცევიან ისინი ასე უცნაურად.

სხვათა შორის, ამის ყველაზე ცნობილი ახსნაა ჰიპოთეტური მეცხრე პლანეტის არსებობა. მკვლევართა ერთი ნაწილის აზრით, ეს დიდი, უხილავი პლანეტა მზის სისტემის შორეულ მისადგომებში უნდა იმალებოდეს და ამ განცალკევებულ ობიექტთა უცნაური ორბიტების მიზეზი სწორედ მისი გრავიტაციული გავლენა უნდა იყოს.

თუმცა, მეცხრე პლანეტა ერთადერთი ვარიანტი არ არის. ამჯერად, ორი ასტროფიზიკოსი იუწყება, რომ მათ ამ დრომდე საუკეთესო ახსნას მიაგნეს. მათი ანალიზის მიხედვით, ამ ობიექტთა ორბიტებზე გავლენას სულაც არ ახდენს მეცხრე პლანეტა. სანაცვლოდ, ისინი ირწმუნებიან, რომ ამ განცალკევებულ ობიექტთა კოლექტიურმა გრავიტაციამ გამოიწვია არასტაბილურობები, რამაც მილიონობით წლის განმავლობაში ორბიტების გადაადგილება გამოიწვია.

„უცნაურია, მაგრამ კოსმოსის ეს ნაწილი, რომელიც ჩვენთან იმაზე გაცილებით ახლოსაა, ვიდრე ჩვენი გალაქტიკის ვარსკვლავები და სხვა ობიექტები, რომლებსაც საკმაოდ კარგად ვაკვირდებით, ჩვენთვის საკმაოდ უცნობია. ჩვენ ვართ პირველი ჯგუფი, რომელმაც ყველაფრის აღდგენა შეძლო, ყველა იმ ორბიტული ანომალიის, რომელსაც მეცნიერები უკვე წლებია ამჩნევენ“, — ამბობს კოლორადოს უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსი ან-მარი მედიგანი.

მიუხედავად იმისა, რომ ადვილად ვერ ვხედავთ, რა ხდება ნეპტუნს გადაღმა, რადგან მართლაც ძნელია დაინახო რამდენიმე ასეული კილომეტრის სიგანის ობიექტი ასე შორს, სადაც სინათლე თითქმის ვერ აღწევს — ამ საკმაოდ უხვი რეგიონის შესახებ მტკიცებულებები სულ უფრო იზრდება.

აქვე გეტყვით, რომ ეს ყველაფერი არ ეხება კოიპერის სარტყელს, რომელიც ნეპტუნის ორბიტიდან იწყება, დაახლოებით 30 ასტრონომიული ერთეულის მანძილზე (ასტრონომიული ერთეული არის საშუალო მანძილი მზესა და დედამიწას შორის), რომელიც პლუტონის ორბიტის უშორეს წერტილამდე, დაახლოებით 55 ასტრონომიული ერთეულის მანძილამდე ვრცელდება. კოიპერის სარტყლის ობიექტთა ქცევა დიდწილად შესწავლილია.

„განცალკევებული ობიექტები“ მზისგან კიდევ უფრო შორსაა. ჯუჯა პლანეტა ლელეაკუჰონუა, მზესთან ყველაზე ახლო წერტილში (პერიჰელიონი) 65 ასტრონომიული ერთეულის მანძილზე მოდის, ორბიტაზე ყველაზე შორს (აფელიონი) კი 2106 ასტრონომიული ერთეულის მანძილზე ექცევა. ჯუჯა პლანეტა სედნას შემთხვევაში ეს მაჩვენებლები 76 და 937 ასტრონომიული ერთეულია. ცოტა ხნის წინ დააფიქსირეს კიდევ ერთი ჯუჯა პლანეტა, სახელად ფარფარაუტი, რომელიც მზისგან 140 ასტრონომიული ერთეულით არის დაშორებული. ახლა უკვე ხვდებით, რაზეა საუბარი.

