მზის სისტემა უზარმაზარი სიცარიელის შუაგულშია მოქცეული და უკვე გაირკვა, რატომ — #1tvმეცნიერება
მზის სისტემა უზარმაზარი სიცარიელის შუაგულშია მოქცეული და უკვე გაირკვა, რატომ — #1tvმეცნიერება

მზის სისტემა კოსმოსის გამორჩეულად ცარიელი რეგიონის შუაგულში ტივტივებს.

დაბალი სიმკვრივის მქონე ცხელი პლაზმის ეს რეგიონი დაახლოებით 1000 სინათლის წლის მანძილზეა გადაჭიმული და გარს აკრავს ცივი, მკვრივი ნეიტრალური გაზისა და მტვრის გარსი. მას ადგილობრივ ბუშტს უწოდებენ და ძალზე რთულად ამოსახსნელ გამოცანას წარმოადგენდა, ზუსტად როგორ და რატომ გაჩნდა, რატომ არის მზის სისტემა მის შუაგულში.

ახლახან, ჰარვარდ-სმიტსონის ასტროფიზიკური ცენტრის ასტრონომთა ჯგუფმა ადგილობრივი ბუშტის ამ დროისათვის უზუსტესი რუკა შეადგინა და დაადგინა, რომ სავარაუდოდ, ადგილობრივი ბუშტი ვარსკვლავთშორის სივრცეში მილიონობით წლის წინ „ამოჭრა“ სუპერნოვას აფეთქებათა სერიებმა.

ამას მეტყველებდა წინა კვლევებიც, მაგრამ ახლა უკვე დამატებითი დეტალებიც გაირკვა: ჯერ კიდევ გაფართოების პროცესში მყოფი ადგილობრივი ბუშტი განაპირობებს მის პერიმეტრში ვარსკვლავთწარმოქმნის მატებას.

„ნამდვილად ორიგინალური ამბავია; პირველად შევძელით აგვეხსნა, როგორ დაიწყო ყველა ახლომდებარე ვარსკვლავის ფორმაცია“, — ამბობს კვლევის ავტორი, კოსმოსური ტელესკოპის მეცნიერების ინსტიტუტის ასტრონომი კეტრინ ზაკერი.

ადგილობრივი ბუშტი არც ისე დიდი ხნის წინ, 1970-1980-იან წლებში აღმოაჩინეს ოპტიკური, რადიო და რენტგენული დაკვირვებების შეჯერებით. თანდათანობით, ამ დაკვირვებებმა გამოავლინა უზარმაზარი რეგიონი, რომელიც დაახლოებით 10-ჯერ ნაკლებად მკვრივია, ვიდრე ირმის ნახტომში ვარსკვლავთშორისი სივრცის საშუალო მაჩვენებელი.

ვინაიდან ვიცით, რომ სუპერნოვებს სივრცეში სიღრუეების „ამოჭრა“ შეუძლია, რადგან გარე მიმართულებით გაფართოებისას იქ არსებულ გაზსა და მტვერს შორს გადატყორცნის, სწორედ ეს ჩანდა ადგილობრივი ბუშტის გონივრული ახსნა.

მაგრამ უფრო რთული აღმოჩნდა იმის გარკვევა, როგორ და როდის. პირველ რიგში, ურთულესია გაზომო სივრცის იმ რეგიონის განზომილებები, როდესაც შენც მასში იმყოფები; და ორმაგად რთულია სიცარიელის (ვოიდის) გაზომვა, როდესაც მას გარს აკრავს კაშკაშა ვარსკვლავები და სხვა კოსმოსური ობიექტები.

ზაკერმა და მისმა ჯგუფმა მზის გარშემო 650 სინათლის წლის რადიუსში არსებული გაზისა და ახალგაზრდა ვარსკვლავების რუკაზე დატანისთვის გაიას უახლესი მონაცემები გამოიყენა. „გაია“ ევროპის კოსმოსური სააგენტოს მიმდინარე პროექტია, რომელიც დიდი სიზუსტით აღრიცხავს ირმის ნახტომის ვარსკვლავების პოზიციებსა და მოძრაობებს.

