ყველაფერი დეტალებშია.
ერთი შეხედვით, მარსი მტვრიან, მშრალ, მკვდარ, მოწყენილ პლანეტას წააგავს, მაგრამ მეცნიერება სხვაგვარად ფიქრობს. მეცნიერება ამბობს, რომ წითელი პლანეტა მილიარდობით წლის წინ თბილი და ტენიანი იყო, ჰქონდა ატმოსფერო, თანაც საკმარისად დიდხანს, რათა იქ სიცოცხლე აღმოცენებულიყო და განვითარებულიყო.
თუმცა ამ დრომდე არ ვიცით, აღმოცენდა თუ არა იქ ოდესმე სიცოცხლე.
ბოლო წლებში განსაკუთრებით გაიზარდა სამეცნიერო ძალისხმევა იმის გასარკვევად, იყო თუ არა მარსი ერთ დროს სიცოცხლისთვის ხელსაყრელი. ახლა, როცა მარსმავალი „სპირიტი“ და „ოპორტუნიტი“ უკვე მწყობრიდან არის გამოსული, ამ საქმეს „კურიოზიტი“ აგრძელებს.
მარსმავალი „კურიოზიტი“ გეილის კრატერის მიდამოებში დადის და ეძებს მტკიცებულებებს, რომ ოდესღაც იქ სიცოცხლე მართლაც ყვაოდა. გეილის კრატერი დამშრალი ტბის ფსკერია და მეცნიერთა განცხადებით, ის უმთავრესი ადგილია, სადაც სიცოცხლის კვალი უნდა ვეძებოთ.
კრისტოფერ ჰაუსი პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის მეცნიერებათა პროფესორია. ამავე დროს, იგი ნასას მარსის მეცნიერებათა ლაბორატორიის ერთ-ერთი მკვლევარია. უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზში ჰაუსი ლაბორატორიის მისიების შესახებ საუბრობს.
მისი თქმით, გეილის კრატერის ადგილას ერთ დროს ტბა იყო, რომელშიც წყალი მილიონობით წლის განმავლობაში არსებობდა. „კურიოზიტიმ“ იქ ტალახის მრავალი ფენაც აღმოაჩინა.
„კურიოზიტის“ სამიზნედ გეილის კრატერი მისი კომპლექსურობის გამო შეარჩიეს. ის, რომ მის ადგილას ერთ დროს ტბა იყო, ნიშნავს იმას, რომ კრატერში არის მინერალები, რომლებიც მარსის სიცოცხლისუნარიანობის საიდუმლოს მალავს. თუმცა, პრობლემა ის არის, რომ ტბა თანდათან დანალექებით ამოივსო.
ეს დანალექები გაქვავდა, შემდეგ კი ეროდირდა. სწორედ ამ პროცესმა წარმოშვა შარპის მთა, რომელიც გეილის კრატერის შუაგულშია აღმართული.
ჰაუსის განცხადებით, მთლიანმა სისტემამ, მათ შორის მიწისქვეშა წყლებმა, გაცილებით მეტხანს გაძლო, ალბათ მილიარდობით წლის განმავლობაში.
„იქ არის სულფატით სავსე ნატეხები, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ამ ქანებში წყალი გაცილებით გვიანაც მოძრაობდა, მას შემდეგ, რაც პლანეტაზე ტბები აღარ წარმოიქმნებოდა“, — ამბობს ჰაუსი.
ჰაუსი მარსის მეცნიერების ლაბორატორიაში ნიმუშების ანალიზის განყოფილებაში მუშაობს. ის და მისი ჯგუფი იყენებს ინსტრუმენტს, რომელიც ქანების ნიმუშებს აცხელებს; ასევე იყენებენ მასის სპექტრომეტრს, რათა გაზომონ გაცხელების შედეგად გამოთავისუფლებული მოლეკულები. მოლეკულების მასა მეცნიერებს ეხმარება გამოყოფილი გაზების იდენტიფიცირებაში.
ჰაუსს და სხვა მეცნიერებს განსაკუთრებით აინტერესებთ სულფატებისა და სულფიდი მინერალებისგან გამოყოფილი გოგირდოვანი აირები. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ისეთი შემცირებული გოგირდის მინერალების არსებობა, როგორიცაა პირიტი, ყველაზე გავრცელებული სულფიდური მინერალი — უნდა მიუთითებდეს გარემოზე, რომელიც წარსულში სიცოცხლისთვის ხელსაყრელი იყო. დანალექებში წარმოქმნისთვის პირიტს ორგანული მასალის არსებობა სჭირდება.
