ადამიანის არსებობისთვის წყალი გადამწყვეტია, მაგრამ ზოგჯერ ის შეიძლება, სახიფათოც იყოს; დაბინძურებული წყლით შეიძლება გავრცელდეს მომაკვდინებელი დაავადებები, რომლებმაც მთელი საზოგადოებებიც კი მოსპოს. სუფთა, უსაფრთხო წყალი კაცობრიობის კეთილდღეობის ერთ-ერთი საწინდარია.
რამდენიმე უძველესი ცივლილიზაცია, მათ შორის ბერძნები, ეგვიპტელები და რომაელები წყალს ფილტრავდნენ. წყლის დაწმენდის მეთოდი მოხსენიებულია ძვ. წ. 2000 წლით დათარიღებულ სანსკრიტულ წარწერებშიც. ახლახან არქეოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ ამავეს აკეთებდა მაიას ცივილიზაციაც და წყლის ფილტრაციის მათეული მეთოდი საკმაოდ ეფექტიანიც იყო.
თანამედროვე გვატემალის ჯუნგლებში, მაიას ერთ დროს დიდებული ქალაქ ტიკალის წყლის რეზერვუარში, არქეოლოგებმა ცეოლითი და კვარცი აღმოაჩინეს — მინერალები, რომლებიც იმ ადგილებში არ მოიპოვება და რომლებიც საკმაოდ ეფექტიანია წყლის გასაწმენდად მიკრობებოსგან, მძიმე ლითონებისა და აზოტის ნაერთებისგან.
თანაც იმდენად ეფექტიანი, რომ ამ ორ მინერალს წყლის ფილტრაციის სისტემებში დღემდე იყენებენ.
„საინტერესო ის არის, რომ ფილტრაციის ეს სისტემა დღესაც ეფექტიანი იქნებოდა, მაიას ხალხმა კი ის 2000 წლის წინ აღმოაჩინა“, — ამბობს ცინცინატის უნივერსიტეტის ანთროპოლოგი კენეთ ბარნეტ ტანკერსლი.
განსაკუთრებით საინტერესოა ცეოლითი. ის სილიციუმისა და ალუმინის ბუნებრივი კრისტალური ნაერთია, ერთმანეთს უკავშირდება ჟანგბადის საერთო ატომებით და წარმოქმნის ღია კრისტალურ ბადეს. აქვს შეწოვისა და იონების გაცვლა-გამოცვლის ბრწყინვალე თვისება, რის გამოც, ძლიერ ეფექტიანია წყლის გასაფილტრად.
ძველი ბერძნები წყლის გასაფილტრად იყენებდნენ პუცოლანს — საწყლოსნო სტრუქტურებში, მაგალითად, ხიდებსა და აკვედუკებში გამოსაყენებელი ცემენტის ინგრედიენტს. არქეოლოგთა აზრით, ცეოლითს წყლის ფილტრაციაში მეოცე საუკუნის დასაწყისამდე არ გამოიყენებოდა.
„ტიკალის რეზერვუარში არსებული ცეოლითით ფილტრაციის სისტემა წყლის დაწმენდის უძველესი ცნობილი მაგალითია დასავლეთ ნახევარსფეროში; ამავე დროს, ეს გახლავთ ამ მიზნით ცეოლითის გამოყენების ჩვენთვის ცნობილი უძველესი შემთხვევა მსოფლიოში“, — წერენ ავტორები.
წყლის გასუფთავების შესაძლებლობა მაიას ხალხისთვის წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი და ამავე დროს საფრთხილო იყო, განსაკუთრებით ტიკალისთვის. ქალაქის წყლის ერთადერთი წყარო 10 რეზერვუარი იყო. მოსახლეობის დიდი რაოდენობიდან და სეზონური გვალვებიდან გამომდინარე, ტიკალის სასმელი წყალი მიდრეკილი იყო მიკრობებით და სინაგურით — მერკურის იმ სულფიდით დაბინძურებისკენ, რომელსაც მაიას ხალხი აქტიურად იყენებდა.
საეჭვო იყო, რომ მათ წყლის გასუფთავების რაიმე მეთოდები სცოდნოდათ. ამიტომ, ტანკერსლიმ და მისმა ჯგუფმა ამ საკითხის კვლევა გადაწყვიტა. მათ შეისწავლეს უძველესი ქალაქის სამი უდიდესი რეზერვუარი, მინერალური შემადგენლობის საკონტროლებლად კი გამოიკვლიეს მიწაში გაჩენილი ხვრელი.
