სამხრეთ პოლუსი სამჯერ სწრაფად თბება, ვიდრე პლანეტის დანარჩენი ნაწილი — #1TVმეცნიერება
სამხრეთ პოლუსი სამჯერ სწრაფად თბება, ვიდრე პლანეტის დანარჩენი ნაწილი — #1TVმეცნიერება

გასული 30 წლის განმავლობაში, ოკეანის ტემპერატურის მატების გამო, სამხრეთ პოლუსი სამჯერ უფრო სწრაფად გათბა, ვიდრე დანარჩენი პლანეტა. ამის შესახებ ახალი კვლევა იუწყება.

ანტარქტიდის ტემპერატურა ფართოდ ცვალებადია სეზონებისა და რეგიონის მიხედვით. წლების განმავლობაში მიიჩნეოდა, რომ მიუხედავად ზოგადად კონტინენტის გათბობისა, სამხრეთ პოლუსი მაინც ცივად რჩებოდა.

მკვლევრებმა ახალი ზელანდიიდან, ბრიტანეთიდან და აშშ-დან, შეისწავლეს მეტეოროლოგიური სადგურების მიერ 60 წლის განმავლობაში შეგროვებული მონაცემები, შემდეგ კი კომპიუტერული მოდელირება გამოიყენეს, რათა დაედგინათ, რა იწვევს აჩქარებულ გათბობას.

დადგინდა, რომ წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში ათწლეულების განმავლობაში გაზრდილმა ტემპერატურამ ატმოსფერული წნევა შეამცირა უედელის ზღვის თავზე, ატლანტის ოკეანის სამხრეთ ნაწილში.

ამან კი თავის მხრივ გაზარდა თბილი ჰაერის დინება პირდაპირ სამხრეთ პოლუსის თავზე და ის 1989 წლის შემდეგ 1,83 გრადუსი ცელსიუსით გაათბო.

კვლევის ავტორთა განცხადებით, ბუნებრივი დათბობის ტენდენცია სავარაუდოდ გააძლიერა ადამიანთა საქმიანობის შედეგად გამოყოფილმა სათბურის აირებმა და შეიძლება, გათბობის ეფექტს სამხრეთ პოლუსის თავზე ნახშირბადით დაბინძურება იწვევდეს.

„ვიცოდით, რომ მე-20 საუკუნეში ტემპერატურა იმატებდა დასავლეთ ანტარქტიდაზე და ანტარქტიდის ნახევარკუნძულზე, მაგრამ სამხრეთ პოლუსი მაინც ცივი რჩებოდა. ვეჭვობდით, რომ ანტარქტიკის ეს ნაწილი შეიძლება გათბობისგან იმუნური/იზოლირებული იყო, მაგრამ აღმოვაჩინეთ, რომ ეს ასე არ არის“, — ამბობს კვლევის ავტორი, ველინგტონის ვიქტორიას უნივერსიტეტის მკვლევარი კაილ კლემი.

მონაცემები აჩვენებს, რომ სამხრეთ პოლუსი, ანუ დედამიწის ყველაზე სამხრეთი წერტილი ამჟამად ათწლეულში დაახლოებით 0,6 გრადუსი ცელსიუსით თბება, პლანეტის დანარჩენი ნაწილისთვის კი ეს მაჩვენებელი 0,2 გრადუსია.

კვლევის ავტორები ასეთ ცვლილებას ათწლეულთაშორის წყნაროკეანური რყევის სახელით ცნობილ ფენომენს (IPO) უკავშირებენ.

ათწლეულთაშორისი წყნაროკეანური რყევა დაახლოებით 15-30 წელიწადს გრძელდება და მერყეობს პოზიტიურ და ნეგატიურ მდგომარეობებს შორის. პოზიტიური მდგომარეობის დროს წყნარი ოკეანის ტროპიკული ნაწილი უფრო ცხელია, ჩრდილოეთი ნაწილი კი საშუალოზე ცივი; ნეგატიური მდგომარეობის დროს ეს ტემპერატურული ანომალია შებრუნებულია.

21-ე საუკუნის დასაწყისში, ათწლეულთაშორისი წყნაროკეანური რყევა ნეგატიურ ციკლზე გადაერთო, რასაც მოჰყვა დიდი კონვექცია და წნევის უფრო დიდი უკიდურესობები მაღალ განედებზე, რამაც თავის მხრივ, თბილი ჰაერის ძლიერი ნაკადის დინება გამოიწვია პირდაპირ სამხრეთ პოლუსის თავზე.

კლემის განცხადებით, 1,83 გრადუსით გათბობა 99,99 პროცენტით აჭარბებს 30-წლიან ყველა მოდელირებულ ტენდენციას.

„მიუხედავად იმისა, რომ გათბობა კლიმატის მოდელების ბუნებრივ ცვალებადობაში ჯდებოდა, ძლიერ სავარაუდოა, რომ ამ პროცესში საკუთარი წვლილი შეიტანა ადამიანის საქმიანობამ“, — ამბობს კვლევის ავტორი კაილ კლემი.

კვლევა ჟურნალ Nature Climate Change-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.