ჰაუსი სედიმენტოლოგიისა და სტარტიგრაფიის ჯგუფს ხელმძღვანელობს. როგორც სახელიც მიუთითებს, ჯგუფი მარსის ზედაპირის ქანების ფენებს სწავლობს, რათა შეისწავლოს ის გარემო, რომელშიც ისინი ჩამოყალიბდა. გარდა ამისა, ჰაუსი ასევე ჩართულია მავალის ტაქტიკურ გეგმარებაში.
თვეში რამდენჯერმე, მსოფლიოს მეცნიერებთან ერთად, ჰაუსი „კურიოზიტის“ შემდეგი თვის ოპერაციებს გეგმავს.
„კურიოზიტის“ ყოველდღიური ოპერაციები სწრაფი და დეტალურია. ჰაუსის თქმით, ჩვენ ვცხოვრობთ პლანეტური მეცნიერების ოქროს ხანაში, რაც სტიმულის მომცემი და ხშირად საგონებელში ჩამგდებია.
„მავალის ყოველი მოძრაობისას, ჩვენ წინ იშლება თვალთახედვის სრულიად ახალი არე ახალი ქანებითა და ახალი პასუხგაუცემელი კითხვებით“.
ჰაუსისთვის მარსი მომაჯადოებელი სამყაროა, რომლის შესახებაც უკვე საკმაოდ ბევრი რამ ვისწავლეთ. მარსი ჯერ კიდევ დინამიკური ადგილია და უკვე ვიცით, რომ დიდი ალბათობით, ის სიცოცხლისთვის ხელსაყრელი იყო.
„მისიები ასევე გვაჩვენებს, რომ მარსი კვლავ აქტიური პლანეტაა მეთანის გამოყოფებითა და გეოლოგიით, მათ შორის ვულკანური ამოფრქვევებით არც თუ ისე შორეულ წარსულში. მარსის, როგორც დინამიკური კლდოვანი პლანეტის მიმართ ინტერესი უდიდესია; მზის სისტემაში ის ერთ-ერთი ყველაზე მეტად ჰგავს დედამიწას“, — აღნიშნავს ჰაუსი.
ჰაუსი მართალია. მიუხედავად იმისა, რომ მარსი ერთი შეხედვით მშრალი, უნაყოფო, ცივი და უსიცოცხლოა, ის იმაზე მეტად ჰგავს დედამიწას, ვიდრე ნებისმიერი სხვა ობიექტი მზის სისტემაში. ვენერა ნამდვილი ჯოჯოხეთია, იუპიტერი გაზის გიგანტური რადიოაქტიური ბურთია, სხვა პლანეტები და მთვარეები ყინულოვანი, მზისგან შორს მდებარე მკვდარი სხეულებია, მერკური კი უბრალოდ შეგვიძლია ამ სიაში არ შევიტანოთ.
„კურიოზიტი“ და მთელი მისი საქმიანობა მუდმივად აფართოებს ჩვენს სამეცნიერო ცოდნას მარსის შესახებ. 2014 წელს მავალმა დააფიქსირა ზედაპირის სიღრმიდან ამომავალი მეთანის ჭავლები, რაც ხშირად ორგანულ პროცესებთან არის დაკავშირებული. იმავე წელს, მავალმა ნახშირბადის ორგანული ნაერთები იპოვა, 2018 წელს კი ორგანული მოლეკულები.
2013 წელს მავალმა ასევე მიაგნო უძველესი ნაკადულის კალაპოტი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მარსის ზედაპირზე ერთ დროს ნამდვილად მიედინებოდა მდინარეები.
„კურიოზიტი“ მარსის ზედაპირზე 2012 წლის 6 აგვისტოს დაჯდა და მას შემდეგ მტკიცედ აგრძელებს სამეცნიერო საქმიანობას. თავდაპირველი გეგმის მიხედვით, მისიის ხანგრძლივობა 687 დღე უნდა ყოფილიყო, მაგრამ უკვე 2500 დღეზე მეტია გასული და მავალს კვლავ ფასდაუდებელი წვლილი შეაქვს მეცნიერებაში.
„კურიოზიტი“ წითელი პლანეტის უკვე არაერთი საიდუმლო ამოხსნა და ამ საქმიანობას გააგრძელებს იქამდე, ვიდრე მის რადიოიზოტოპურ თერმოელექტრულ გენერატორს საწვავი ეყოფა.
ყველაფერი, რაც ამ დიდებულმა მისიამ გვასწავლა, უბრალოდ შეუფასებელია.
მომზადებულია Universe Today-ს მიხედვით.