ოთარ დანელია - მმართველი გუნდისთვის მნიშვნელოვანია, საქართველოს მოქალაქე გაცილებით კარგ მდგომარეობაში იყოს, ვიდრე უცხო ქვეყნის მოქალაქე
ოთარ დანელია - მმართველი გუნდისთვის მნიშვნელოვანია, საქართველოს მოქალაქე გაცილებით კარგ მდგომარეობაში იყოს, ვიდრე უცხო ქვეყნის მოქალაქე

მმართველი გუნდისთვის მნიშვნელოვანია, საქართველოს მოქალაქე პრიორიტეტულ პოზიციაში, გაცილებით კარგ მდგომარეობაში იყოს, ვიდრე უცხო ქვეყნის მოქალაქე. ჩვენ სახელმწიფო ვართ და ეს ჩვენი პირდაპირი ვალია, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ოთარ დანელიამ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„შესაბამისად, ნებისმიერ იპოთეკარს რისკის წინაშე დავაყენებთ, ვინაიდან მას სასოფლო-სამეურნეო მიწის, როგორც კონკრეტულ შემთხვევაში უზრუნველყოფის და შემდგომი საკუთრების, დასაკუთრების უფლება არ ექნება, რაც იმას ნიშნავს, რომ შეგნებული იპოთეკები გაფორმდება, მათი პრაქტიკული უმრავლესობა გაპრობლემდება და დავაში გადავა“, – განაცხადა ოთარ დანელიამ.

ოთარ დანელიამ ასევე აღნიშნა საკონსტიტუციო სასამართლოს პრეცედენტი, რომელმაც მისი თქმით, სასოფლო-სამეურნეო მიწის რეგულაციები თავდაყირა დააყენა.

„მინდა ყველას შევახსენო საკონსტიტუციო სასამართლოს პრეცედენტი, რომელმაც სასოფლო-სამეურნეო მიწის რეგულაციები რეალურად თავდაყირა დააყენა. ეს კანონპროექტის ინიცირების ერთ-ერთი ფაქტორი გახლავთ. რა თქმა უნდა, რისკის წინაშე ვდგავართ ჩვენთვის კარგად ცნობილი სამწუხარო ფაქტებიდან გამომდინარეც, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს ნაწილში მივიღეთ, როდესაც კონკრეტული უცხო ქვეყნის მოქალაქე გაამართლეს. ამ შემთხვევაში, კერძო იპოთეკართან მიმართებით იმხელა რისკის ქვეშ დავდგებით, რომ შემდგომში ამ სიტუაციის უკან შემობრუნება პრაქტიკულად გამორიცხული იქნება“, – განაცხადა დანელიამ.

მისი თქმით, იპოთეკარებთან დაკავშირებული პრობლემა ქვეყანაში საკმაოდ მძიმე პრობლემაა და ადამიანებს, რომლებსაც გადახდის არანაირი უნარი არ აქვთ, ცხოვრება ჯოჯოხეთად ექცათ.

„ამ ადამიანებმა თავის დროზე, სასოწარკვეთიდან გამომდინარე, ვინაიდან სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ, კერძო კრედიტები იპოთეკარებისგან ყოველგვარი რისკების გაუთვალისწინებლად აიღეს, თავიანთი ქონება ჩადეს და დღეს ქუჩაში დარჩნენ. ჩვენ, როგორც მმართველ გუნდს, არანაირი მორალური, თუ სხვა სახის უფლება არ გვაქვს, ეს მიმართულება წავახალისოთ. მით უმეტეს, გვაქვს რამდენიმე კონკრეტული არგუმენტაცია და ამ თემასთან მიმართებით რისკებს ვხედავთ“, – განაცხადა ოთარ დანელიამ.

დატოვე კომენტარი