არის თუ არა სამყაროში სხვაგან ცივილიზაციები? იქნებ სადმე ირმის ნახტომშიც? ეს ის კითხვებია, რომლებიც მეცნიერებას ბოლო დროს განსაკუთრებით აწუხებს და დადებითი პასუხი ნამდვილად სიღრმისეულ ცვლილებათა მომტანი იქნება.
მე-20 საუკუნეში რადიოტალღების გამოგონებიდან სულ მალე, კაცობრიობამ არამიწიერი გონიერი სიცოცხლის ძებნა (SETI) აქტიურად დაიწყო. მას შემდეგ, ათწლეულების განმავლობაში, მცდელობები ხან ძლიერდება, ხანაც იკლებს, მაგრამ ძებნა კაცობრიობას სრულად არასოდეს მიუტოვებია.
წარსულში ბევრჯერ დაფიქსირდა გარკვეულწილად აუხსნელი რადიოტალღები, მაგრამ არც ერთი მათგანი არ ყოფილა საიმედო მტკიცებულება. ახლახან დასრულდა ტექნოხელწერების ძებნა ირმის ნახტომის ცენტრში, მაგრამ უშედეგოდ.
თუკი არამიწიერ ცივილიზაციას ოდესმე აღმოვაჩენთ ან კონტაქტს დავამყარებთ, ეს ჩვენი სახეობისთვის თითქმის მისტიკური მომენტი იქნება. ხალხი სწრაფად დაიყოფა სხვადასხვა ბანაკად იდეოლოგიებად, პირველი საკითხი კი ის იქნება, რა უნდა გავაკეთოთ. ბევრი ჩვენგანი ალბათ ქუჩაშიც გავა და ახლებურად შეხედავს ადამიანებს.
თუმცა, თუ კაცობრიობა ოდესმე სადმე სიცოცხლეს აღმოაჩენს, ეს ალბათ უფრო ერთუჯრედიანი სიცოცხლე იქნება აქვე, მზის სისტემაში. დიდი ალბათობით, ეს რომელიმე პლანეტის რომელიმე ბუნებრივი თანამგზავრის ზედაპირქვეშა ოკეანის ბინადარი ბაქტერიები იქნება.
მაგრამ როდესაც ღამის ცას გავცქერით და ვფიქრობთ, ვართ თუ არა მარტონი, უმეტესი ჩვენგანი წარმოიდგენს სიცოცხლის უფრო კომპლექსურ ფორმებს. გვაინტერესებს, არის თუ არა სადმე სხვა ტექნოლოგიური ცივილიზაციები, დგანან თუ არა ჩვენნაირი გამოწვევების წინაშე და ჩვენნაირად აინტერესებთ თუ არა საკუთარი წარმომავლობა და ბედი.
თუმცა, ამ დრომდე მათი ნიშნები არსად არის და ვერც ახალმა კვლევამ მიაგნო რაიმე მტკიცებულებას.
ახალი პუბლიკაცია სერიაში მეოთხეა. თითოეული მათგანი ავსტრალიაში მდებარე მურჩისონის ფართოველიანი ტელესკოპით (MWA) ეძებს დაბალი სიხშირის რადიოტალღებს.
შედეგები ეფუძნება ამ ტელესკოპთა ქსელით ორი ღამის განმავლობაში 7-7 საათით ჩატარებულ დაკვირვებებს. კვლევის სამიზნე ჩვენი გალაქტიკის ცენტრი იყო, სადაც მოთავსებულია სუპერმასიური შავი ხვრელი, სახელად მშვილდოსანი A*. ტექნოხელწერების საძებნელად, მკვლევრებმა მიზანში ამოიღეს 144 ეგზოპლანეტური სისტემა.
სიცოცხლის ძებნა ბიოხელწერებზეა ფუკუსირებული. ბიოხელწერები არის მაგალითად, ისეთი მოლეკულები ან იზოტოპები, რომლებიც სიცოცხლის არსებობაზე მიუთითებს. ტექნოხელწერები უფრო სხვა რამეა.
