მარიამ კუბლაშვილი - ჩატაევთან ერთად ლიკვიდირებულები თითქმის ორი წლის განმავლობაში იმყოფებოდნენ საქართველოში
მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატის, მარიამ კუბლაშვილის ინფორმაციით, ახმედ ჩატაევთან ერთად ლიკვიდირებული ორი პირი სპეცოპერაციის ჩატარებამდე საქართველოში დაახლოებით ორი წლის განმავლობაში ცხოვრობდა.
მარიამ კუბლაშვილი აცხადებს, რომ მას ამის მტკიცებულებები უკვე აქვს.
“არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც აქამდე არ მითქვამს – ახმედ ჩატაევთან ერთად ლიკვიდირებული ორი ადამიანი სავარაუდოდ თითქმის ორი წელი იმყოფებოდა საქართველოში, ისინი ახმედ ჩატაევთან ერთად არ შემოსულან საქართველოში. ყურადსაღებია, რომ მათ რამდენიმე ადამიანთან უნებლიედ ჰქონდათ შეხება. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ვიმუშავებთ და გავაკეთებთ არაერთ გამოკითხვის ოქმს და წარვადგენთ ძალიან მნიშვნელოვან მტკიცებულებას. ეს მტკიცებულებები ჩვენ უკვე გვაქვს”, – განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.