მარსის სამხრეთ პოლუსის დიდი ხნის საიდუმლო სავარაუდოდ საბოლოოდ ამოიხსნა
მარსის სამხრეთ პოლუსის დიდი ხნის საიდუმლო სავარაუდოდ საბოლოოდ ამოიხსნა

მეცნიერებმა შერლოკ ჰოლმსის ფორმა მოირგეს, რათა ამოეხსნათ საიდუმლო, რომელსაც უკვე ათწლეულებია, ვერავინ ვერაფერი მოუხერხა — მარსის სამხრეთ პოლუსთან CO2-ისა და წყლის ყინულის უზარმაზარი ფენების წარმომავლობა, ასევე, მისი კავშირი მარსის ატმოსფეროში არსებულ CO2-თან.

ერთ-ერთი წამყვანი ჰიპოთეზის მიხედვით, ეს ფენები ერთმანეთის თავზე დაილექა მარსის ღერძის მზისკენ გადახრისა და გადმოხრის შედეგად. ამ მოსაზრებას მხარს უჭერს ახალი კვლევის ფარგლებში შექმნილი სიმულირებული მოდელები.

აღნიშნული ყინულის ქუდი სიღრმეში დაახლოებით ერთი კილომეტრია და მეცნიერთა აზრით, შეიცავს იმდენივე CO2-ს, რასაც მარსის დღევანდელი ატმოსფერო მთლიანად.

ნასას პლანეტური მეცნიერის, პიტერ ბაჰლერის განცხადებით, როდესაც კომპიუტერულ მოდელს უშვებ, როგორც წესი, არ ელოდები, რომ შედეგები ასე ძალიან დაემთხვეს იმას, რასაც აკვირდები კიდეც.

თუმცა, როგორც იგი აღნიშნავს, ყინულის შრეების სისქე, რაც მოდელმა განსაზღვრა, ბრწყინვალედ ემთხვევა მარსის ორბიტაზე მოძრავ თანამგზავრთა მიერ ჩატარებულ რადარულ გაზომვებს.

სამხრეთ პოლუსის ყინულის ქუდი უცნაური იმით არის, რომ ის იქ ნამდვილად არ უნდა იყოს — წყლის ორთქლი თერმულად უფრო სტაბილური და მუქია, ვიდრე CO2-ის ყინული და შესაბამისად, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ წყლის ყინულის ქვეშ ჩაჭედვისას, CO2-ის ყინულმა მდგრადობა უნდა დაკარგოს.

ახალი მოდელის მიხედვით, ამისგან მას სამი ფაქტორი იცავს — მზის გარშემო მოძრაობისას მარსის ცვალებადი დახრილობა ღერძის მიმართ, ამ ორი ტიპის ყინულის მიერ მზის სინათლის სხვადასხვანაირად არეკვლა და ატმოსფერული წნევის ცვლილება, რაც ხდება მაშინ, როცა CO2-ის ყინული აირად გარდაიქმნება.

მარსის ბრუნვაში რხევების შედეგად, იცვლება სამხრეთ პოლუსთან მიღწეული მზის სინათლის ოდენობა, რის გამოც, ზოგიერთ პერიოდში CO2-ის ყინული წარმოიქმნება, ზოგიერთში კი ის სუბლიმირდება, ანუ მყარი მდგომარეობიდან პირდაპირ აირადში გადადის.

ყინულის წარმოქმნის პერიოდების დროს, CO2-თან ერთად უნდა ჩაჭედილიყო წყლის ყინულიც. სუბლიმაციის დროს კი, ეს უფრო სტაბილური ყინული ხელუხლებლად უნდა დარჩენილიყო და წარმოექმნა ფენები, რომლებიც დღეს არის წარმოდგენილი მარსის სამხრეთ პოლუსზე.

დროთა განმავლობაში, წითელ პლანეტაზე შეიცვალა კლიმატიც, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ ჯერზე CO2-ის ყინული მთლიანად აღარ სუბლიმირდებოდა, რის გამოც წარმოიქმნა CO2-ისა და წყლის ყინულის თანმიმდევრული ფენები. როგორც მოდელები აჩვენებს, ამ პროცესმა შეცვალა ატმოსფერული წნევა, დღევანდელ მაჩვენებელთან შედარებით თითქმის ორჯერ, რასაც მკვლევრები 1960-იან წლებშიც პროგნიზრებდნენ.

მეცნიერთა აზრით, ეს პროცესი დაახლოებით 510 000 წლის განმავლობაში გრძელდებოდა, მზის უკიდურესი ნათების ბოლო პერიოდიდან მოყოლებული, რა დროსაც მთელი CO2-ი მარსის ატმოსფეროში უნდა აორთქლებულიყო.

მარსის სამხრეთ პოლუსის ყინულის ქუდის ამბავში უკეთ გარკვევა ნიშნავს იმას, რომ მკვლევრებს პოტენციურად შეუძლიათ ბევრი სხვა რამეც შეიტყონ მარსის ხანგრძლივი ისტორიიდან.

პიტერ ბაჰლერის განცხადებით, მარსის ატმოსფერული წნევის ცვლილების განსაზღვრა ფუნდამენტური საკითხია მარსის კლიმატის ევოლუციაში გასარკვევად, მათ შორის, თხევადი წყლის სატბილურობისა და მარსის ზედაპირის სიცოცხლისუნარიანობის შესასწავლად.

კვლევა ჟურნალ Nature Astronomy-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია caltech.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.