დედამიწის სასიცოცხლო ნიშნები სწრაფად უარესდება — 14 000 მეცნიერის გაფრთხილება კაცობრიობას #1tvმეცნიერება
დედამიწის სასიცოცხლო ნიშნები სწრაფად უარესდება — 14 000 მეცნიერის გაფრთხილება კაცობრიობას #1tvმეცნიერება

რას შეიძლება გაეერთიანებინა 34 ქვეყნის წარმომადგენელი 14 000 მეცნიერი ერთი აზრის გარშემო?

სამწუხაროდ, ეს კლიმატის კრიზისია. ახალ მოხსენებაში, ექსპერტები კიდევ ერთ გაფრთხილებას აქვეყნებენ ჩვენი პლანეტის მდგომარეობის შესახებ; მოხსენება ნამდვილად საგანგაშოა.

„ჩვენ თითქმის ან უკვე გადავკვეთეთ დედამიწის ეკოსისტემების კრიტიკულ ნაწილებთან დაკავშირებული გარდამტეხი წერტილები, მათ შორის, დასავლეთ ანტარქტიდისა და გრენლანდიის ყინულის საფარი, თბილწყლიანი მარჯნის რიფები და ამაზონის წვიმის ტყეები“, — წერენ მკვლევრები.

მათივე განცხადებით, ამ საგანგაშო ვითარებიდან გამომდინარე, საჭიროა მოკლე, ხშირი და ადვილად ხელმისაწვდომი განახლებები კლიმატის საგანგებო სიტუაციის შესახებ.

2019 წელს, ჟურნალ BioScience-ში 11 258-მა მეცნიერმა გამოაქვეყნა მოხსენება, რომელშიც მსოფლიოს იმ მკაცრი კლიმატის შესახებ აფრთხილებდნენ, რომლის წინაშეც ახლა ვდგავართ.

თითქმის ორი წლის შემდეგ, ამ მხრივ უკეთესობისკენ არაფერი შეცვლილა.

„განსაკუთრებით შემაშფოთებელია კლიმატთან დაკავშირებული კატასტროფების გახშირება, მათ შორის, 2019-2020 წლების ავსტრალიის მეგახანძრები, ასევე ის ფაქტი, რომ სამი მთავარი სათბურის აირის — ნახშირორჟანგის, მეთანის და აზოტის ოქსიდის კონცენტრაციამ ატმოსფეროში 2020-2021 წლებში რეკორდულ ნიშნულს მიაღწია და ეს COVID-19-ის პანდემიის მიუხედავად მოხდა“, — ამბობს სიდნეის უნივერსიტეტის ეკოლოგი თომას ნიუსამი.

ახალი მოხსენება ასევე ჟურნალ BioScience-ში გამოქვეყნდა და ხელმომწერთა რიგებს 2800 მეცნიერი დაემატა; მკვლევრები აღნიშნავენ, რომ მსოფლიოში 1990 ადგილი უკვე ოფიციალურად გამოცხადდა ან აღიარეს კლიმატურ საგანგებო მდგომარეობად და გვთავაზობენ პოლიტიკური მიდგომასაც დათბობით გამოწვეული ზიანის შესამსუბუქებლად.

მკვლევრები გვთავაზობენ „სამმაგ მოკლევადიან პოლიტიკურ მიდგომას“: მნიშვნელოვნად მაღალ გლობალურ ფასს ნახშირბადზე, წიაღისეული საწვავის ამოღებას გლობალური მასშტაბით და მის თანდათანობით აკრძალვასა, კლიმატური ნაკრძალების შექმნას ბიომრავალფეროვნების დაცვა-აღდგენისა და ნახშირბადის შთანთქმის მიზნით (მაგალითად, ამაზონის წვიმის ტყე).

კლიმატის ანთროპოგენური ცვლილების შესახებ კლიმატური მეცნიერები ჯერ კიდევ 1960-იანი წლებიდან რეკენ განგაშის ზარებს, 1980-იანი წლებიდან კი სხვადასხვა გამოსავალსაც გვთავაზობენ.

მიუხედავად იმისა, რომ ვიცით, რამდენი ზიანი მოაქვს წიაღისეული საწვავის გამოყენებას დედამიწის კლიმატისთვის, ადამიანთა საქმიანობის შედეგად სათბურის აირების გამოყოფა სულ უფრო იზრდება, შედეგად კი იზრდება გლობალური დათბობაც. მეცნიერები ახლა უკვე გვაფრთხილებენ, რომ მეტი დასაკარგი დრო აღარ გაქვს.

„გთავაზობთ გარდამტეხი ცვლილებების გადაუდებელ საჭიროებას, რათა შემცირდეს სათბური აირების გამოყოფა და უფრო ფართოდ კი, ადამიანთა მიერ პლანეტის გადაჭარბებული ექსპლუატაცია“, — ამბობს ნიუსამი.

მისივე განცხადებით, ჯერ კიდევ არსებობს შესაძლებლობები პანდემიასთან დაკავშირებული მონეტარული დახმარების კლიმატთან მეგობრული აქტივობებისკენ მისამართად; მათ შორის უნდა იყოს წიაღისეული საწვავის მავნებლობის წარმოჩენა.

მოხსენებაში მეცნიერები გამოყოფენ „სასიცოცხლო ნიშნების“ 31 საბაზისო ნიშნულს, მაგალითად, ოკეანის ცვლილებებს, პირუტყვის რაოდენობას და ყინულის დნობას; ყველა ეს ნიშნული ამჟამად საშინლად მაღალია და სამწუხაროდ, იმედის მხოლოდ რამდენიმე ნაპერწკალიღა ბჟუტავს.

2018-2021 წლებში, მზის და ქარის ენერგიის წარმოება 57 პროცენტით გაიზარდა; მიუხედავად ამისა, ეს მაინც 19-ჯერ დაბალია წიაღისეული საწვავის მოხმარებაზე.

გარდა ამისა, 2018-2021 წლებში ძლიერ გაიზარდა წილების გაყიდვები წიაღისეული საწვავის სექტორში. 2019 წლიდან მცირედი შემცირება შეინიშნება წიაღისეული საწვავის ენერგიის მოხმარებაში; თუმცა, მკვლევართა აზრით, ამის მიზეზი სავარაუდოდ პანდემიაა და ის კვლავ ძველ ნიშნულს დაუბრუნდება.

ახალი მოხსენება წინ უსწრებს გერო-ს კლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისო ექსპერტთა ჯგუფის (IPCC) ახალ მოხსენებას, რომელიც მომავალ კვირაში გამოქვეყნდება და იმედია, კიდევ უფრო გამომაფხიზლებელი იქნება. მწვავე იყო IPCC-ს შარშანდელი მოხსენებაც.

მეცნიერები იმედს იტოვებენ, რომ არსებობს საკმარისი პოლიტიკური ნება საჭირო პოლიტიკურ ცვლილებათა განსახორციელებლად, რათა მსოფლიო გადარჩეს.

მოხსენება ჟურნალ BioScience-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია scimex.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.