ირმის ნახტომში უზარმაზარი, უჩვეულო ცარიელი სივრცე აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება
ირმის ნახტომში უზარმაზარი, უჩვეულო ცარიელი სივრცე აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება

ჩვენთვის შეიძლება ასე არ ჩანდეს, მაგრამ ვარსკვლავებს შორის სივრცე მთლად ცარიელი არ არის. ამ წყვდიადში გაუხშოებული, ხანდახან კი არც ისე გაუხშოებული გაზის ღრუბლები ლივლივებს.

ჩვენგან დაახლოებით 700 სინათლის წლით დაშორებული ერთი რეგიონი ამ მხრივ გამონაკლისია. იქ, პერსევსისა და კუროს თანავარსკვლავედებს შორის, ასტრონომებმა აღმოაჩინეს ვრცელი, სფერული ფორმის ვოიდი (სიცარიელე), რომლის დიამეტრიც 500 სინათლის წელია. მისი პერიმეტრის გარშემო მდებარეობს პერსევსისა და კუროს მოლეკულური ღრუბლები — ცივი გაზისა და მტვრის ღრუბლები, რომლებშიც ახალი ვარსკვლავები იბადებიან.

მას პერსევსი-კუროს გარსი უწოდეს რა როგორც ჩანს, მილიონობით წლის წინ, სულ მცირე ერთი გიგანტური სუპერნოვას აფეთქების შედეგად არის წარმოქმნილი. სავარაუდოდ, ამ ფენომენმა ორ მოლეკულურ ღრუბელში ვარსკვლავთწარმოქმნის პროცესი გამოიწვია.

„გიგანტური ბუშტის კედლებზე, ასობით ვარსკვლავი იბადება ან უკვე არსებობს“, — ამბობს ჰარვარდ-სმიტსონის ასტროფიზიკის ცენტრის ასტროფიზიკოსი შმუელ ბიალი.

მისი განცხადებით, აქვთ ორი თეორია — ამ ბუშტის ცენტრში ერთი სუპერნოვა აფეთქდა, გაზი გარე მიმართულებით გასწია და „პერსევსი-კუროს გარსი“ წარმოქმნა; ანდაც მილიონობით წლის განმავლობაში, იქ სუპერნოვათა სერიები მოხდა.

კოსმოსში საგნების რუკაზე დატანა ფრიად რთული საქმეა. ორ განზომილებაში ეს პირდაპირ შეიძლება გაკეთდეს, მაგრამ სამგანზომილებიან სიღრმეში ცოტა მეტ შრომას მოითხოვს. ამისათვის რამდენიმე გზა არსებობს, მაგრამ ჩვენს ცოდნაში არსებობს გარკვეული სიცარიელეები, ბევრი რამ კი ჯერ ბოლომდე გაურკვეველია.

პერსევსისა და კუროს მოლეკულური ღრუბლების შესასწავლად, მკვლევრებმა „გაიას“ მონაცემები გამოიყენეს. „გაია“ ევროპის კოსმოსური სააგენტოს ხომალდია, რომელიც 2013 წლიდან მუშაობს ირმის ნახტომის ამ დროისათვის ყველაზე დეტალური და ზუსტი სამგანზომილებიანი რუკის შექმნაზე. ის ერთ-ერთი უმძლავრესი ხელსაწყოა, რომლის საშუალებითაც ვსწავლობთ ჩვენი გალაქტიკის არქიტექტურასა და ისტორიას.

მისი მონაცემების დასამუშავებლად გამოიყენეს ვიზუალიზაციის პროგრამული უზრუნველყოფა, სახელად glue, რომლის საშუალებითაც მეცნიერები ინტერაქტიულ 3D ვიზუალიზაციებს ქმნიან. შედეგად, ასტრონომებმა შექმნეს ამ და სხვა მოლეკულურ ღრუბელთა 3D რუკები.

