კომოდოს ვარანები იმდენად მრისხანეები არიან, რომ კანში „ჯაჭვის პერანგი“ აქვთ - ახალი კვლევა
კომოდოს ვარანები იმდენად მრისხანეები არიან, რომ კანში „ჯაჭვის პერანგი“ აქვთ - ახალი კვლევა

ჩვენი პლანეტის უდიდესი, ყველაზე მძვინვარე და შთამბეჭდავი ხვლიკები — კომოდოს ვარანები თვალსა და ხელს შუა კიდევ უფრო საოცარნი გახდნენ. როგორც ახალი აღმოჩენა აჩვენებს, ქერცლით დაფარული კანის ქვეშ, ცხვირიდან კუდის წვერამდე, ეს ცხოველები მთლიანად დაფარული არიან ჯაჭვის პერანგის მსგავსი ჯავშნით, რომელიც ციცქნა ძვლებისგან არის „ნაქსოვი“.

ალბათ იკითხავთ, რაში სჭირდება კომოდოს ვარანის (Varanus komodoensis) მსგავს საოცარ არსებას ჯავშანი? ეს ხვლიკი ძლიერია, სწრაფია, აქვს შხამი, შეუძლია მასზე გაცილებით დიდი მსხვერპლის მონადირება და თანაც, მათი სახეობა უკვე მილიონობით წლისაა.

ახალი კვლევის მიხედვით, სავარაუდოდ, ეს ჯავშანი მათ თავისივე თანამოძმეების, სხვა კომოდოს ვარანებისგან იცავს.

ძაღლის თავი თავად ძვლების აბჯრის განვითარების პროცესში მარხია. ტეხასის უნივერსიტეტისა და ფორტ-ვორტის ზოოპარკის მკვლევრებმა ახლა დაღუპულ ზრდასრულ და ახალგაზრდა ვარანებს კომპიუტერული ტომოგრაფია ჩაუტარეს.

აღმოჩნდა, რომ ზრდასრული ხვლიკი სრულად იყო დაფარული აბჯრით, მაგრამ ახალგაზრდას ის საერთოდ არ ჰქონდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეს ოსტეოდერმები, ანუ ციცქნა ძვლები მას შემდეგ ვითარდება, რაც ხვლიკი ზრდას დაასრულებს. მათ ბუნებრივ გარემოში ალბათ არაფერი ბინადრობს ისეთი, რაც ზრდასრულ კომოდოს ვარანს საფრთხეს შეუქმნის, გარდა სხვა კომოდის ვარანებისა.

ტეხასის უნივერსიტეტის პალეონტოლოგის, კრისტოფერ ბელის განცხადებით, ახალგაზრდა კომოდოს ვარანები დიდ დროს ატარებენ ხეებში, მაგრამ როცა უკვე იზრდებიან და ხეებს ტოვებენ, აწყდებიან საკუთარი სახეობის სხვა წარმომადგენლებს.

სავარაუდოდ, სწორედ ამ დროს ხდება დამატებითი ჯავშნის დახმარება საჭირო.

თავად ოსტეოდერმები ახალი აღმოჩენა არ არის და დამახასიათებელია რამდენიმე სახის რეპტილიის, ამფიბიის, ნიანგისებრის, ხვლიკებისა და ბაყაყებისათვის; ასევე გვხვდება ჯავშნოსნების ძუძუმწოვართა ოჯახშიც.

კომოდოს ვარანებში ოსტეოდერმების პირველი ხსენება სამეცნიერო ლიტრატურაში 1928 წელს მოხდა, როცა ნატურალისტი უილიამ დუგლას ბურდენი წერდა:

„მონადირეები და მეკობრეები კომოდოს ვარანების ტყავებს აგროვებენ, მაგრამ ციცქნა ძვლების, ანუ ოსტეოდერმების გამო, მათ კომერციული ღირებულება არ აქვს“.

აქამდე კარგად არ იყო შესწავლილი, Ზუსტად როგორ იჯდა ეს ძვლები კომოდოს ვარანის კანში.

ასევე აღსანიშნავია, რომ კომოდოს ვარანის სხეულის ხელში ჩაგდება არც თუ ისე მარტივია. 2013 წელს ფორტ-ვორტის ზოოპარკში 19,5 წლის მამრი ვარანი მოკვდა. მისი სხეული ზოოპარკმა ტეხასის უნივერსიტეტს გადასცა.

ორი დღის ვარანი მოკვდა სან-ანტონიოს ზოოპარკშიც. სხეული მათაც უნივერსიტეტს გადასცეს.

ორივე სხეულს ჩაუტარეს ულტრამაღალი რენტგენული გამოსხივების კომპიუტერული ტომოგრაფია (HRXCT). ზრდასრული მამრი იმდენად დიდი იყო, რომ შეუძლებელი აღმოჩნდა დანადგარში მისი მთლიანად მოთავსება. ამიტომ, დაასკანირეს მხოლოდ მისი თავი, რაც საკმარისი აღმოჩნდა ვარანის აბჯრის შესახებ ზოგიერთი განსაცვიფრებელი დეტალის გასარკვევად.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ახალშობილ ვარანს ოსტეოდერმები არ აქვს. თუმცა, ზრდასრული მამრის თავი თითქმის მთლიანად იყო გახვეული ციცქნა ძვლებისგან ნაქსოვ ჯავშანში. ძვლები ოთხი სხვადასხვა ფორმის აღმოჩნდა და მთლიანად განსხვავდებოდა სკანირების შედეგად შვიდ სხვა ხვლიკში აღმოჩენილი ჯავშნისგან (V. acanthurus, V. exanthematicus, V. gouldii, V. salvator, Lanthanotus borneensis, Heloderma horridum და H. suspectum).

სხვა ხვლიკებში ეს ჯავშანი უფრო მეჩხერია. ზოგიერთი ადგილი სრულიად ცარიელია, მაგრამ კომოდოს თავი მთლიანად ჯაჭვის პერანგშია ჩასმული, ღიაა მხოლოდ თვალები, ნესტოები, პირის კიდეები და პარიეტალური თვალი.

ჯავშნის საფარი შეიძლება კავშირში იყოს ასაკთანაც. მკვლევართა მიერ შესწავლილი 19,5 წლის კომოდოს ვარანი ერთ-ერთი ყველაზე მხცოვანი იყო ტყვეობაში ბინადარ ვარანებს შორის. შესაძლოა, რომ ოსტეოდერმი ზრდას ხვლიკის ასაკთან ერთად აგრძელებდეს.

მკვლევართა ჯგუფს იმედი აქვს, რომ ამ იდუმალ ჯავშანს მეტ ნათელს მოჰფენს სხვადასხვა ასაკის უფრო ბევრი ვარანის შესწავლა.

კვლევა ჟურნალ The Anatomical Record-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია news.utexas.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.