ნინო ზამბახიძე - მიწის დაუმუშავებლობისთვის სანქციები არამხოლოდ უცხო ქვეყნის, არამედ საქართველოს მოქალაქეზეც უნდა გავრცელდეს
ნინო ზამბახიძე - მიწის დაუმუშავებლობისთვის სანქციები არამხოლოდ უცხო ქვეყნის, არამედ საქართველოს მოქალაქეზეც უნდა გავრცელდეს

კანონი ორივე მხარისთვის ერთნაირი უნდა იყოს და სანქციები არამხოლოდ უცხო ქვეყნის, არამედ საქართველოს მოქალაქეზეც უნდა გავრცელდეს, – ამის შესახებ „ფერმერთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, ნინო ზამბახიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ჩვენი პრობლემა ისაა, რომ სასოფლო-სამეურნეო ჰექტრული მოსავალი ძალიან დაბალია და თუ სანქციები იმიტომ წესდება, რომ მიწა დაუმუშავებელია, ქართველზე რატომ არ უნდა გავრცელდეს?!“, – განაცხადა ზამბახიძემ.

მისი თქმით, კანონპროექტი ბევრად დახვეწილია და დღეს ბევრად უკეთესი ვერსიაა მოცემული, ვიდრე მანამდე იყო, თუმცა, „ფერმერთა ასოციაციამ“ რამდენიმე საკითხთან მიმართებით დაზუსტება მოითხოვა. 

„ვთვლით, რომ კიდევ ერთი დამატებითი უწყების, სააგენტოს შექმნა სწორი არ არის და შესაძლებელია, ეს ფუნქცია რომელიმე სამინისტრომ იკისროს. ასევე არ არის სწორი, რომ თუ ადამიანი ერთ ჰექტარზე მეტს ფლობს და მიწის დანაწევრება მოუნდა, ნებართვა სააგენტოდან უნდა აიღოს. ვთვლი, რომ მიწები უნდა გამსხვილდეს, მაგრამ მგონია, რომ ამ შემთხვევაში საკუთრებაში უხეშად ჩარევა ხდება. შეიძლება, ეს იყოს ბიზნესგარიგება, ან მემკვიდრეობითი თემა, სააგენტომ კი შესაძლოა, საჭიროდ არ ჩათვალოს, რომ მიწის დანაწევრება შევძლოთ“, – განაცხადა ზამბახიძემ.

ნინო ზამბახიძემ ასევე აღნიშნა, რომ დღეს ბანკებისთვის სოფლის მეურნეობა მიმზიდველი არ არის, ფერმერების მიმართ გულისხმიერებას არც მიკროსაფინანსო ინსტიტუტები იჩენენ და კერძო იპოთეკის საკითხი შეზღუდული არ უნდა იყოს.

„გვქონდა შემთხვევები, როცა ფერმერებმა თანხა იმ პირებისგან ისესხეს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები აღარ არიან და უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან. ეს იმიტომ, რომ იპოთეკაში მიწა ჰქონდათ ჩადებული და თავიანთი ინვესტირება მათაც დაზღვეული ჰქონოდათ. ახალი კანონპროექტით ეს იკრძალება. თუ რამდენიმე მსესხებელი იქნება, ეს უკვე ეროვნული ბანკის რეგულაციაში ექცევა. ეს რესურსი შესაძლოა, არ წავახალისოთ, მაგრამ ვფიქრობ, ის ინდივიდუალურად არც უნდა ავკრძალოთ და ფერმერულ მეურნეობებს დავუტოვოთ“, – განაცხადა ნინო ზამბახიძემ.