შედეგად დაადგინეს, რომ ყველა ახალი ვარსკვლავი და ვარსკვლავთწარმომქმნელი რეგიონი ადგილობრივი ბუშტის „ზედაპირზეა“ მოქცეული.

ლოგიკურია. როდესაც სუპერნოვა გარე მიმართულებით ფართოვდება, ურტყამს და კუმშავს იმ მატერიას, რომელშიც ფართოვდება. ასე წარმოიქმნება მოლეკულური გაზის მკვრივი კვანძები, რომლებიც ვარსკვლავთშორის სივრცეში ტივტივებენ, თანდათან საკუთარი გრავიტაციის ქვეშ კოლაფსირდებიან და ჩვილ ვარსკვლავებს წარმოქმნიან.

ამის შემდეგ, მკვლევრებმა სიმულაციები ჩაატარეს და გამოთვალეს ვარსკვლავთწარმომქმნელ რეგიონთა წარსული ადგილმდებარეობები, რათა შეექმნათ ბუშტის გაფართოების მოდელი. შედეგად შეძლეს მისი ისტორიის რეკონსტრუქცია, რაც ემთხვევა მათ გაანგარიშებებს ბუშტის რუკის შესახებ.

დაადგინეს, რომ ბუშტის ისტორია დაახლოებით 14,4 მილიონი წლის წინ დაიწყო, ჯერ ვარსკვლავთა დაბადების პერიოდით, რასაც მასიურ, ხანმოკლე ვარსკვლავთა სუპერნოვად აფეთქებები მოჰყვა.

„გამოვთვალეთ, რომ მილიონობით წლის განმავლობაში აფეთქებულმა 15-მა სუპერნოვამ ისეთი ადგილობრივი ბუშტი წარმოქმნა, როგორსაც დღეს ვხედავთ“, — განმარტავს ზაკერი.

მისი რადიუსი ამჟამად 538 სინათლის წელიწადია და გარე მიმართულებით ჯერ კიდევ ფართოვდება, მაგრამ შედარებით ნელა, წამში დაახლოებით 6,7 კილომეტრი სიჩქარით.

საინტერესოა, რატომ არის მზის სისტემა მის შუაგულში? ეს წმინდად შემთხვევითობაა.

„როდესაც ის პირველი სუპერნოვები აფეთქდა, რომლებმაც ადგილობრივი ბუშტი შექმნეს, ჩვენი მზე მოქმედების ზონიდან შორს იყო. მაგრამ დაახლოებით ხუთი მილიონი წლის წინ, თავის გალაქტიკაში თავის გზაზე მოძრაობისას, მზე ზუსტად ამ ბუშტში მოექცა და ამჟამად, სრულიად შემთხვევით, ის ბუშტის თითქმის ზუსტად ცენტრშია“, — ამბობს ვენის უნივერსიტეტის ასტრონომი ჟუან ალვისი.

მკვლევართა განცხადებით, ეს იმაზე მიუთითებს, რომ ირმის ნახტომი დიდი ალბათობით სავსეა ასეთი ბუშტებით, რადგან ასეთი პროცესების ალბათობა ძლიერ დაბალია, ბუშტები რომ იშვიათი იყოს. ეს იდეა ირმის ნახტომს ზღვის ღრუბლის მსგავს სტრუქტურად წარმოგვიდგენს, ანდაც შვეიცარიული ყველის ბრტყელი ნაჭრის მსგავსს.

შემდეგი ნაბიჯი სხვა ასეთი ბუშტების აღმოჩენაა. მათი ადგილმდებარეობები, ზომები, ფორმები და ერთმანეთთან ურთიერთქმედება შეიძლება ის გასაღები აღმოჩნდეს, რომელიც უკეთეს ცნობებს მოგვცემს ვარსკვლავთა წარმოქმნისა და ირმის ნახტომის ევოლუციური ისტორიის შესახებ.

ამისათვის ძლიერ გამოსადეგი უნდა იყოს გაიას შემდეგი მონაცემები, რომელსაც წლის ბოლოს მივიღებთ.

კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია eurekalert.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.