„ამ ღრუბლებს უკვე ათწლეულებია ვხედავთ, მაგრამ არასოდეს ვიცოდით მათი ნამდვილი ფორმა, სიღრმე და სისქე. ასევე დაზუსტებით არ ვიცოდით, როგორ იყო ისინი ჩვენგან დაშორებული. ახლა უკვე 99-პროცენტიანი სიზუსტით ვიცით, სად მდებარეობს ისინი, რისი წყალობითაც შევნიშნეთ მათ შორის გაწოლილი ვოიდი (სიცარიელე)“, — ამბობს ჰარვარდ-სმიტსონის ასტროფიზიკის ცენტრის ასტრონომი კეტრინ ზაკერი.

ბიალის ჯგუფის ანალიზების მიხედვით, თითქმის სფერული ვოიდი სავარაუდოდ წარმოქმნილია მძლავრი სუპერნოვას აფეთქების შედეგად, რამაც შოკური ტალღები ყველა მიმართულებით გატყორცნა ვარსკვლავთშორის სივრცეში. შოკური ტალღების გავრცელებასთან ერთად, მათ მატერია ვარსკვლავთშორის სივრცეში გასწიეს და შეკუმშეს, რის შედეგადაც წარმოიქმნა სფერული გარსი.

ეს ყველაფერი ასევე ცხადყოფს, როგორ შეიძლება მოლეკულურ ღრუბლებში დაიწყოს ვარსკვლავთწარმომქმნელი პროცესი.

„მრავალი სხვადასხვა თეორია არსებობს იმის შესახებ, თუ როგორ გადაეწყობა გაზი ვარსკვლავთა წარმოსაქმნელად. ეს თეორიული იდეები ასტრონომებმა ადრე სიმულაციებით გატესტეს, მაგრამ ახლა პირველი შემთხვევაა, როცა თეორიების დაკვირვებასთან შესადარებლად და მათ შორის საუკეთესო თეორიის გამოსავლენად შეგვიძლია გამოვიყენოთ რეალური და არა სიმულირებული 3D ხედები“, — აღნიშნავს ზაკერი.

მიჩნეულია, რომ ვარსკვლავთწარმოქმნა მაშინ ხდება, როდესაც მოლეკულური ღრუბლის მკვრივი რეგიონი საკუთარი გრავიტაციით კოლაფსირდება და ბრუნვას იწყებს. როცა სუპერნოვას აფეთქების შოკური ტალღა მის გარშემო სივრცეს აფართოებს, გაზი ვარსკვლავთშორის სივრცეში გადააქვს და წარმოქმნის მოლეკულურ ღრუბლებს მკვრივი რეგიონებით, რომლებშიც შემდეგ ახალ ვარსკვლავთა წარმოქმნა იწყება.

მკვლევართა ჯგუფის ვარაუდით, სწორედ ასე მოხდა პერსევსი-კუროს გარსის შემთხვევაშიც. მათი რეკონსტრუქცია მიუთითებს, რომ 6-22 მილიონი წლის წინ, მრავალმა სუპერნოვამ ვარსკვლავთშორის სივრცეში სიღრუე „ამოჭრა“. ასე წარმოიქმნა როგორც გარსი, ისე პერსევსისა და კუროს მოლეკულური ღრუბლები. როგორც დაკვირვებები მიუთითებს, ბუშტი ახლა უკვე აღარ ფართოვდება.

„ეს იმას გვიჩვენებს, რომ როდესაც ვარსკვლავი კვდება, მისი სუპერნოვად აფეთქება წარმოქმნის მოვლენათა ჯაჭვს, რამაც საბოლოოდ, შეიძლება ახალი ვარსკვლავების დაბადება გამოიწვიოს“, — ამბობს ჰარვარდ-სმიტსონის ასტროფიზიკის ცენტრის ასტროფიზიკოსი შმუელ ბიალი.

კვლევა The Astrophysical Journal Letters-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი