კლიმატის მნიშვნელოვანი ცვლილება გარდაუვალი და შეუქცევადია, ამაში დამნაშავე კი ადამიანია — გაერო მასშტაბურ მოხსენებას აქვეყნებს #1tvმეცნიერება
კლიმატის მნიშვნელოვანი ცვლილება გარდაუვალი და შეუქცევადია, ამაში დამნაშავე კი ადამიანია — გაერო მასშტაბურ მოხსენებას აქვეყნებს #1tvმეცნიერება

გაერო-ს კლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისო ექსპერტთა ჯგუფი (IPCC) 2014 წლის შემდეგ ყველაზე დიდ სამეცნიერო შეფასებას აქვეყნებს; მოხსენება ცალსახად მიუთითებს, რომ გლობალური დათბობა იმაზე სწრაფად მიიწევს წინ, ვიდრე ვშიშობდით და ამ ყველაფერში თითქმის მთლიანად დამნაშავეა კაცობრიობა.

წარმოგიდგენთ IPCC-ის პირველი სამუშაო ჯგუფის მოხსენების ხუთ მთავარ, საკვანძო დეტალს.

დაივიწყეთ 1,5 °C-იანი ზღვარი, შეეგებეთ გადაჭარბებას

მოხსენებაზე მუშაობისას გაითვალისწინეს სათბურის აირების გამოყოფის ხუთი სცენარი, მათ შორის იყო როგორც ძლიერ ოპტიმისტური, ისე ყველაზე ცუდი სცენარები; ყველა მათგანი მიუთითებს, რომ დაახლოებით 2030 წლისთვის, დედამიწის ზედაპირის საშუალო ტემპერატურა ინდუსტრიამდელ დონეს 1,5 ან 1,5 გრადუსი ცელსიუსით გადააჭარბებს. IPCC-ის სულ რაღაც სამი წლის წინანდელი პროგნოზით, დედამიწას ამ ზღვრისთვის 2040 წელს უნდა მიეღწია.

საუკუნის შუა პერიოდში, 1,5 °C-იანი ზღვარი სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა მასშტაბით მიიღწევა.

არსებობს ერთი ოპტიმისტური მომენტიც — ყველაზე კარგი სცენარის შემთხვევაში, თუ ყველაფერს სწორად გავაკეთებთ, 1,5 °C-იანი სამიზნის გადალახვის შემდეგ, გლობალური ტემპერატურის ნამატი 2100 წლისთვის კვლავ 1,4-გრადუსიან ნიშნულს დაუბრუნდება.

კლიმატის ბუნებრივი კავშირები სუსტდება

1960-იანი წლებიდან, ტყეებმა, ნიადაგმა და ოკეანეებმა ადამიანების მიერ ატმოსფეროში გამოყოფილი ნახშირორჟანგის (CO2) 56 პროცენტი შთანთქეს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი საქმიანობის შედეგად, ამ აირების გამოყოფა ნახევრით გაიზარდა. ბუნების დახმარების გარეშე, დედამიწა ახლა უკვე გაცილებით ცხელი და არასტუმართმოყვარე ადგილი იქნებოდა.

გლობალურ დათბობასთან ბრძოლაში ჩვენი ეს ბუნებრივი მოკავშირე, რომელსაც ნახშირბადის ჩაძირვას უწოდებენ, სუსტდება და თანდათანობით მცირდება მის მიერ ადამიანის გამოყოფილი ნახშირბადის შთანთქმის მოცულობა.

დიახ, დამნაშავეა კლიმატის ცვლილება

მოხსენება წარმოაჩენს ადამიანის მიერ გამოწვეული გლობალური დათბობის პროგრესს, ცდილობს რაოდენობრივად შეაფასოს, რამდენად აძლიერებს და ზრდის ის სპეციფიკურ ექსტრემალურ ამინდის მოვლენებს, მაგალითად, სითბურ ტალღებს, ქარიშხლებსა და ტყის ხანძრებს.

მაგალითად, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ცოტა ხნის წინ კანადის პროვინცია ბრიტანეთის კოლუმბიას თავს დატეხილი სითბური ტალღა შეუძლებელი იქნებოდა კლიმატის ცვლილების გავლენის გარეშე.

ზღვა უფრო მაღლა და უფრო სწრაფად იწევს

გლობალური ოკეანის დონემ 1900 წლიდან დღემდე დაახლოებით 20 სანტიმეტრით აიწია. მატების მაჩვენებელი ბოლო ათი წლის განმავლობაში თითქმის გაორმაგდა. ამ პროცესში მთავარ დამნაშავეს, ანტარქტიდისა და გრენლანდიის ყინულოვანი საფარის დნობას თან დაერთო მყინვარების დნობაც.

თუ საშუალო გლობალური ტემპერატურა 2 გრადუსით მოიმატებს, 21-ე საუკუნის ბოლოს ოკეანის დონე ნახევარი მეტრით აიწევს. 2300 წლისთვის კი ოკეანის დონე თითქმის ორი მეტრით მაღლა აიწევს — ეს მაჩვენებელი თითქმის ორჯერ მაღალია იმაზე, რასაც IPCC 2019 წელს პროგნოზირებდა.