სხვადასხვა მკვლევარი ტექნოხელწერას სხვადასხვაგვარად ხსნის. მაგრამ ფართო გაგებით, ტექნოხელწერები არის იმ ეფექტთა მტკიცებულება, რომლებიც მხოლოდ ტექნოლოგიების გამოყენებას შეიძლება ჰქონდეს. მაგალითად, ისეთ მეგასაინჟინრო პროექტებს, როგორიც არის ჰიპოთეტური დაისონის სფერო, შეიძლება რადიაცია ეპარებოდეს და მისი დაფიქსირება შესაძლებელიც იყოს.
საკმარისად მოწინავე ცივილიზაციას მათი აგება უნდა შეეძლოს, ანდაც ვარსკვლავთა ორბიტების ცვლილება. ეს ფენომენები სხვა ტექნოლოგიური ცივილიზაციის არსებობის კარგი მტკიცებულება იქნებოდა. ასევე მტკიცებულება, მაგრამ უფრო ძნელად დასაფიქსირებელი იქნებოდა უფრო მარტივი რამეები, მაგალითად, ქლორფტორკარბონები ატმოსფეროში.
ზოგიერთი მკვლევარი რადიოტალღებს ტექნოხელწერად არ მიიჩნევს, რადგან ისინი ბუნებრივადაც წარმოიქმნება. თუმცა, კოსმოსის ვრცელ რეგიონებში ფართომასშტაბიანი ძებნის თვალსაზრისით, რადიოტალღების ძებნა ყველაზე პრაქტიკული რამეა. ტელესკოპ MWA-ით ჩატარებული ბოლო ძებნა 155 მეგაჰერც სიხშირეზე იყო მორგებული.
რადიოტალღები მაინც საძირკველია გონიერი არამიწიერი სიცოცხლის ძებნისთვის. ნაწილობრივ იმიტომ, რომ ისინი ტექნოლოგიური სახეობის ადრეული მანიშნებელია; დიდი ალბათობით, რადიოტალღების წარმოება და დაფიქსირება ყველაზე პირველი იქნება; ასეა ჩვენს შემთხვევაშიც.
როგორც კვლევის ავტორები წერენ, დაბალ სიხშირეებში მძლავრი გადამცემებისა და მიმღებების არსებობა — რომელთაგან ორივე რადიოინჟნერიის გარიჟრაჟზე გამოჩნდა — გვაგულიანებს დაბალი სიხშირის რადიოხელწერების ძებნისკენ, რადგან გვთავაზობს იმ ინჟინერული სიგნალებისა და ინსტრუმენტების მაგალითს, რომელსაც ვეძებთ.
ძებნისათვის გალაქტიკის ცენტრი მიზანში წმინდად ძალისხმევის ეკონომიისთვისა და შედეგებისთვის ამოიღეს: იქ ბევრი ვარსკვლავია. არ ვიცით, სად ვეძებოთ ან არ ვეძებოთ შანსების გასაუმჯობესებლად, რადგან ჯერ არ აღმოგვიჩენია არც ერთი სხვა ტექნოლოგიური ცივილიზაცია. ძებნაში არეალის გაფართოება საზრიანი გადაწყვეტილებაა.
„გალაქტიკის ცენტრი არამიწიერი ცივილიზაციების ძებნის სამიზნე იმიტომ არის, რომ მისკენ ხედვის ხაზში უფრო მეტი ვარსკვლავი იყრის თავს, ვიდრე სხვა ნებისმიერი მიმართულებით“, — წერენ მკვლევრები.
მათივე განცხადებით, რამდენიმე მიზეზი არსებობს როგორც ამ სამიზნის სასარგებლოდ, ისე საწინააღმდეგოდ.
კარგი მხარეა იქ არსებული ბევრი ვარსკვლავი და შესაბამისად, უფრო დიდია ბევრი პლანეტისა და ცივილიზაციის პოტენციალი. თუმცა, ბევრი ვარსკვლავი აუცილებლად საუკეთესოს არ ნიშნავს.
