მარიამ კუბლაშვილი - ექსპერტიზის შედეგებით დასტურდება, რომ თამთა თოდაძისა და მისი დედის ჩვენებები არის იდენტური
მარიამ კუბლაშვილი - ექსპერტიზის შედეგებით დასტურდება, რომ თამთა თოდაძისა და მისი დედის ჩვენებები არის იდენტური

თბილისის საქალაქო სასამართლოში ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის საქმის განხილვა გაიმართა.

დღევანდელ სხდომაზე მხარეები შესავალი სიტყვით წარდგნენ და საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე ისაუბრეს.

როგორც ბრალდებულის ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ექსპერტიზის შედეგებით დასტურდება, რომ თამთა თოდაძისა და მისი დედის ჩვენები არის იდენტური. კუბლაშვილის შეფასებით, ბრალდების მხარის ერთადერთი მთავარი მტკიცებულება დაინგრა.

ადვოკატის თქმით, მან სხდომაზე აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის საქმეზე დართვა მოითხოვა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა.

„აღნიშნული ექსპერტიზა პირდაპირი პასუხია, რომ ერთი პირის მიერაა შესრულებული თამთა თოდაძის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენება და მასთან ერთად დედამისის, რომელიც არაპირდაპირი მოწმეა. ცნობილია, რომ ბრალდების დადგენილება ერთადერთ მტკიცებულებას დაეყრდნო, ეს თამთა თოდაძის ჩვენებაა, რომელიც გახლავთ არასარწმუნო. დასკვნაში წერია, რომ გადაკოპირებულია ერთი ადამიანის მიერ, ანუ გამომძიებელი უთითებდა. სასამართლომ არ უნდა გაიზიაროს აღნიშნული მტკიცებულება. ერთადერთი მთავარი მტკიცებულება დაინგრა“, – განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.

ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს 2019 წლის 30 სექტემბერს, მისი წარმომადგენლობითი ბიუროს სპეციალისტის, თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე ბრალდება წარედგინა.

ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. ამას გარდა, მას აეკრძალა იმ თანამშრომლებთან კომუნიკაცია, რომლებიც საქმეზე მოწმის სახით უნდა დაიკითხონ.