კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამანადგურებელი ვირუსი იმაზე გაცილებით ძველია, ვიდრე გვეგონა — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამანადგურებელი ვირუსი იმაზე გაცილებით ძველია, ვიდრე გვეგონა — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება

ყვავილმა თვალსაჩინო კვალი დატოვა კაცობრიობის ისტორიაში. მხოლოდ მეოცე საუკუნეში, ამ ვირუსმა სულ მცირე 300 მილიონი ადამიანი მოკლა. მიუხედავად ასე ცნობადობისა, ამ ვირუსის წარმოშობის ამბავი ჯერ კიდევ გაურკვეველია.

ახლახან, იტალიელ მეცნიერთა ჯგუფმა ყვავილის გამოჩენის სავარაუდო თარიღი 2000 წლით უკან, წარსულში გადაწია, რასაც მოწმობს ისტორიული წყაროები, რომელთა მიხედვითაც, დაავადება ადამიანთა საზოგადოებებს უძველესი დროიდან უტევდა, ჯერ კიდევ ფარაონების ეპოქიდან.

ბოლო წლებში, გენეტიკური თანმიმდევრობის გაშიფვრის (სეკვენირება) ტექნოლოგიების დახვეწამ მეცნიერებს უძველესი ვირუსული დნმ-ის ფრაგმენტების სულ უფრო და უფრო დეტალური ანალიზის საშუალება მისცა. შედეგად, კიდევ უფრო ახლოს მივიდნენ იმის გარკვევასთან, თუ სად და როდის გამოჩნდა პირველად ყვავილი.

2016 წელს ლიეტუვაში გაკეთებული იღბლიანი აღმოჩენის წყალობით, ახალგაზრდა ბიჭის სხეულის ნარჩენებიდან აღებული ვირუსული დნმ-ის საფუძველზე, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ყვავილი ახ. წ. 1500 წლისთვის უკვე უნდა ყოფილიყო გავრცელებული. 2020 წელს, ვიკინგების ხანის ჩონჩხიდან აღებული ვირუსული დნმ-ის კვლევის შედეგად, გენეტიკურმა მტკიცებულებამ ეს თარიღი კიდევ უფრო უკან, ახ. წ. 1050 წლამდე გადაწია.

თუმცა, ისტორიული ჩანაწერები მიუთითებდა, რომ ყვავილის მსგავსი რაღაც დაავადება ძველ საზოგადოებებს გაცილებით ადრე უტევდა. ყვავილის მსგავსი დაავადების სიმპტომები აღწერილია მე-4 საუკუნის ჩინურ ტექსტებში. ეგვიპტურ მუმიებზე კი აღმოჩენილია ნამუწუკარი იარები, რომლებიც ასევე მიუთითებს, რომ ყვავილი ჯერ კიდევ 3-4 ათასი წლის წინ ცირკულირებდა.

თუმცა, ურთულესია საბოლოო გენეტიკური მტკიცებულების, ანუ ვირუსის მოლეკულური კვალის პოვნა, რაც ამ თეორიას დაუჭერდა მხარს.

როდესაც საკმარისი ნიმუშები აქვთ შესადარებლად, მეცნიერებს მაინც შეუძლიათ ვირუსის წარსულისა და მისი ევოლუციური ისტორიის შესწავლა. ასევე შეუძლიათ ნახონ, როგორ შეიცვალა ვირუსი დროთა განმავლობაში და გაარკვიონ, რამდენად სწრაფად ან ნელა იძენდა ვირუსი გენეტიკურ მუტაციებს. ამის საფუძველზე, მეცნიერებს შეუძლიათ მოლეკულური საათი უკან გადაწიონ, რათა შეაფასონ, სავარაუდოდ როდის არსებობდა ვირუსის წინაპარი ვერსია.

ყვავილის შემთხვევაში, დაავადების გამომწვევია ყვავილის ვირუსი, იგივე VARV-ი. ახალ კვლევაში, მკვლევართა ჯგუფმა, რომელსაც იტალიის კვლევების სამეცნიერო ინსტიტუტის ბიოინფორმატიკოსი დიეგო ფორნი ხელმძღვანელობდა, წინა ნაშრომებიდან და მონაცემთა ბაზებიდან აღებული VARV ვირუსის 54 ნიმუშის გენეტიკური თანმიმდევრობები ხელახლა შეისწავლა.

მათ შორის იყო ვიკინგების ხანის VARV-ის ოთხი გენომი, მე-17 – მე-18 საუკუნეების ორი გენომი და 48 თანამედროვე მიმდევრობა, რომლებიც იქამდე აიღეს, ვიდრე 1980 წელს ვირუსს საბოლოოდ ამოძირკვავდნენ.

ამ ვირუსულ მიმდევრობათა გამოყენებით, მკვლევრებმა ყვავილის ვირუსის ევოლუციური ისტორია აღადგინეს, აჩვენეს, როგორ გაიშალა ის ერთი საერთო წინაპრიდან სხვადასხვა შტამად, რომლებიც შემდეგ ან მთელ მსოფლიოში გავრცელდა, ან გაქრა.

საკუთარ მოდელებში, მკვლევრებმა ისინი ისე შეცვალეს, რომ ვირუსული ევოლუცია ხანგრძლივ პერიოდებში შენელებული ჩანს, მოკლე პერიოდებში კი აჩქარებული. როგორც მათ დაადგინეს, ყველა VARV-ის ბოლო საერთო წინაპარი 3800 წლის წინანდელი ან უფრო ძველია.

VARV-ის მიმდევრობათა შედარებამ ორ მონათესავე ორთოპოქსივირუსთან — ტეტრაპოქსთან (რომელიც მღრღნელ მექვიშიას აინფიცირებს) და ქემელპოქსთან — ასევე აჩვენა, რომ ყვავილის ვირუსის წინაპარი მის ნათესავებს დაახლოებით 7700 წლის წინ გამოეყო.

მიუხედავად ამისა, მკვლევრები ამბობენ, რომ მაინც საკმაოდ დიდი ფანჯარა რჩება, თუ როდის შეიძლებოდა გადასდებოდა ყვავილი ადამიანს, სადღაც დაახლოებით 8000 – 4000 წლის წინ. თუმცა, ახალი კვლევა მაინც გვთავაზობს მტკიცებულებას, რომლის მიხედვითაც, ყვავილი ჩვენში იმაზე ათასწლეულებით ადრე იყო, ვიდრე ამას ვირუსული დნმ-ის წინა ანალიზები მიუთითებდა.

„ყვავილის ვირუსი შეიძლება იმაზე გაცილებით, გაცილებით ძველი იყოს, ვიდრე გვეგონა. ეს იმ მხრივ არის მნიშვნელოვანი, რომ ადასტურებს ისტორიულ ჰიპოთეზას, რომლის მიხედვითაც, ყვავილი უძველეს ისტორიულ საზოგადოებებშიც არსებობდა“, — ამბობს ფორნი.

მართალია, ახალი შეფასებით მიღებული ქრონოლოგია ემთხვევა ისტორიულ ჩანაწერებს იმის შესახებ, რომ ეგვიპტის ფარაონებს ყვავილის მსგავსი ნაიარევები ჰქონდათ, მაგრამ მაინც რჩება გარკვეული სკეპტიციზმი იმის შესახებ, მართლაც იყო თუ არა ეს დაავადება მაშინ გავრცელებული.

კვლევა Microbial Genomics-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია microbiologysociety.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.