სოსო გოგაშვილი აცხადებს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი ტერაქტისთვის იდეოლოგიურად მომზადებული იყო და პირად საუბრებში თბილისში, სადგურის მოედანზე თავის აფეთქების სურვილს გამოთქვამდა
სოსო გოგაშვილი აცხადებს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი ტერაქტისთვის იდეოლოგიურად მომზადებული იყო და პირად საუბრებში თბილისში, სადგურის მოედანზე თავის აფეთქების სურვილს გამოთქვამდა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი აცხადებს, რომ პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილი სადგურის მოედანზე თავის აფეთქების სურვილს გამოთქვამდა.

როგორც გოგაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, ამაზე მეტყველებს გამოძიების ფარგლებში აღდგენილი თემირლან მაჩალიკაშვილის „ვოთსაფის“ მიმოწერები.

„არსებობს ტექნიკური საშუალებები, რომ მოხდეს მონაცემების აღდგენა, რომელიც წაშლილი იყო ტელეფონიდან. დაგვეხმარნენ ევროპელი პარტნიორები და რომ არა მათი დახმარება, შეიძლებოდა, ბევრი მტკიცებულებები არ ამოსულიყო. ძალიან მაგრად იმუშავეს ჩვენმა ექსპერტებმაც, რადგან მაქსიმალურად ბევრი ტექნიკურად მასალა ამოიღეს. ვინც დავაკავეთ, ყველა იყო ტერორისტული ორგანიზაციის უზრუნველყოფაში. მაჩალიკაშვილზე შემიძლია, ვთქვა რომ შეიძლება, ყველაზე მეტი მტკიცებულება არ იყო მის მიმართ, სხვაზე მეტი ნამდვილად იყო. მაჩალიკაშვილი ნამდვილად იყო სხვადასხვა მიმართულებით აქტიური დამხმარე“, – განაცხადა სოსო გოგაშვილმა.

მისივე თქმით, ერთ-ერთი ჩანაწერი მეტყველებს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი იდეოლოგიურად მომზადებული იყო.

„ის ესაუბრება გოგონას, სადაც თავს წარმოაჩენს და თავს მომზადებულად თვლის, რამდენად არის დაახლოებული ის ცნობილ ტერორისტებთან, რომ იმხელა ნდობა და ვალდებულება მისცეს, რომ არ არის მარტივი, შაჰიდის ქამარი გაიკეთო და თავი აიფეთქო. ეს ერთ-ერთი მიმანიშნებელი იყო. გარდა იმისა, რომ ის ფულად ანაზღაურებას იღებდა და ჩვენ მისი სახლიდან 23 000 ამოვიღეთ და ის ამავდროულად იყო მზად იდეოლოგიურად. ჩანაწერში იყო საუბარი ვაგზლის მოედანზე თავის აფეთქების სურვილზე. სავარაუდოდ იმ გოგონას აჩვენებს რაღაც ვიდეოს, რომელიც მას ძალიან ბევრი ჰქონდა თავის ტელეფონში. ტელეფონში იყო ასევე ტერორისტების ვიდეოები და ფოტოებიც, სადაც 17-18 წლის ბიჭები თავს იფეთქებენ. სავარაუდოდ ასეთი ვიდეო აჩვენა და უხსნის, რომ შედის თეთრი მანქანა ისტიშხადს აკეთებს. უხსნის ყველაფერს და მერე თქვა, რომ მეც ამას გავაკეთებ“, – აღნიშნა სოსო გოგაშვილმა.