ოკეანის უდიდესი დინება კოლაფსის პირასაა, რაც მთლიან პლანეტას შეცვლის — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
ოკეანის უდიდესი დინება კოლაფსის პირასაა, რაც მთლიან პლანეტას შეცვლის — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება

დედამიწას რომ პულსი ჰქონდეს, ეს ატლანტიკის მერიდიანული ბრუნვის ცირკულაცია (AMOC) იქნებოდა — ოკეანის დინებათა მორევი, რომლებსაც ტროპიკული სითბო ჩრდილოეთით, პოლარული წყლებისკენ მიაქვთ.

გასული საუკუნის განმავლობაში, ეს გლობალური გულისცემა შესუსტდა და მისი სიჩქარე ისე შემცირდა, როგორც არასოდეს ბოლო ათასწლეულში. სხვადასხვა ინდექსზე დაყრდნობით ჩატარებული ახალი კვლევა აძლიერებს მოსაზრებას, რომ მისი შესუსტება უბრალო მოვლენა არ არის და გარდაუვალია კრიტიკული გარდასვლის პერიოდი.

კვლევა ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის კლიმატის მეცნიერმა, ნიკლას ბოერსმა ჩაატარა და წარმოადგენს უახლეს მინიშნებას იმის შესახებ, რომ ატლანტიკის მერიდიანული ბრუნვის ცირკულაცია დიდ გარდამტეხ წერტილს უახლოვდება.

მისი კვლევა ჟურნალ Nature Climate Change-ში გამოქვეყნდა და ამტკიცებს, რომ AMOC-ის შედარებით სტაბილურად შენარჩუნება შესაძლებელია ორ სხვადასხვა მდგომარეობაში.

ერთ-ერთია ის მტკიცე ფორმა, რომელიც მთელი თანამედროვე ისტორიის მანძილზე არსებობს და დიდი ოდენობით თბილი წყალი ტროპიკებიდან ჩრდილოეთით მიაქვს; გზადაგზა ეს წყალი სულ უფრო მკვრივდება, რადგან იკლებს მისი ტემპერატურა და იზრდება მარილიანობა.

ეს პროცესი ოკეანისა და ატმოსფეროს მასშტაბით ადგილს უცვლის სითბურ ენერგიას, ამავე დროს, ერთმანეთში ურევს მინერალებსა და ორგანულ ნაერთებს, რომლებიც ოკეანის თავისუფლად მოძრავ წყლებს ანოყიერებენ.

მეორეა გაცილებით სუსტი სისტემა ნელა მოძრავი წყლით, რომელსაც საკვები ნივთიერებებით მდიდარი თბილი წყლის ატლანტის ოკეანის მასშტაბით გადასატანად დიდი დრო სჭირდება.

გასულ წლებში ატლანტიკის მერიდიანული ბრუნვის ცირკულაციის კვლევები იშვიათად ტარდებოდა, მაგრამ მაინც შეიმჩნეოდა იმის ნიშნები, რომ ეს უზარმაზარი კონვეიერის სარტყელი ისეთი აღარ იყო, როგორიც უნდა ყოფილიყო.

კლიმატური მოდელების კომპლექსურობიდან გამომდინარე, ამ აშკარა ცვლილების ზუსტი მიზეზი უცნობია, რაც აჩენს დებატებს ზუსტი პროგნოზებისა და შედეგების შესახებ. თუმცა, იზრდება მტკიცებულებები, რომელთა მიხედვითაც, ყინულების ჩქარი დნობის შედეგად გამოთავისუფლებული წყალი აგდებს მარილიანობას და ურევს ტემპერატურას, რაც მთლიან სისტემას ამუხრუჭებს.

ზოგიერთი მოდელის მიხედვით, AMOC შეიძლება შეეგუოს რამდენადმე შენელებას, შედარებით სტაბილური დარჩეს პოლუსების დნობის მიუხედავად და მცირე გასაჭირის შემდეგ, წარსულის დიდებაც კვლავ დაუბრუნდეს.

თუმცა, ასეთ სცენარს ყველა არ ეთანხმება. როგორც ბოერსი თავის კვლევაში წერს, კარგი მიზეზი გვაქვს ვიეჭვოთ, რომ დინებათა ქსელი არა მხოლოდ კოლაფსირდეს გაცილებით სუსტ და არასტაბილურ ფორმაში, არამედ უკვე ამის ზღვარზეა.

„კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ ამ შესუსტება შეიძლება დაკავშირებული იყოს გასულ საუკუნეში AMOC-ის სტაბილურობის თითქმის მთლიანად მოშლასთან, ამავე დროს, ატლანტიკის მერიდიანული ბრუნვის ცირკულაცია შეიძლება ახლოს იყოს სუსტი ცირკულაციის რეჟიმში გადასვლის კრიტიკულ წერტილთან“, — ამბობს ბოერსი.

ამ დინებათა დრამატული შემცირების შედეგები ჯერ ბოლომდე არ ვიცით. ზოგიერთი კვლევით, ამან შეიძლება პლანეტა გააციოს და პოტენციურად შეეწინააღმდეგოს გლობალურ დათბობას.

თუმცა, ვიდრე ზედმეტად აღფრთოვანდებით, ეს არც ისე კარგი შეიძლება იყოს, როგორც უცებ წარმოიდგინეთ. ატლანტიკის დინებებში ენერგიისა და საკვები ნივთიერებების გადანაწილებაში უზარმაზარ ცვლილებებს სიღრმისეული შედეგები მოჰყვება ევროპისა და ამერიკის ამინდის სისტემებსა და ეკოლოგიაზე, რასაც თან უნდა ახლდეს მასიური ეკონომიკური ეფექტები ყველაფერზე, სოფლის მეურნეობიდან დაწყებული, ტურიზმით დამთავრებული.

მაგალითად, იმან, რამაც შეიძლება ამაზონს მეტი ნალექი მოუტანოს, ევროპას შეიძლება პროდუქტიულობა დააკარგვინოს.

ბოერსი დარწმუნებულია, რომ მისი მოდელები ატლანტიკის მერიდიანული ბრუნვის ცირკულაციის კოლაფსის მოახლოებაზე მიუთითებს, მაგრამ გეოლოგიური მოვლენების ზუსტი დროის პროგნოზირება ადვილი არ არის. უცაბედ ცვლილებასაც კი შეიძლება წლები ან ათწლეულები დასჭირდეს.

ერთადერთ, რაც აშკარად ცხადია, ის არის, რამდენად სარისკოდ ახლოს მივყავართ ჩვენს ქმედებებს გარდაუვალ ცვლილებებთან.

„ერთადერთი გამოსავალია გამონაბოლქვის რაც შეიძლება შემცირება. ატმოსფეროში გამოყოფილი ყოველი გრამი ნახშირორჟანგი ზრდის უკიდურესად მაღალი ზემოქმედების მოვლენათა რისკს“, — ამბობს კვლევის ავტორი, ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის კლიმატის მეცნიერი ნიკლას ბოერსი.

კვლევა Nature Climate Change-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია The Guardian-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.