გეოლოგებმა პირველყოფილი, ახლად წარმოქმნილი დედამიწის ნაშთები აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება

13:45, 23.10.2025

იქამდე, ვიდრე დღევანდელ ფორმას მიიღებდა, დედამიწა ლავისა და ქანების მხურვალე მასა იყო; ახლახან, ჩვენი პლანეტის ყველაზე ღრმა და ძველ ქანებში მეცნიერებმა პირველად აღმოაჩინეს ძლიერ ადრეული „პროტოდედამიწის“ კვალი.

ამ კვალმა 4,5 მილიარდ წელიწადს გაძლო, შესაბამისად, აღმოჩენა ძლიერ ამაღელვებელია. მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფი ამას ქვიშით სავსე ვედროში ერთი კონკრეტული მარცვლის მიგნებას ადარებს.

რამდენად პატარა და ძველიც არ უნდა იყოს ეს კვალი, მისი გამოყენებით შესაძლებელია იმ გარემო პირობების შესწავლა, რაც ადრეულ დედამიწაზე უნდა ყოფილიყო, მაშინ, როცა ის სულ ახალი დაბადებული პლანეტა იყო. აღმოჩენამ ასევე შეიძლება გვიჩვენოს, როგორ ჩნდებიან დედამიწის მსგავსი პლანეტები.

„ეს ალბათ პირველი პირდაპირი მტკიცებულებაა პროტოდედამიწისეული მასალებისა. ჩვენ წინაშეა ძლიერ ადრეული დედამიწის ნიმუშები, ჯერ კიდევ იმ დროის, ვიდრე მას მარსის ზომის პლანეტა შეეჯახებოდა. საოცარია, რადგან როგორც წესი, ეს ძლიერ ადრეული ხელწერები ნელ-ნელა უნდა წაშლილიყო დედამიწის ისტორიაში“, — ამბობს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) გეოქიმიკოსი ნიკოლ ნი.

პროტოდედამიწა მხოლოდ ძალიან ცოტა ხნით არსებობდა — დაახლოებით 100 მილიონ წელიწადს. სწორედ ამ დროს მოხდა უზარმაზარი შეჯახება მარსის ზომის პროტოპლანეტასთან, რომელსაც თეიას უწოდებენ. ამ შეჯახებამ ჩვენი პლანეტის შემადგენლობა შეცვალა და უფრო მეტიც, ასე გაჩნდა მთვარე.

ნი და მისი კოლეგები კალიუმ-40 იზოტოპის დეფიციტს ეძებდნენ. მეტეორიტებზე ჩატარებულმა წინა კვლევამ გამოავლინა, რომ ქანების წარმოშობის დადგენის შესაფერისი გზა არის ამ ელემენტის ვარიაციები. ამისათვის, მათ ადარებენ დედამიწაზე არსებულ იმ სხვა ქანებს, რომლებიც ჩვენთან მზის სისტემის სხვა ნაწილებიდან მოხვდა.

„ამ კვლევაში ჩვენ დავადგინეთ, რომ სხვადასხვა მეტეორიტს კალიუმის სხვადასხვანაირი იზოტოპური ხელწერა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლებელია კალიუმის გამოყენება დედამიწის საშენ მასალათა მისაგნებად“, — ამბობს ნი.

გრენლანდიიდან, კანადიდან და ჰავაიდან (სადაც ვულკანურ აქტივობას მანტიის სიღრმიდან მასალები ზემოთ ამოაქვს) აღებული უძველესი ქანების ნიმუშების დეტალური ანალიზით, მკვლევრებმა იპოვეს კალიუმის უნიკალური ხელწერა, რომელიც იქამდე არ ჰქონდათ ნანახი.

ეს ქიმიური ხელწერა დედამიწას დაჯახებულ სხვა დიდ კოსმოსურ ობიექტთა კვლევებში არ ჩნდება, არც ჩვენს პლანეტაზე მიმდინარე სხვა რომელიმე გეოლოგიურ პროცესში. ყველაზე სავარაუდო ახსნა — ეს ქანები დედამიწის ისტორიის გარიჟრაჟის ნარჩენებია.

არსებულ მეტეორიტულ მონაცემებზე დაყრდნობით ჩაატარეს კომპიუტერული სიმულაციები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შეცვლილიყო ეს ქანები 4,5 მილიარდი წლის განმავლობაში, როგორც გეოლოგიური პროცესების, ისე სხვა შეჯახებების შედეგად. ეს ცვლილებები მათში აღმოჩენილ ხელწერებს დაემთხვა — კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ ეს მასალები ნამდვილად პროტოდედამიწას ეკუთვნის.ს

ამ კვლევიდან კიდევ ერთი დასკვნა გამომდინარეობს — არსებობს მეტეორიტების ტიპები, რომლებიც ჯერ არ გვიპოვია. პროტოდედამიწის ქანები საიდანღაც უნდა მომდინარეობდეს, რადგან ჩვენი პლანეტა თანდათანობით წარმოქმნა გაზისა და მტვრის გროვებმა; ამას უკვე შემდეგი კვლევები შეისწავლის.

„დედამიწის თავდაპირველი ქიმიური შემადგენლობის დადგენას მეცნიერები მეტეორიტების სხვადასხვა ჯგუფის შემადგენლობის კომბინირებით ცდილობდნენ. თუმცა, ჩვენი კვლევა აჩვენებს, რომ მეტეორიტების ამჟამინდელი აღწერილობა სრული არ არის და ჯერ კიდევ ბევრი რამ არის შესასწავლი ჩვენი პლანეტის წარმომავლობის შესახებ“, — ამბობს ნი.

კვლევა Nature Geosciences-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია news.mit.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.

მსგავსი