18.3 გრადუსი ცელსიუსი — გაერო ანტარქტიდის ახალ ტემპერატურულ რეკორდს ოფიციალურად ადასტურებს #1tvმეცნიერება
18.3 გრადუსი ცელსიუსი — გაერო ანტარქტიდის ახალ ტემპერატურულ რეკორდს ოფიციალურად ადასტურებს #1tvმეცნიერება

გაერომ-მ ანტარქტიდის კონტინენტის ახალი, რეკორდულად მაღალი ტემპერატურა ოფიციალურად აღიარა — დაადასტურა, რომ შარშან იქ ჰაერის ტემპერატურამ 18,3 გრადუს ცელსიუსს მიაღწია.

გაერო-ს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის განცხადებით, ეს ტემპერატურა არგენტინის კვლევითმა სადგურმა „ესპერანსამ“ ანტარქტიდის ნახევარკუნძულზე 2020 წლის 6 თებერვალს ჩაიწერა.

„მაქსიმალური ტემპერატურის რეკორდის დადასტურება მნიშვნელოვანია, რადგან გვეხმარება, დედამიწის ერთ-ერთი საბოლოო საზღვრის ამინდისა და კლიმატის სურათი დავხატოთ. ანტარქტიდის ნახევარკუნძული პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად გათბობადი რეგიონია, სადაც ტემპერატურამ გასული 50 წლის განმავლობაში 3 °C-ით მოიმატა“, — ამბობს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის გენერალური მდივანი პეტერი ტაალასი.

მისივე განცხადებით, ეს ტემპერატურული რეკორდი სრულ შესაბამისობაშია ამჟამად მიმდინარე კლიმატის ცვლილებასთან.

მსოფლიო მეტეოროლოგიურმა ორგანიზაციამ უარყო კიდევ უფრო მაღალი ტემპერატურა, 20,75 °C, რაც თითქოს გასული წლის 9 თებერვალს დააფიქსირა ბრაზილიის ავტომატიზებულმა სადგურმა კუნძულ სეიმურზე, ანტარქტიდის ნახევარკუნძულის ნაპირებთან.

ანტარქტიდის კონტინენტისა და მისი მიმდებარე კუნძულების წინა დადასტურებული რეკორდი 17,5 °C იყო, რაც სადგურმა „ესპერანსამ“ 2015 წლის 24 მარტს დააფიქსირა.

ანტარქტიკის უფრო ფართო რეგიონის, ანუ 60 გრადუსიანი პარალელის ქვემოთ, არის 19.8 °C, რაც კუნძულ სიგნიზე დაფიქსირდა 1982 წლის 30 იანვარს.

დადასტურების პროცესი

ახალი ტემპერატურული რეკორდის შესახებ არსებული ორი მოხსენების შესამოწმებლად, მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის კომიტეტმა ნახევარკუნძულის იმ დროის ამინდი მიმოიხილა.

აღმოჩნდა, რომ მაღალი წნევის სისტემამ წარმოქმნა მაღლიდან დაბლა მქროლი ქარები, რომლებმაც ადგილობრივი ზედაპირი მნიშვნელოვნად გაათბეს.

მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის განცხადებით, წინა შეფასებები აჩვენებს, რომ რეკორდულ ტემპერატურებს სწორედ ასეთი გარემო პირობები წარმოქმნის.

ინსტრუმენტების განლაგებისა და მონაცემების შემოწმების შემდეგ, ექსპერტებმა სადგურ „ესპერანსაზე“ რაიმე ხარვეზი ვერ აღმოაჩინეს.

თუმცა, კუნძულ სეიმურზე, ბრაზილიის სადგურზე შეინიშნებოდა დროებითი რადიაციული ფარი, რამაც აშკარა თერმული ხარვეზი შეუქმნა ჰაერის ტემპერატურის მონიტორინგის სენსორს; შესაბამისად, მისი მონაცემებიც არასწორია.

ახალი რეკორდი მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის ამინდისა და კლიმატის უკიდურესობების არქივს დაემატება.

ამ არქივში შედის მსოფლიოს უმაღლესი და უდაბლესი ტემპერატურები, ნალექები, ყველაზე მძიმე სეტყვები, უგრძესი მშრალი პერიოდები, ქარის ქროლვის მაქსიმუმი, უგრძესი ელვა და ამინდთან დაკავშირებული ფატალური შემთხვევები.

დედამიწაზე დაფიქსირებული ყველაზე დაბალი ტემპერატურაა მინუს 89.2 °C, რაც 1983 წლის 21 ივლისს, ანტარქტიდის სადგურ ვოსტოკზე ჩაიწერეს.

გლობალური დათბობის საფრთხეები

ანტარქტიდის საშუალო წლიური ტემპერატურა მინუს 10 °C – მინუს 60 °C-ია, ნაპირებიდან წიაღის უშორეს ნაწილებამდე.

„არქტიკისგან განსხვავებით, ანტარქტიდა მწირად არის შესწავლილი კლიმატისა და ამინდის თვალსაზრისით. ამ დროს კი, ორივე ეს რეგიონი მნიშვნელოვან როლს ასრულებს კლიმატის წარმართვაში, ოკეანის მახასიათებლებსა და ზღვის დონის აწევაში“, — ამბობს ტაალასი.

მე-19 საუკუნიდან დღემდე, დედამიწის ზედაპირის საშუალო ტემპერატურამ 1 °C-ით მოიმატა, რაც საკმარისი აღმოჩნდა გვალვების, სიცხის ტალღებისა და ტროპიკული ციკლონების გასაძლიერებლად.

ანტარქტიდის თავზე ჰაერი თითქმის ორჯერ უფრო გათბა.

როგორც უახლესი კვლევები აჩვენებს, ორი გრადუსით დათბობა გრენლანდიისა და დასავლეთ ანტარქტიდის ყინულის საფარს უკან არდაბრუნების წერტილამდე მიიყვანს. ამ რეგიონების ყინულის მთლიანად გადნობა ოკეანის დონეს 13 მეტრით მაღლა ასწევს.

„ეს ახალი რეკორდი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ კლიმატის ცვლილება გადაუდებელი ზომების მიღებას მოითხოვს“, — ამბობს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი სელესტე საულო, არგენტინის ამინდის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელი.

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.