„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ შეფასებით, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე ქართული მხარის ოფიციალური პოზიციები ფაბრიკაციაა
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ შეფასებით, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე ქართული მხარის ოფიციალური პოზიციები ფაბრიკაციაა

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ იურისტების შეფასებით, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე ქართული მხარის მიერ წარდგენილი ოფიციალური პოზიციები, ფაბრიკაციაა.

მალხაზ მაჩალიკაშვილი და იურისტები თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში არიან. „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ იურისტის, თამთა მიქელაძის განცხადებით, ისინი ევროსასამართლოში თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე დავობენ და მხარეებმა უკვე წარადგინეს საკუთარი პოზიციები, შესაბამისად პროცესი უკვე დასკვნით ეტაპზეა.

მიქელაძის განცხადებით, მთავრობის მიერ წარდგენილი პოზიციები თემირლან მაჩალიკაშვილის შესახებ არის ფაბრიკაციული. ასევე, ცენტრის იურისტების განცხადებით, მთავრობის მიერ წარდგენილი არგუმენტებიდან მათ ნახეს საქმეში ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეზე მსჯავრდებული ბ.ჩ.-ს ახალი ჩვენება თემირლან მაჩალიკაშვილთან დაკავშირებით, თუმცა იურისტები ამბობენ, რომ მისი ეს ჩვენება ბევრ კითხვას აჩენს. მათ შორის იმაზე, თითქოს თემირლან მაჩალიკაშვილმა იცოდა ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეში მსჯავრდებულების გეგმა და კავშირი ჰქონდა მათთან, რაც იურისტების თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება. ხოლო თავად ბ.ჩ-მ მალხაზ მაჩალიკაშვილს განუცხადა, რომ ეს ჩვენება მას დააწერინეს და ეს მისი პოზიცია არ ყოფილა. თუმცა, ამ ჩვენებას, იურისტების განცხადებით, საქმესთან არა აქვს შემხებლობა, რადგან ისინი თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფაზე დავობენ სასამართლოში.

ამ ჩვენების სანდოობას ეჭვქვეშ აყენებს თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი.

„დღევანდელმა ხელისუფლებამ ეს საქმე ჩაკლა და ყველა სიბინძურე გამოიყენეს, რომ საქმე დაეხურათ. მე დღესაც ვიბრძვი, რომ აღვიდგინო ჩემი ღირსება, უდანაშაულო მძინარე მოკლული ბავშვის ღირსება. ხელისუფლება სახელმწიფოა, სუსტია თუ მყარია სახელმწიფოა, ამდენი სიბოროტის და ამდენი სიძულვილის გამოყენებით რატომ ცდილობს, არარსებულში დაადანაშაულოს მოკლული და ამას იმიტომ აკეთებენ, რომ დაადანაშაულონ და ევროპულ სასამართლოშიც იმავე ტყუილებით, ამ მტკიცებულებებით გაამყარონ. დღემდე რატომ არ მისმენს სახელმწიფო, რატომ არ მისმენს ხელისუფლება, რატომ ვარ ქუჩაში ძაღლივით გავარდნილი. რაც შეეხება ბ.ჩ ს ჩვენებას, მე მაშინ მქონდა საუბარი და დაიფიცა, რომ მსგავსი რამ არ უთქვამს, და მის გარდა კიდევ ბევრი პირია, რომელთანაც მივიდა სუს-ი და რაღაცებს პირდებოდა, რომ თემირლანის წინააღმდეგ მიეცათ ჩვენებები“, – განაცხადა მაჩალიკაშვილმა.