გრენლანდიის ყინულის საფარმა უკვე გადალახა „უკან არდაბრუნების“ წერტილი — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
გრენლანდიის ყინულის საფარმა უკვე გადალახა „უკან არდაბრუნების“ წერტილი — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება

გრენლანდიის ყინულის საფარმა შეიძლება მიაღწია იმ გარდამტეხ წერტილს, რომლის იქითაც, მისი სრულიად გაქრობა უკვე გარდაუვალია.

ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფის განცხადებით, ყინულის დნობის გამო შეძლება ვეღარ შენარჩუნდეს თოვლი, რომელიც გრენლანდიის მყინვარებს ყოველწლიურად ავსებს.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ გრენლანდიის მყინვარული საფარი, მსოფლიოს მეორე უდიდესი ყინულის მარაგი დნობას იმ შემთხვევაშიც გააგრძელებს, თუ გლობალური ტემპერატურა მომატებას შეწყვეტს.

ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებულ კვლევაში მეცნიერებმა მიმოიხილეს მონაცემები, რომლებიც თანამგზავრების მიერ 40 წლის განმავლობაშია შეგროვებული გრენლანდიის 200-ზე მეტი მყინვარის შესახებ.

„აღმოვაჩინეთ, რომ ოკეანეში ჩამდინარე ყინულის ნადნობი უფრო მეტია, ვიდრე თოვლი, რომელიც მყინვარული საფარის ზედაპირზე აკუმულირდება“, — ამბობს კვლევის ავტორი, ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარი მიკაელა კინგი.

გრენლანდიის მყინვარული საფარის სრულად გადნობამ დაახლოებით 3000 წლისთვის ზღვის დონე შეიძლება შვიდი მეტრით ასწიოს. თუ ეს მართლაც მოხდა, ოკეანე შთანთქავს მსოფლიოს მრავალ სანაპირო ქალაქს.

გრენლანდიის ყინულს ამჟამად უდიდესი წვლილი შეაქვს ზღვის დონის მატებაში. ყინულის დნობის ამჟამინდელი მაჩვენებლით გაგრძელების შემთხვევაში, კვლევის თანახმად, მომდევნო 80 წლის განმავლობაში ზღვის დონე 6,9 სანტიმეტრით აიწევს.

„მყინვარების უკან დახევამ შეარყია მთლიანი მყინვარული საფარის დინამიკა და მიიყვანა მუდმივი დანაკარგის მდგომარეობამდე. მაშინაც კი, თუ კლიმატი იგივე დარჩება ან ოდნავ ცივი, ყინულის საფარი მასის დაკარგვას მაინც გააგრძელებს“, — ამბობს კვლევის თანაავტორი, გლაციოლოგი იან ჰოუეტი.

თუმცა, ეს მხოლოდ ერთ-ერთია კლიმატის ცვლილების იმ გარდამტეხ წერტილთაგან, რომლებიც ადამიანთა საქმიანობამ მოიტანა. სხვა გარდაუვალ უბედურებათა თავიდან ასაცილებლად დრო კიდევ არის.

გრენლანდიის ყინულის დანაკარგები გასული ოცი წლის განმავლობაში ყოველწლიურად მტკიცედ იზრდებოდა. მკვლევრებმა დაადგინეს, რომ 2000 წლამდე, მყინვარულ საფარს ყოველწლიურად მასის დაკარგვისა და შეძენის თანაბარი შანსი ჰქონდა.

თუმცა, როგორც მკვლევრებმა გაარკვიეს, გასული 20 წლის კლიმატის პირობებში, ის მასას მხოლოდ ყოველ 100 წელიწადში შეიძენს.

2019 წლის ზაფხულში, როდესაც კუნძულს ევროპიდან წამოსულმა სიცხის ტალღამ გადაუარა, გრენლანდიიდან ოკეანეში უპრეცედენტო ოდენობის ყინული და წყალი ჩავიდა.

მყინვარულმა საფარმა ხუთი დღის განმავლობაში დაკარგა 55 მილიარდი ტონა წყალი, რაც სრულიად საკმარისი იქნებოდა ფლორიდის შტატის დასაფარად 13 სიმ სიღრმის წყლით.

დნობას კიდევ უფრო მეტი დნობა მოაქვს, რადგან ყინულის ფენებზე დაგროვებული ნადნობი წყალი უფრო მეტ მზის სინათლეს შთანთქავს, რაც უფრო ათბობს მიმდებარე გარემოს. სწორედ ამიტომ აჩქარებს გარდამტეხი წერტილები გრენლანდიის ყინულის დანაკარგებს ასე ძალიან.

გლობალური ტემპერატურის მატებამ და ადამიანთა გარკვეულმა საქმიანობამ ასეთი გარდამტეხი წერტილები მსოფლიოს სხვა ნაწილებშიც შეიძლება დააყენოს.

არქტიკაში ყინულის დნობა აშიშვლებს მრავალწლოვან მზრალობას — გაყინულ ნიადაგს, რომელიც დნობისას ატმოსფეროში გამოყოფს უმძლავრეს სათბურის აირებს. თუკი დათბობისას საკმაო ოდენობის ასეთი ნიადაგი გადნება, შედეგად გამოყოფილი აირები ჩვენი პლანეტის ატმოსფეროში იმაზე მეტ სითბოს „ჩაჭედავს“, ვიდრე ადამიანთა მიერ წიაღისეული საწვავის წვისას გამოყოფილი აირები.

ამაზონის წვიმის ტყეში ადამიანები წლებია ხეებს ჭრიან და წვავენ, რის შედეგადაც, ეკოსისტემა ტენს კარგავს. გაუტყიურებამ (დეფორესტაცია) შეიძლება გამოიწვიოს ხეების მასობრივი ხმობა და წვიმის ტყის ადგილას გაჩნდეს სავანის მსგავსი ლანდშაფტი, რის შედეგადაც ატმოსფეროში გაიფანტება ამ ტყეებში აკუმულირებული 140 მილიარდი ტონა ნახშირბადი.

შარშან, წვიმის ტყეების წამყვანი მკვლევრები შიშობდნენ, რომ ამაზონი ამ ზღვრის კიდისკენ მიიწევს.

თუმცა, მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ასეთ უბედურებათა თავიდან აცილება ჯერ კიდევ შესაძლებელია, თუ გადავერთვებით განახლებადი ენერგიის ფორმებზე, მაგალითად, მზის ენერგიაზე და შევამცირებთ ხე-ტყის ჩეხვასა და წიაღისეულის მოპოვებას.

გრენლანდიის მყინვარული საფარის შემთხვევაში, მომავალი კიდევ უფრო მეტ გარდამტეხ წერტილს გვიქადის — ყინულების ჩანგრევის მაჩვენებლის ზრდას, რაც მყინვართა დნობას კიდევ უფრო დააჩქარებს. გლობალური დათბობის შემცირება ასეთ გარდამტეხ წერტილებს გადაავადებს და მსოფლიოს მეტ დროს მისცემს მოსამზადებლად.

„უკვე გავიარეთ უკან არდაბრუნების წერტილი, მაგრამ ეჭვგარეშეა, უფრო მეტი გვიახლოვდება“, — ამბობს კვლევის თანაავტორი, თანაავტორი, გლაციოლოგი იან ჰოუეტი.

კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით.