თამარ ჩუგოშვილი - დეპუტატებზეა დამოკიდებული, შეიქმნება თუ არა მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისია
თამარ ჩუგოშვილი - დეპუტატებზეა დამოკიდებული, შეიქმნება თუ არა მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისია

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, პარლამენტის წევრებზეა დამოკიდებული, შეიქმნება თუ არა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისია. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, კომისიის შექმნას 50 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

„ თუ 50 დეპუტატი მხარს დაუჭერს კომისიის შექმნას, კომისია შეიქმნება”, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

ამასთან, ჩუგოშვილის თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაშინდელი ხელმძღვანელისგან, ვახტანგ გომელაურისგან აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, დახურულ სხდომაზე ყველა კითხვაზე მიიღო პასუხი.

„როცა სუს-ის მაშინდელ ხელმძღვანელს, ვახტანგ გომელაურს დახურულ სხდომაზე მოვუსმინეთ, დეპუტატებისთვის ყველა საკითხი ცნობილი გახდა. მათ შორის, დიდი დრო დაეთმო მაჩალიკაშვილის საქმის განხილვას. ამ განხილვაზე პასუხი ყველა კითხვაზე მივიღე. 50 დეპუტატი მხარს დაუჭერს თუ არა კომისიის შექმნას, ეს რთული სათქმელია, კენჭისყრის დროს გამოჩნდება“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს. მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზნით, პარლამენტის 15 ოქტომბრის ბიუროს დადგენილების პროექტი წარედგინება. 

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უნდა შეისწავლოს „2017 წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის ფაქტი“.

დატოვე კომენტარი