მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმა გრძელდება
მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმა გრძელდება

მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმა გრძელდება – ამის შესახებ პირველ არხთან საუბრისას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ პაპუნა უგრეხელიძემ განაცხადა.

„2016 წლის პირველი აგვისტოდან დღემდე მოთხოვნა მიწის რეგისტრაციაზე 500%-ით არის გაზრდილი, დარეგისტრირდა 300 ათასზე მეტი ნაკვეთი, ყოველდღიურად საჯარო რეესტრს აკითხავს 3500-დე მოქალაქე“, – აცხადებს პაპუნა უგრეხელიძე.

ახალი სახელმწიფო პროექტის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების რეგისტრაციაზე რიგი ბარიერები მოიხსნა. მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმა რომელიც 2018 წლის პირველ ივლისამდე მოქმედებს სავარაუდოდ, გაგრძელდება. პროგრამის ფარგლებში, საჯარო რეესტრი მიწის დარეგისტრირების მსურველებს ეხმარება საკუთრების დამადასტურებელი საბუთების მოძიებაში. იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტებში არაარსებითი უზუსტობა ან შეუსაბამობაა და პირი ამის გამო ნაკვეთს ვერ არეგისტრირებს, რეესტრი მას ეხმარება როგორც დოკუმენტაციის მოძიებაში, ასევე აზომვითი ნახაზების საფასურის დაფარვაში.

„ჩვენ ვართ და ვიქნებით მოქალაქის ადვოკატი, თუ წლების წინ ნაკვეთი იყიდეთ, მაგრამ გარიგება მხოლოდ ზეპირად ან წერილობით გააფორმეთ და რეგისტრაციას ვერ ახერხებთ. პროექტის ფარგლებში შეგიძლიათ, მიმართოთ ნოტარიუსს. მოხდება მიწაზე საკუთრების უფლების დაჩქარებული წესით აღიარება. მიწას კერძო ამზომველები გაზომავენ. აზომვითი ნახაზის მომზადების საფასურს სახელმწიფო აანაზღაურებს. ასევე, მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმის ფარგლებში, საქართველოს 12 დასახლებაში საპილოტე პროექტი დაიწყო, რომელიც კერძო, სახელმწიფო და მუნიციპალურ საკუთრებას არეგისტრირებს. ხუთჯერ არის გაზრდილი მიწის რეგისტრაციის მსურველთა რიცხვი, ვფიქრობ პროექტი ზაფხულში, ვადის ამოწურვის შემდეგ ისევ გაგრძელდება“, – აცხადებს საჯარო რეესტრის ხელმძღვანელი.