გიორგი ცუცქირიძე - საბანკო სექტორი დაინტერესებული იყო ცვლილებებით, რაც მომავალში აგროსექტორის განვითარებას მოახდენს
გიორგი ცუცქირიძე - საბანკო სექტორი დაინტერესებული იყო ცვლილებებით, რაც მომავალში აგროსექტორის განვითარებას მოახდენს

თუ ბანკებს შესაძლებლობა ექნებათ, ისინი აგროსექტორს ორი ფაქტორის გამო დააფინანსებენ, – ამის შესახებ „ბანკების ასოციაციის“ ვიცე-პრეზიდენტმა, გიორგი ცუცქირიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„არ იფიქროთ, რომ საბანკო სექტორი მხოლოდ მოგებაზეა ორიენტირებული. ბანკისთვის მთავარი საკრედიტო პორტფელის დივერსიფიკაცია, ანუ რისკების შეწონვაა. აქედან გამომდინარე, საბანკო სექტორი დაინტერესებული იყო ცვლილებებით, რაც მომავალში აგროსექტორის განვითარებას მოახდენს“, – განაცხადა ცუცქირიძემ.

მისი თქმით, არის მოსაზრება, რომ თუ კანონი ძალაში ძველი ვარიაციით დარჩებოდა, ბანკებს პრობლემა შეექმნებოდათ, მაგრამ ეს ასე არ არის.

„უბრალოდ, საბანკო პორტფელში აგროსესხების ისედაც შემცირებული მოცულობა კიდევ უფრო შეიზღუდებოდა და ბანკები აგროსექტორს აღარ დააფინანსებდნენ. ბანკების პორტფელში აგროსექტორი 4%-ზე მეტი მაინც არ ყოფილა და ცვლილება, რომელიც კანონში შედის, პირველ რიგში, აგროსექტორს აძლიერებს“, – განაცხადა ცუცქირიძემ

როგორც ცუცქირიძემ აღნიშნა, რამდენადაც სოფლის მეურნეობა საკმაოდ მაღალრისკიანი დარგია, ბევრ ქვეყანაში აგროსექტორის დაფინანსება სპეციალური სახელმწიფო პროგრამებით ხდება და რისკების პრევენცია-შემცირებას გარკვეულწილად სახელმწიფო ახდენს.

„ხშირად მიდის საუბარი იმაზე, რომ ბანკები სოფლის მეურნეობას არ აფინანსებენ. აგროსექტორის მხარდასაჭერად დღეს საქართველოში ძალიან ბევრი სახელმწიფო პროგრამაა დაწყებული და თანადამფინანსებლებად ყველგან ბანკები მონაწილეობენ“, – განაცხადა ცუცქირიძემ.

გიორგი ცუცქირიძემ ასევე განაცხადა, რომ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტმა საბანკო სექტორის ყველა შენიშვნა, წინადადება, თუ შეთავაზება გაითვალისწინა, რაც ბანკების მიერ აგროსექტორის დაფინანსების შესაძლო შეზღუდვას უკავშირდებოდა.