ადვოკატის ინფორმაციით, 20 ივნისის საქმეზე დაკავებული მორის მაჩალიკაშვილი ბრალს ნაწილობრივ აღიარებს
ადვოკატის ინფორმაციით, 20 ივნისის საქმეზე დაკავებული მორის მაჩალიკაშვილი ბრალს ნაწილობრივ აღიარებს

ადვოკატის ინფორმაციით, 20 ივნისის საქმეზე დაკავებული მორის მაჩალიკაშვილი ბრალს ნაწილობრივ აღიარებს. მორის მაჩალიკაშვილის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი აღიარებს, რომ ჯგუფური ძალადობისას პარლამენტთან იმყოფებოდა, თუმცა მას არ ჰქონია სახელმწიფო გადატრიალებისა და მასობრივი არეულობების მოწყობის მოტივი.

„ის ფაქტი, რომ ჰუსეინ მაჩალიკაშვილი იმყოფებოდა პარლამენტის შენობასთან მასაში და მონაწილეობდა აღნიშნულ ძალადობაში, ეს კადრებითაც არის წარმოდგენილი. თუმცა მნიშვნელოვანია მოტივი, თუ რატომ იმყოფებოდა ჰუსეინ მაჩალიკაშვილი ამ ტერიტორიაზე. საკითხზე თავად მისცემს ჩვენებას მომდევნო სასამართლო სხდომაზე. მისი მიზანი არ ყოფილა პარლამენტში შესვლა, სახელმწიფო გადატრიალება, კონკრეტული პირთა მიერ დავალების საფუძველზე ძალადობა. ის იქ იმყოფებოდა საკუთარი ბიძის, მალხაზ მაჩალიკაშვილის უსაფრთხოების მიზნით, რომელიც კადრებშიც ფიქსირდება, რომ იმყოფებოდა ჯგუფში პარლამენტის წინ. ამის შემდგომ მოხდა მალხაზ მაჩალიკაშვილის გამოყვანა ჯგუფიდან, თუმცა ამავე ტერიტორიაზე იყო კარავი, სადაც ცხოვრობდნენ მალხაზ მაჩალიკაშვილი და ჰუსეინ მაჩალიკაშვილი. მათი პირადი ნივთები იყო იქ. საცხოვრებელი ტერიტორია იყო და რომ არ მომხდარიყო მესამე პირთა მხრიდან კანონსაწინააღმდეგო ნივთის შეტანა, მას უნდა გამოეტანა საკუთარი ნივთები და მისულიყო ამ ტერიტორიასთან. სწორედ ესაა მოტივი და მიზანი, თუმცა კანონის ნორმას და მიზანს ვერ გავექცევით და აღნიშნული ქმედება იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.

ჩვენ, ვერცერთ შემთხვევაში ვერ დავეთანხმებით ბრალდების მხარის პოზიციას, თუმცა ისინი მტკიცებით ფორმაში, რომ უშუალოდ ჰუსეინ მაჩალიკაშვილი მონაწილეობდა სახელმწიფო გადატრიალებაში არ აპელირებენ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს იყოს მკაცრად ხაზგასმული“, – განაცხადა ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა.

სასამართლომ დააკმაყოფილა ადვოკატის შუამდგომლობა, რომელმაც უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მტკიცებულებები. ადვოკატის თქმით, ეს მოწმეები უკვე დაკითხული არიან და არ მიაჩნია მიზანშეწონილად, კიდევ ერთხელ მოხდეს მათი გამოკითხვა.

რაც შეეხება პროკურატურის პოზიციას მორის მაჩალიკაშვილთან საპროცესო შეთანხმების შესაძლო გაფორმებაზე, საქმის პროკურორის განცხადებით, ეს ბრალდებულის პოზიციაზე იქნება დამოკიდებული რომელსაც ის მომდევნო სხდომაზე დააფიქსირებს. ასევე ბრალდების მხარემ მოითხოვა მაჩალიკაშვილის საქმის ცალკე წარმოებად გამოყოფა რაზეც ბრალდებული და ადვოკატი დაეთანხმნენ. მოსამართლემ ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

„მორის მაჩალიკაშვილი მონაწილეობას იღებდა ჯგუფურ მოქმედებებში, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა და სხვადსხვა მოქმედებები სამართალდამცავი უწყებების მიმართ. აღნიშნულის გამო ბრალდებულის უფლება გახლავთ სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელება. ჩვენ ვიშუამდგომლეთ და დაცვის მხარეც შუამდგომლობდა საქმის ცალკე წარმოებად გამოყოფას, თავისთავად არასადავოდ ცნობა გულისხმობს, რომ აღარ დაიკითხებიან მოწმეები. ნაწილობრივ აღიარებას და სრულად აღიარებას ჩვენ უნდა დაველოდოთ შემდგომ პროცესზე, ჩვენ და დაცვის მხარეს გვაქვს შესაძლებლობა, ვისაუბროთ საპროცესო შეთანხმებაზე და მიღწეული იქნას პირობები კონსულტაციების საფუძველზე“, – განაცხადა საქმის პროკურორმა გიორგი მუკბანიანმა.

მორის მაჩალიკაშვილთან ერთად 20 ივნისის საქმეში ბრალდებული იყო ბეჟან ლორთქიფანიძეც, რომელსაც გირაო აქვს შეფარდებული, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილებით მაჩალიკაშვილის საქმე ცალკე ეპიზოდად გამოიყო და მისი საქმე სხვა მოსამართლეს დაეწერება.