ათი მილიონი ვარსკვლავის კვლევისას, არამიწიერ ცივილიზაციათა ტექნოლოგიების კვალს ვერ მიაგნეს — #1tvმეცნიერება
ათი მილიონი ვარსკვლავის კვლევისას, არამიწიერ ცივილიზაციათა ტექნოლოგიების კვალს ვერ მიაგნეს — #1tvმეცნიერება

სამხრეთის ცის ერთ-ერთ მონაკვეთზე ჩატარებული ყოვლისმომცველი ძებნისას, არამიწიერი ტექნოლოგიების ნიშანიც კი ვერ დაფიქსირდა დაბალ რადიოსიხშირეში.

იალქნების თანავარსკვლავედის მიმართულებით, სულ მცირე 10 მილიონ ვარსკვლავზე გონიერი არამიწიერი ცივილიზაციის ღრმა და ფართო კვლევის ფარგლებში, ავსტრალიის მურჩისონის ფართო ხედვის ტელესკოპთა წყებამ (MWA) თავის დიაპაზონში ტექნოხელწერის ვერანაირ კვალს ვერ მიაგნო.

თუმცა, ავსტრალიის კურტინის უნივერსიტეტის რადიოასტრონომიის კვლევების საერთაშორისი ცენტრის ასტრონომები — ჩეონა ტრემბლი და სტივენ ტინგეი ამბობენ, რომ ასეთი შედეგები სულაც არ არის გულდასაწყვეტი.

უფრო მეტიც, კვლევამ აჩვენა, რამდენად მარტივია გონიერ არამიწიერ ცივილიზაციათა ძებნის (SETI) სამუშაოების ჩატარება სხვა ასტროფიზიკურ დაკვირვებათა პარალელურად.

გონიერ არამიწიერ ცივილიზაციათა ძებნა საკმაოდ რთული საქმეა. არაფერი ვიცით, რა სახის ტექნოლოგია შეიძლება ჰქონდეს არამიწიერ ცივილიზაციას და შესაბამისად, ვეყრდნობით იმას, რაც ვიცით — ჩვენს საკუთარ ტექნოლოგიებსა და თეორიას. მურჩისონის ფართო ხედვის ტელესკოპთა წყება (MWA) რადიოსიგნალებს FM რადიოს მსგავს სიხშირეებში ეძებს.

აქ, დედამიწაზე, ძალიან დაბალი რადიოსიხშირე შეიძლება იონოსფეროში „გაიჟონოს“, რასაც იქ მოძრავი ჩვენი ხომალდებიც აფიქსირებენ. ცოტა ხნის წინ ასევე დადგინდა, რომ ძალიან დაბალი სიხშირის გამოსხივება ჩვენი პლანეტის გარშემო წარმოქმნის გიგანტურ ბუშტს.

თუ ასეთ სიგნალებს არამიწიერი ცივილიზაციებიც წარმოქმნიან და თუ მათ სიგნალებს საკმარისი სიძლიერე აქვს, მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ მათი დაფიქსირება შეგვიძლია. თუმცა, იალქნების თაბავარსკვლავედში, ტელესკოპ MWA-ით ეს ვერ შევძელით.

„MWA უნიკალური ტელესკოპია, აქვს წარმოუდგენლად ფართი ხედვის კუთხე, რაც ერთდროულად მილიონობით ვარსკვლავზე დაკვირვების საშუალებას გვაძლევს. იალქნების თანავარსკვლავედის გარშემო ცას 17 საათის განმავლობაში ვაკვირდებოდით, 100-ჯერ უფრო ფართოდ და ღრმად, ვიდრე ოდესმე. მიუხედავად ამისა, ვერ ვიპოვეთ ტექნოხელწერა, ანუ არამიწიერი ცივილიზაციის ნიშანი“, — ამბობს ტრემბლი.

იალქნების თანავარსკვლავედი დედამიწიდან შეიძლება ცის უბრალო პატარა მონაკვეთად მოჩნას, მაგრამ ის იმაზე გაცილებით გადატვირთულია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. შეიცავს იალქნების სუპერნოვას ნარჩენს, რომელსაც ტრემბლი აქტიურად სწავლობდა და ღრუბლის ქიმიურ შემადგენლობას დაბალ სიხშირეებში აკვირდებოდა.

