იმალება თუ არა სიცოცხლე მარსის ზედაპირქვეშ
იმალება თუ არა სიცოცხლე მარსის ზედაპირქვეშ

მარსზე სიცოცხლის საპოვნელად, მეცნიერებს შეიძლება, კვლევების გაგრძელება წითელი პლანეტის ზედაპირქვეშ მოუხდეთ.

როგორც წესი, მარსის მისიები სიცოცხლის ნიშნებს პლანეტის ზედაპირზე ეძებენ, ისეთ ადგილებში, სადაც წარსულში არსებული წყლის კვალი შეიმჩნევა. მიუხედავად იმისა, რომ მარსის ზედაპირზე სიცოცხლე ჯერ არ გვიპოვნია, წითელი პლანეტის ზედაპირქვეშ შესაძლოა, მიკრობული სიცოცხლე ყვაოდეს. ამის შესახებ ახალი კვლევა იუწყება.

ბოლო ათწლეულების განმავლობაში, დედამიწის ზედაპირქვეშა კვლევებმა გამოავლინა ე. წ. ღრმა ბიოსფერო — მიკროორგანიზმებით სავსე მიწისქვეშა გარემო. მეცნიერებს ეჭვი აქვთ, რომ ბიოლოგიურად მდიდარი მსგავსი ზონა შეიძლება, მარსის ზედაპირქვეშაც ყვაოდეს.

მილიარდობით წლის წინ, როცა მზის სისტემის პლანეტები ჯერ ძალიან ახალგაზრდები იყვნენ, მარსის ზედაპირი სავარაუდოდ ძალიან ჰგავდა მისი კლდოვანი მეზობლისას — დედამიწისას. ეს ყველაფერი მაშინ შეიცვალა, როცა მარსმა მაგნიტური ველი დაკარგა, რის გამოც წითელი პლანეტა ძლიერი რადიაციის წინაშე დაუცველი აღმოჩნდა. ეს კი ძლიერ ზიანს მიაყენებდა ზედაპირს.

თუმცა შესაძლებელია, ვიდრე ეს მოხდებოდა, მარსზე სიცოცხლე უკვე არსებობდა. მეცნიერთა აზრით, დედამიწაზე სიცოცხლე დაახლოებით 3,8 მილიარდი წლის წინ აღმოცენდა, როცა გარემო პირობები ზოგიერთ ადგილას ძალიან ჰგავდა დღევანდელი ჰიდროთერმული ღრმულების გარემოს. ასეთივე პირობები უნდა ყოფილიყო მარსზეც.

ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის დედამიწის მეცნიერებათა პროფესორის, ჯოზეფ მიჩალსკის აზრით, მარსზე და დედამიწაზე სიცოცხლე დაახლოებით ერთ პერიოდში უნდა წარმოქმნილიყო, მაგრამ წითელი პლანეტის შემთხვევაში, ის მიწისქვეშა გარემოს უნდა მორგებოდა.

თუკი შეიძლება, რომ დედამიწის ღრმა ბიოსფერო რაიმე მინიშნებად ჩაითვალოს, მარსის მიწისქვეშა მიკრობული საზოგადოება შესაძლოა, განსაკუთრებით მდიდარი და მრავალფეროვანი იყოს. დედამიწის ღრმა ბიოსფერო პირველად 30 წლის წინ აღმოაჩინეს და როგორც მას შემდეგ თანდათან გაირკვა, ეს ღრმად ბინადარი მიკროორგანიზმები პლანეტის სიცოცხლის დაახლოებით ნახევარს შეადგენენ.

დედამიწის ღრმა ბიოსფერის მიკრობები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ნახშირბადის დამარხვაში, რომელიც სხვა შემთხვევაში სათბურის გაზი გახდებოდა. მიჩალსკის თქმით, ისინი დაკავშირებული არიან ღრმა ენერგორესურსებთან და საკმაოდ მნიშვნელოვანი არიან სიცოცხლის წარმოშობისა და ევოლუციის შესასწავლად.

როგორც იგი აღნიშნავს, ამჟამად ვიმყოფებით ეტაპზე, როცა დროა გავიგოთ, რას ნიშნავს სინამდვილეში დედამიწის ღრმა ბიოსფერო და როგორ არის ის დაკავშირებული ეგზოპლანეტებთან და მზის სისტემის სხვა პლანეტებთან.

მარსის მიწისქვეშეთი განსაკუთრებით იმედისმომცემი ადგილია არამიწიერ მიკრობთა საპოვნელად, რადგან ის მიკოროორგანიზმთათვის გაცილებით უფრო ხელსაყრელია, ვიდრე დედამიწის ღრმა ბიოსფერო. მარსის მიწისქვეშა ქანები დედამიწისაზე უფრო ფოროვანია და წარმოქმნის „ჯიბეებს“ საკვები ნივთიერებებისა და გაზების გაცვლა-გამოცვლისთვის. გარდა ამისა, მარსის ცივი ბირთვი უზრუნველყოფს უფრო სტუმართმოყვარე ტემპერატურას ღრმა ქანების ბინადარ მიკრობთათვის.

„საქმე უნდა ეხებოდეს ერთუჯრედიან ორგანიზმებს, რომლებიც შესაძლოა, საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე მიძინებული იყოს და ცოცხლობდნენ წყალბადის, მეთანისა და იქნებ გოგირდის მეტაბოლიზმის გზით. შესაძლებლობები ნამდვილად ბევრია“, — აღნიშნავს ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის დედამიწის მეცნიერებათა პროფესორი ჯოზეფ მიჩალსკი.

მომზადებულია Live Science-ისა და space.com-ის მიხედვით.