აღმოჩენა ე. წ. კორიენტალის რეზერვუარში გაკეთდა, რომელიც ტიკალის მცხოვრებთათვის სასმელი წყლის მნიშვნელოვანი წყარო იყო და ერთ-ერთი უდიდესი რეზერვუარი, რომელსაც მაიას ხალხი ათას წელიწადზე მეტხანს იყენებდა. რეზერვუარის ფსკერზე არსებულ დანალექებში მკვლევართა ჯგუფმა სწორედ ის იპოვა, რასაც ეძებდნენ — ცეოლითი და კვარცის ქვიშა.
ცეოლითი მხოლოდ კორიენტალის რეზერვუარში აღმოაჩინეს. გამორიცხულია, ეს მინერალი იქ ბუნებრივად ყოფილიყო მაშინ, როდესაც რეზერვუარი გათხარეს.
უფრო მეტიც, ჯგუფს მიაჩნია, რომ მინერალი ტიკალიდან 30 კმ-ით ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ადგილიდან არის მოტანილი. ამ ადგილას ვულკანური ქანი ქმნის წყალშემცველ ფენას, რომელიც განსაკუთრებით სუფთა წყალს წარმოქმნის. ცინცინატის უნივერსიტეტის გეოგრაფი ნიკოლას დანინგი ამ ზონას კარგად იცნობდა, რადგან წარსულში იქ საველე სამუშაოებიც ჰქონდა ჩატარებული.
„ეს გახლდათ მოშიშვლებული, გადარეცხილი ვულკანური ტუფი, რომელიც კვარცის მარცვლებსა და ცეოლითს შეიცავდა. იქიდან საკმაო რაოდენობის წყალი გადმოდიოდა და ადგილობრივებშიც საკმაოდ ცნობილი იყო, როგორც სუფთა და სასიამოვნო წყარო“, — ამბობს დანინგი.
ჯგუფმა ერთმანეთს შეადარა კორიენტალის რეზერვუარიდან და ზემოთ ხსენებული წყალშემცველი ფენიდან აღებული კვარცისა და ცეოლითის ნიმუშები. აღმოჩნდა, რომ ისინი საკმაოდ ემთხვევა ერთმანეთს. რადიონახშირბადული დათარიღებით კი დაადგინეს, რომ დანალექები 2185 – 965 წლის წინანდელია.
შეუძლებელია იმის გარკვევა, ზუსტად როგორ მუშაობდა ფილტრაციის სისტემა, მაგრამ მკვლევართა ჯგუფს მიაჩნია, რომ მტკიცებულებათა თავმოყრა საკმაოდ კარგ სურათს გვიქმნის.
„ფილტრაციის სისტემა სავარაუდოდ განთავსებული იყო მშრალად აგებული ქვის კედელში; ეს უნდა ყოფილიყო ცეოლითისა და ქვიშის ზომის კვარცის კრისტალების შემცველი ბადე (ლერწმის ან პალმის ბოჭკოსგან დამზადებული), რომელიც რეზერვუარში შემომსვლელ წყლის ნაკადს ეგებებოდა; შესაძლებელია ისიც, რომ ტროპიკული ციკლონებით გამოწვეული წყალმოვარდნების დროს ის ნაკადს რეზერვუარშიც შეჰქონდა“, — წერენ მკვლევრები.
როგორც ჩანს, სისტემა ბრწყინვალედ მუშაობდა. ცოტა ხნის წინ, ტიკალის რამდენიმე სხვა რეზერვუარში მერკურის დეპოზიტები აღოაჩინეს, რომლებიც სავარაუდოდ, სინაგურით დაბინძურების შედეგია. კორიენტალის რეზერვუარში მისი კვალი არ შეიმჩნევა.
„მაიას ხალხი ტროპიკულ გარემოში ცხოვრობდა და იძულებული იყვნენ, ინოვატორები ყოფილიყვნენ. მათი ეს გამოგონება კი ფრიად გამორჩეულია, ჩრდილოეთ ამერიკის ბევრ ადგილობრივ ხალხს ასეთი ტექნოლოგია არ ჰქონდა, რომ აღარაფერი ვთქვათ ძველ ბერძნებზე, რომაელებზე, ინდოელებსა და ჩინელებზე. წყლის მენეჯმენტის თვალსაზრისით, მაიას ცივილიზაცია მათზე ათასწლეულებით წინ იყო“, — ამბობს კვლევის ავტორი, ცინცინატის უნივერსიტეტის ანთროპოლოგი კენეთ ბარნეტ ტანკერსლი.
კვლევა ჟურნალ Scientific Reports-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია uc.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.