შესწავლილი რეგიონი მოიცავს სხვადასხვა მანძილზე მდებარე სულ მცირე 10 მილიონ ვარსკვლავს, რაც ირმის ნახტომის მხოლოდ უმცირესი ნაწილია; ამჟამინდელი შეფასებით, ჩვენს გალაქტიკაში 100-დან 400 მილიარდამდე ვარსკვლავია.

შესაბამისად, სულაც არ არის დიდად გასაკვირი, რომ ცის ამ მონაკვეთში სიგნალები არ დაფიქსირდა.

„მიუხედავად იმისა, რომ მართლაც დიდი კვლევაა, ჩვენ მიერ შესწავლილი მონაკვეთი დაახლოებით იმას ჰგავს, დედამიწის ოკეანეებში რომ ვეძებდეთ რაღაცას, მაგრამ მხოლოდ ეზოს აუზის ოდენობის წყალში“, — ამბობს ტრემბლი.

არის სხვა მიზეზებიც, რომელთა გამოც შეიძლება, რომ ვერ ვაფიქსირებთ ტექნოხელწერებს, ანუ შესაძლო არამიწიერ ცივილიზაციათა სიგნალებს. როგორც უკვე ვთქვით, არამიწიერი ტექნოლოგია შეიძლება ოდნავაც არ ჰგავდეს ჩვენსას; შეიძლება ისეთი იყოს, როგორის არსებობასაც ჰიპოთეზი დონეზეც კი ვერ წარმოვიდგენთ.

„თუ გავითვალისწინებთ, რომ არაფერი ვიცით, როგორ ტექნოლოგიებს შეიძლება იყენებდნენ შესაძლო არამიწიერი ცივილიზაციები, საჭიროა ისინი მრავალი სხვადასხვა გზით ვეძებოთ. რადიოტელესკოპთა გამოყენებით შეგვიძლია სივრცე რვა განზომილებაში ვიკვლიოთ“, — ამბობს ტრემბლი.

მისივე თქმით, არამიწიერ ცივილიზაციათა პოვნამდე ჯერ დიდი დროა, მაგრამ ისეთი ტელესკოპები, როგორიც MWA-ია, ამ მიმართულებით უდიდეს პოტენციალს ფლობენ.

არამიწიერ ცივილიზაციათა გულშემატკივრებს აქვე გეტყვით, რომ მტკიცებულებათა არარსებობა სულაც არ ნიშნავს მათ არარსებობას. სრულიად შესაძლებელია, რომ არამიწიერი ცივილიზაციის მიერ გამოსხივებული ნებისმიერი ელექტრომაგნიტური რადიაცია ძალიან შორს ან ძალიან სუსტი იყოს, რათა დავაფიქსიროთ.

ავიღოთ დედამიწა, როგორც ერთადერთი ცნობილი მაგალითი. რადიოსიგნალებს ჩვენ მხოლოდ 1895 წლიდან ვაწარმოებთ. შესაბამისად, ჩვენი სიგნალები ჯერ მხოლოდ დედამიწიდან დაახლოებით 100 სინათლის წლის რადიუსში იქნება გავრცელებული.

მანძილთან ერთად, რადიოსიგნალები სუსტდება, შებრუნებული კვადრატის კანონის შესაბამისად. ორმაგი მანძილის გავლისას, სიგნალის სიმძლავრე საწყისი წერტილის მხოლოდ მეოთხედიღაა. 100 სინათლის წლის მოშორებით, შეუძლებელი იქნება დედამიწის რადიოტალღების გარჩევა ფონური ხმაურისგან.

თუმცა, ვინ იცის, რა შეიძლება ვიპოვოთ უფრო მძლავრი ტელესკოპებით, მაგალითად, SKA-ით, რომლიც დასავლეთ ავსტრალიასა და სამხრეთ აფრიკაში შენდება?

„მგრძნობელობის გაზრდის გამო, დაბალი სიხშირის ტელესკოპ SKA-ს შეეძლება დააფიქსიროს დედამიწის მსგავსი რადიოსიგნალები შედარებით ახლომდებარე პლანეტური სისტემებიდან“, — ამბობს ავსტრალიის კურტინის უნივერსიტეტის რადიოასტრონომიის კვლევების საერთაშორისი ცენტრის ასტრონომი ჩეონა ტრემბლი.

მისივე თქმით, SKA-ს საშუალებით მილიარდობით ვარსკვლავური სისტემის კვლევას შევძლებთ, სხვა პლანეტათა ასტრონომიულ ოკეანეში მოვძებნით ტექნოხელწერებს.

კვლევა Publications of the Astronomical Society of Australia-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია icrar.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.