მკვლევართა განცხადებით, გალაქტიკურ ცენტრში ვარსკვლავთა მაღალი სიმჭიდროვე ნიშნავს უფრო დიდ შანსს, რომ იქ არსებული ეგზოპლანეტები დააზიანოს ისეთმა კატაკლიზმურმა მოვლენებმა, როგორიც არის სუპერნოვას აფეთქებები ან მაგნეტართა ანთებები, რასაც პლანეტათა ზედაპირზე არსებული სიცოცხლის განადგურება შეუძლია.
ვარსკვლავთა მაღალი სიმჭიდროვის გამო, გალაქტიკურ ცენტრში ხშირი უნდა იყოს ვარსკვლავური ჩავლები, ანუ, ერთი ვარსკვლავის გავლა მეორის სიახლოვეს. ეს კი ცუდი ამბავია არა მხოლოდ ცივილიზაციისთვის, არამედ არევს პროტოპლანეტურ დისკოებსაც და ხელს შეუშლის პლანეტათა წარმოქმნის პროცესს.
მეორე მხრივ, გალაქტიკის ცენტრი საძებნელად იმედისმომცემი ადგილია.
„ამ ფაქტორების მიუხედავად, 2011 წელს ჩატარებულმა მოდელირებამ აჩვენა, რომ იმ პლანეტათა უმეტესობა, რომლებიც შეიძლება კომპლექსური სიცოცხლისთვის იყოს ხელსაყრელი, გალაქტიკის შიდა ნაწილისკენ უნდა იყოს თავმოყრილი. როდესაც ეს მოდელი გონიერ სიცოცხლეზეც განავრცეს, ალბათობა მაღალი კვლავ გალაქტიკის შიდა ნაწილში აღმოჩნდა“, — წერენ კვლევის ავტორები.
2021 წელს ჩატარებული კიდევ ერთი კვლევის მიხედვით, მიუხედავად მთელი ამ დაბრკოლებებისა, გალაქტიკის ცენტრი საძებნელად მაინც საუკეთესო ადგილია.
„ხედვის ხაზი გალაქტიკის ცენტრის მიმართულებით, გაცილებით მეტ პოტენციურად სასიცოცხლო სისტემას გვთავაზობს, ვიდრე სხვა ნებისმიერი მიმართულება ცაზე“, — აღნიშნავენ მკვლევრები.
თანაც, იქ, სადაც ვარსკვლავები ერთმანეთთან ახლო-ახლოს არის, არამიწიერ ცივილიზაციას გავრცელების უფრო მეტი შანსი აქვს.
ახალი ძებნა მიმართული იყო 144 ეგზოპლანეტური სისტემისკენ, მაგრამ ასევე მოიცავდა გალაქტიკის ცენტრისა და ამოზნექილობის მიმართულებით არსებულ სამ მილიონზე მეტ ვარსკვლავს. მკვლევართა განცხადებით, არ დაფიქსირდა არც ერთი შესაძლო ტექნოხელწერა.
და ბოლოს, ხელწერების ვერდაფიქსირება არ ნიშნავს იმას, რომ არანაირი სიგნალი არ არის. ეს უბრალოდ იმას ნიშნავს, რომ ამ კონკრეტულ დროს, კონკრეტული ტექნოლოგიებითა და მეთოდოლოგიით, სიგნალები ვერ დავაფიქსირეთ.
ყოველი ასეთი ძებნა რაღაც ახალს გვეუბნება ძებნის მეთოდის შესახებ და მისი სამომავლოდ გაუმჯობესების შანსს გვაძლევს. ყველაზე კარგი ალბათ მთელი გალაქტიკის მასშტაბით ძებნა იქნებოდა, მაგრამ ამისათვის ჯერ ბევრი შრომაა საჭირო.
იქამდე კი ნამდვილად მარტონი ვართ. ჩვენთვის ჯერ არ არსებობს სხვა ტექნოლოგიური ცივილიზაცია. მათი პოვნა ჯერ კიდევ ოცნებად რჩება.
კვლევა ხელმისაწვდომია რეზენცირებამდელ სერვერზე arxiv.org.
მომზადებულია Universe Today-ს მიხედვით.