ყინულოვანი საფარის არამდგრადობის გამო, მეცნიერები ვერც იმას გამორიცხავენ, რომ ყველაზე უარეს შემთხვევაში, ოკეანის დონემ უკვე 2100 წლისთვია აიწიოს ორი მეტრით.

საზარელი გაფრთხილებები შორეული წარსულიდან

ბოლო წლებში მნიშვნელოვანი წინსვლა განიცადა დედამიწის წარსულის ბუნებრივი კლიმატის მეცნიერებამ — პალეოკლიმატოლოგიამ, რაც საკმაოდ გამოსაფხიზლებელ გაფრთხილებასაც გვიგზავნის.

მაგალითად, პლანეტის ატმოსფერო დღევანდელის მსგავსად თბილი ბოლოს დაახლოებით 125 000 წლის წინ იყო, ზღვის გლობალური დონე მაშინ სავარაუდოდ 5-10 მეტრით მაღალი იყო; დღეს რომ ასე მოხდეს, მსოფლიოს მრავალი სანაპირო ქალაქი წყალქვეშ აღმოჩნდება.

სამი მილიონი წლის წინ, როდესაც ატმოსფეროში CO2-ის ის კონცენტრაცია იყო, რაც დღეს არის, ტემპერატურა კი 2,5 C – 4 °C-ით მაღალი იყო, ზღვის დონე დღევანდელზე 25 მეტრით მაღალი იყო.

მეტი ყურადღება მეთანს

წინა მოხსენებებისგან განსხვავებით, ახალი მოხსენება გაცილებით მეტ მონაცემს მოიცავს მეთანის (CH4) შესახებ. მეთანი მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი სათბურის აირია ნახშირორჟანგის (CO2) შემდეგ. მკვლევრები გვაფრთხილებენ, რომ თუ მისი გამოყოფა არ შემცირდება, პარიზის შეთანხმების მიზნების მიღწევა შეუძლებელი იქნება.

ადამიანის საქმიანობის პროცესში, მეთანი გამოიყოფა როგორც ბუნებრივი აირის მოპოვებისას, გაჟონვების სახით, ქვანახშირის მოპოვებისას, ნაგავსაყრელებიდან, ისე მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა და სასუქების მიერ.

მეთანი ატმოსფეროში გაცილებით მცირე ხნით რჩება, ვიდრე ნახშირორჟანგი, მაგრამ გაცილებით ეფექტიანად ახდენს სითბოს გამომწყვდევას. აღსანიშნავია, რომ ჩვენს ატმოსფეროში მეთანის დონე დღეს ყველაზე მაღალია სულ მცირე უკანასკნელი 800 000 წლის განმავლობაში.

რეგიონულ განსხვავებებზე ფოკუსირება

მართალია, პლანეტის ყველა ნაწილი თბება, მაგრამ ზოგიერთი ზონა სხვებზე უფრო სწრაფად თბება. მაგალითად, არქტიკაში, ყველაზე ცივი დღეების საშუალო ტემპერატურა დაახლოებით სამჯერ იზრდება.

ზღვის დონეც ყველგან მაღლა იწევს, მაგრამ სავარაუდოდ, მრავალ სანაპირო ზოლში, გლობალურ საშუალო მაჩვენებელზე 20 პროცენტით უფრო მეტად აიწევს.

გარდამტეხი მომენტები და უეცარი ცვლილებები

გაერო-ს კლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისო ექსპერტთა ჯგუფი (IPCC) გვაფრთხილებს, რომ მოსალოდნელია კლიმატის სისტემის უეცარი, მაღალი გავლენის მქონე ცვლილებები, რომლებსა გარდამტეხ მომენტებს უწოდებენ მაშინ, თუკი ისინი გარდაუვალია. ამის მაგალითებია თუნდაც ის, რომ ყინულის ფენებში საკმარისი წყალია, რათა ზღვის დონემ ათობით მეტრით აიწიოს; გაყინული ნიადაგების ლღვობის შედეგად, ატმოსფეროში მილიარდობით ტონა ნახშირბადი გამოიყოფა; ამაზონის ტროპიკული ტყეების სავანად გადაქცევა.

გლობალური ოკეანის „კონვეიერის სარტყელი“

ატლანტიკის მერიდიანული ბრუნვის ცირკულაცია (AMOC) ოკეანის დინებების ვრცელი სისტემაა, რომელიც არეგულირებს სიცხის გლობალურ გადაცემას ტროპიკებიდან ჩრდილოეთ ნახევარსფეროსთვის. მეცნიერთა შეფასებით, ეს სისტემა ნელდება და ეს ტენდენცია დიდი ალბათობით გაგრძელდება.

მეცნიერები არ გამორიცხავენ, რომ დინებათა ეს სისტემა საერთოდაც მოიშალოს, როგორც ეს წარსულშიც მოხდა. ამ შემთხვევაში, ევროპაში ზამთარი გაცილებით მკაცრი გახდება, სავარაუდოდ მოიშლება მუსონური სეზონები და ჩრდილოეთ ატლანტიკის აუზში აიწევს ზღვის დონეც.