იმის ასახსნელად, თუ რა ხდება იქ რეალურად, მედიგანმა და მისმა კოლეგამ, კოლორადოს უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსმა ალექსანდერ ზდერიკმა მზის სისტემის გარე ნაწილის სიმულაციები ჩაატარეს. ამისათვის მათ სუპერკომპიუტერი გამოიყენეს, რომელსაც მისცეს დავალება, გაერკვია თუ რა ხდებოდა გარე მზის სისტემის ობიექტების კოლექტიური და ინდივიდუალური მასების შემთხვევაში.

მსგავსი სიმულაცია ამ წყვილმა 2018 წელსაც ჩაატარა, მაგრამ ამჯერად მათ ის განაახლეს და უფრო რეალისტური გახადეს.

„ჩავატარეთ რაღაც ისეთის მოდელირება, რომელიც შეიძლება ერთ დროს არსებობდა მზის სისტემის გარე ნაწილში და ასევე დავამატეთ გიგანტური პლანეტების, მაგალითად, იუპიტერის გრავიტაციული გავლენა“, — ამბობს ზდერიკი.

მათმა სიმულაციამ მოიცვა 100-დან 1000 ასტრონომიული ერთეულის მანძილზე გადაჭიმული რეგიონი, შეამოწმა მასების დიაპაზონის სხვადასხვა კონფიგურაცია, საწყის წერტილად კი მზის გარშემო მოწესრიგებული ორბიტა აიღო.

„განცალკევებულმა ობიექტებმა“ წესრიგი დიდხანს ვერ შეინარჩუნეს, განსაკუთრებით დიდი კოლექტიური მასის დროს. სიმულაციაში დროის მსვლელობასთან ერთად, ობიექტებმა ერთმანეთთან ურთიერთქმედება დაიწყეს — ერთმანეთის მიზიდვა და განზიდვა, კურსიდან ამოგდება.

დასასრულისას, სიმულაციამ აჩვენა შედეგი, რომელიც ძალიან ჰგავს განცალკევებულ ობიექტთა დღევანდელ ორბიტებს. თუმცა, ასეთმა სცენარმა მზის სისტემის გარე ნაწილში ცოტა მეტი მასა მოითხოვა.

„საჭიროა დაახლოებით 20 დედამიწის მასის ობიექტების დამატება. თეორიულად ეს შესაძლებელია, მაგრამ ნამდვილად ეწინააღმდეგება ხალხში გავრცელებულ რწმენებს“, — ამბობს მედიგანი.

ეს საერთო მასა მეცხრე პლანეტისას ცოტათი უნდა აღემატებოდეს. მიუხედავად ამისა, ასეთი შედეგი მეცხრე პლანეტის თეორიის ძლიერი კონკურენტია, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ, რომ მედიგანი, ზდერიკი და მათი კოლეგები ერთადერთი ჯგუფი არ არის, რომლებმაც აჩვენეს, რომ ამ ყველაფრის მიზეზი შეიძლება კლდოვან სხეულთა გროვები იყოს.

გარდა ამისა, ორმა სხვადასხვა კვლევამ გამოავლინა განცალკევებულ ობიექტთა ახალი ჯგუფი, რომელიც სიმულაციაში ასევე შეიტანეს. მეცხრე პლანეტის არსებობის მტკიცებულება სიმულაციამ არც ამ შემთხვევაში აჩვენა.

თუმცა, საბოლოო პასუხის მისაღებად ალბათ მაინც უკეთეს ინსტრუმენტებს უნდა დაველოდოთ.

„მზის სისტემის გარე ნაწილი ბოლო დროს სულ უფრო გვაჯადოებს და ამის მიზეზი ტექნოლოგიური წინსვლაა. ამ სხეულებზე დაკვირვებისთვის ნამდვილად საჭიროა უახლესი თაობის ტელესკოპები“, — ამბობს კვლევის ავტორი, კოლორადოს უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსი ალექსანდერ ზდერიკი.

კვლევა The Astronomical Journal-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია colorado.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.