აღმოჩენილია მზის სისტემის სავარაუდოდ ყველაზე პატარა ჯუჯა პლანეტა
აღმოჩენილია მზის სისტემის სავარაუდოდ ყველაზე პატარა ჯუჯა პლანეტა

იმისათვის, რათა კოსმოსში მოძრავი კლდოვანი ნამტვრევი ჯუჯა პლანეტად ოფიციალურად ჩაითვალოს, საჭიროა აკმაყოფილებდეს საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის ოთხ მოთხოვნას.

უნდა მოძრაობდეს მზის გარშემო; არ უნდა მოძრაობდეს პლანეტის გარშემო (ანუ, არ უნდა იყოს მთვარე); ვერ უნდა ასუფთავებდეს თავის ორბიტის სამეზობლოს; და უნდა ჰქონდეს საკმარისი მასა, რათა ჰიდროსტატიკურ წონასწორობას მიაღწიოს — მიიღოს გარკვეულწილად მრგვალი ფორმა.

მზის სისტემაში სულ უფრო და უფრო ბევრ სხეულს ვპოულობთ, რომლებიც პირველ სამ მოთხოვნას აკმაყოფილებენ. მაგალითად, ასეა მარსსა და იუპიტერს შორის არსებული ასტეროიდთა სარტყლის თითქმის ყველა ობიექტი. თუმცა, ამ სარტყლის ერთ-ერთ უდიდეს კლდოვან სხეულზე ჩატარებული დაკვირვებები აჩვენებს, რომ ის შეიძლება ოთხივე კრიტერიუმს აკმაყოფილებდეს.

მისი სახელია ჰიგეა და წარმოადგენს მეოთხე უდიდეს ასტეროიდს სარტყელში, ჯუჯა პლანეტა ცერერას (945 კმ დიამეტრი) და ასტეროიდების — ვესტასა (525 კმ) და პალასის (512 კმ) შემდეგ.

ამ დრომდე ის საკმაოდ ცუდად იყო შესწავლილი. მიიჩნეოდა, რომ არის მოგრძო სხეული, ერთი მხრიდან 350 კმ დიამეტრით, მეორე მხრიდან კი 500 კმ-ით და გამოირჩევა გიგანტური დარტყმითი კრატერით. თუმცა, ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის ტელესკოპ VLT-ით (Very Large Telescope) ჩატარებულმა დაკვირვებებმა ეს ყველაფერი თავდაყირა დააყენა.

საფრანგეთის ქალაქ მარსელის ასტროფიზიკური ლაბორატორიის ასტრონომის, პიერ ვერნაზას განცხადებით, VLT-ის ინსტრუმენტ SPHERE-ის უნიკალურ შესაძლებლობათა წყალობით, რომელიც ვიზუალიზაციის ერთ-ერთი უმძლავრესი სისტემაა მსოფლიოში — დადგინდა, რომ ჰიგეას ფორმა თითქმის სფერულია.

ამ ფოტოების წყალობით, ჰიგეამ შეიძლება ჯუჯა პლანეტათა ოჯახში გადაინაცვლოს; თუ ასე მოხდა, ის მზის სისტემის ყველაზე პატარა ჯუჯა პლანეტა იქნება.

ახალი გაზომვების მიხედვით, ჰიგეას დიამეტრი 430 კილომეტრია, საკუთარი ღერძის გარშემო ერთ შემობრუნებას კი 13,8 საათს ანდომებს. უკვე ვიცოდით, რომ მას ზედაპირის იგივე შემადგენლობა და დაბალი სიმკვრივე აქვს, რაც ჯუჯა პლანეტა ცერერას, მაგრამ ახალი დაკვირვებები აჩვენებს, რომ ამ ყველაფერთან ერთად, თავის დიდი დის მსგავსად ის მრგვალიც არის.

აღმოჩნდა, რომ ჰიგეაზე არ არის დარტყმითი კრატერი. ორბიტა საერთო აქვს მსგავსი შემადგენლობის 7000 სხვა პატარა ობიექტთან. ამ ჯგუფში ის უდიდესია და შესაბამისად, მათ ჰიგეას ოჯახის ასტეროიდებს უწოდებენ. მიჩნეულია, რომ ეს ოჯახი დაახლოებით 2 მილიარდი წლის წინ წარმოიქმნა, როცა ჰიგეას მოზრდილი სხეული შეეჯახა და ნამსხვრევები ასტეროიდების სახით გაიტყორცნა.

რაღაც მსგავსი მოხდა ვესტას შემთხვევაშიც, როდესაც ვესტას ოჯახი წარმოიქმნა. დარტყმებისს ნიშნები ვესტას დღემდე ემჩნევა.

VLT-ის ფოტოების შესწავლის შემდეგ, მკვლევართა ჯგუფმა ჰიგეაზე მხოლოდ ორი ციცქნა დარტყმითი კრატერი შენიშნა.

მკვლევართა განცხადებით, ამ კრატერების წარმომქმნელ არც ერთ დარტყმას არ შეეძლო ჰიგეას ოჯახის ასტეროიდთა წარმოქმნა.

ჯგუფმა რამდენიმე კომპიუტერული სიმულაცია ჩაატარა. ვიდეოში ხედავთ ჰიგეას ფორმისა და მისი ოჯახის ასტეროიდების წარმოქმნის ყველაზე სავარაუდო სცენარს. დაახლოებით 2 მილიარდი წლის წინ, მოზრდილ კლდოვან ნაჭერს 75-100 კმ დიამეტრის სხეული შეეჯახა.

ნაჭერი მთლად დაიფხვნა, ნარჩენების რაღაც ნაწილი გაიფანტა, მაგრამ ცხელი, გამდნარი ნამტვრევის ძირითადი მასა ისევ უკან კოლაფსირდა. გაციებისა და გამყარების შემდეგ, მან თითქმის სრულყოფილი სფეროს ფორმა მიიღო.

ჰიგეა ზომით ცერერას ნახევარია; ეს უკანასკნელი ამ დრომდე მზის სისტემის ყველაზე პატარა ჯუჯა პლანეტა იყო. ჰიგეა შეიძლება აღმოჩნდეს ყველაზე პატარა სხეული ჩვენს სისტემაში, რომელმაც ჰიდროსტატიკურ ეკვილიბრუმს მიაღწია, რაც ამ ფენომენის უკეთ შესწავლის საშუალებას მოგვცემს. აღსანიშნავია, რომ სატურნის მთვარე მიმასის დიამეტრი 396 კილომეტრია, მაგრამ ეს ზომა სფერული ფორმის მისაღებად საკმარისი არ აღმოჩნდა.

თუკი მიმასს ჯუჯა პლანეტის სტატუსი ოფიციალურად მიენიჭება, გაიზრდება აღმოსაჩენ ობიექტთა ზომების დიაპაზონი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნეპტუნს გადაღმა შეიძლება ბევრი ახალი ჯუჯა პლანეტა ვიპოვოთ.

კვლევა ჟურნალ Nature Astronomy-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია eso.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.