გიორგი ცუცქირიძე - ბანკების პორტფელში სოფლის მეურნეობის ხვედრითი წილი მხოლოდ 2,8%-ია, ბანკებს დიდი მიწის ნაკვეთი ბუნებრივად ვერ ექნებათ ჩადებული
გიორგი ცუცქირიძე - ბანკების პორტფელში სოფლის მეურნეობის ხვედრითი წილი მხოლოდ 2,8%-ია, ბანკებს დიდი მიწის ნაკვეთი ბუნებრივად ვერ ექნებათ ჩადებული

აბსოლუტური ნონსენსია განცხადება, რომ ბანკებს მთელი სოფლის მეურნეობის მიწები აქვთ ჩადებული, – განაცხადა „ბანკების ასოციაციის“ ვიცე-პრეზიდენტმა, გიორგი ცუცქირიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„ბანკების 21-მილიარდიან პორტფელში სოფლის მეურნეობის ხვედრითი წილი 2,8%-ია. ეს რომ მათემატიკურად გადაიყვანო, ისედაც მცირე ციფრი გამოვა. ვამბობ, რომ მცირეა 450 მილიონი სესხი, რომელიც სოფლის მეურნეობაზეა გაცემული და ბანკებს ძალიან დიდი მიწის ნაკვეთი ბუნებრივად ვერ ექნებათ ჩადებული“, – განაცხადა ცუცქირიძემ.

ამ განცხადებით გიორგი ცუცქირიძემ გადაცემაში სტუმრად მყოფ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, გიორგი ბოტკოველს უპასუხა, რომელმაც აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტებში ბანკები უფრო მეტ მიწას ფლობენ, ვიდრე ყველა გლეხი ერთად, რადგან სოფლის მეურნეობის პროდუქტის მოსაყვანად გლეხებმა სესხები გამოიტანეს და ჩადებული მიწები მათ აღარ ეკუთვნით. 

როგორც გიორგი ცუცქირიძემ აღნიშნა, როცა ქონების დასაკუთრება ხდება, მიწა იქნება ეს, შენობა-ნაგებობა, თუ მოძრავი ქონება, ყოველთვის იდება პირობა, რომ ბანკი მის დასაკუთრებას გარკვეული ვადით ახდენს, შემდეგ კი მის რეალიზაციას ახორციელებს.

„ამიტომ, ბანკებს მიწები აქვთ დასაკუთრებული, ისე არ უნდა გავიგოთ, რომ ბანკები პლანტატორები გახდნენ და მთელი მიწები ხელში ჩაიგდეს“, – განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.

დატოვე კომენტარი