ყვავილის ვირუსის შესახებ საუკუნეების განმავლობაში წარმოებული ჩანაწერები გვიჩვენებს, როგორ გაქრა ეს მომაკვდინებელი დაავადება — #1tvმეცნიერება
ყვავილის ვირუსის შესახებ საუკუნეების განმავლობაში წარმოებული ჩანაწერები გვიჩვენებს, როგორ გაქრა ეს მომაკვდინებელი დაავადება — #1tvმეცნიერება

მეცგლობალური პანდემიის ფონზე, მკვლევრებმა გადახედეს ადამიანის იმ ერთადერთი დაავადების წარსულს, რომელიც წარმატებით ამოვძირკვეთ.

ორმოცი წელიწადი გავიდა მას შემდეგ, რაც ყვავილმა ხალხში ცირკულირება შეწყვიტა, მაგრამ ეს დაავადება დღემდე მიიჩნევა ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს მკვლელად, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში იმაზე მეტი სიცოცხლე შეიწირა, ვიდრე სხვა რომელიმე ინფექციურმა დაავადებამ, თუნდაც შავმა ჭირმა ან ქოლერამ.

მე-18 საუკუნეში, ყვავილით ევროპაში ყოველწლიურად 400 000 ადამიანი კვდებოდა. მხოლოდ ლონდონში, ამ დაავადებამ 1664 წელს 321 000 ადამიანი იმსხვერპლა.

დაავადებას გადარჩენილთა მესამედი ბრმა რჩებოდა, უფრო მეტი კი ნაიარევებით დამახინჯებული.

„ამჟამინდელმა COVID-19-ის პანდემიამ გაზარდა ინტერესი ინფექციურ დაავადებათა გადადების კვლევებისადმი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრევენციებისადმი, როგორც პანდემიის კურსის ცვლილების იარაღისადმი“, — ამბობს დევიდ ეარნი, რომელიც ონტარიოს მაკმასტერის უნივერსიტეტში ინფექციურ დაავადებათა გადადების მოდელებს ქმნის.

მისი თქმით, მათი მიზანი იყო აღეწერათ და საჯაროდ ხელმისაწვდომი გაეხადათ ლონდონში ყვავილით სიკვდილიანობის ყოველკვირეული მონაცემები და გამოევლინათ ის ისტორიული მოვლენები, რომლებმაც შესაძლოა, ყვავილის დინამიკაზე საუკუნეთა განმავლობაში მოახდინა გავლენა.

თითქმის 300 წლის განმავლობაში, 1664 წლიდან 1930 წლამდე, ლონდონის ხელისუფლება ყვავილით სიკვდილიანობას ზედმიწევნით აღრიცხავდა. ყოველკვირეულად დაახლოებით 13 000 ასეთი შემთხვევის ჩანაწერთა საფუძველზე, მკვლევრებმა ყვავილის სიკვდილიანობისა და პრევენციის თაიმლაინი შექმნეს, რითაც თვალი მიადევნეს ლონდონში ვირუსის მოძრაობას და იმ გზებს, რომლებითაც მასზე გავლენას ახდენდა სეზონები, საზოგადოებრივი ჯანდაცვის პოლიტიკა და ისტორიული მოვლენები.

შედეგები აშკარად აჩვენებს, რომ დროთა განმავლობაში, ვირუსის უკეთესმა კონტროლმა სიკვდილიანობა შეამცირა.

ადრეულ ჩანაწერებში გავრცელება სპორადული ჩანს, 1770 წლისთვის რეგულარული ტალღების სახეს იღებს, რადგან პოპულარული გახდა ყვავილზე იმუნიზაციის ადრეული ფორმა, სახელად ვარიოლაცია.

მხოლოდ 1810 წელს, ვაქცინაციის გაცილებით უსაფრთხო ფორმის გამოჩენას ემთხვევა ეპიდემიის ამპლიტუდის დრამატული შემცირება მონაცემებში, მიუხედავად იმისა, რომ აფეთქებები უფრო ხშირი იყო.

1830-იან წლებში ლონდონში განსაკუთრებით დიდი ეპიდემია გავრცელდა, რომელის საბოლოოდ ევროპასაც მოედო. სწორედ ეს გახდა 1840 წელს ინგლისის ვაქცინაციის პირველი აქტის გამოცემის იმპულსი. აცრა უფასო იყო ნებისმიერი მსურველისთვის და იკრძალებოდა ვარიოლაციის მსგავსი უფრო სახიფათო მეთოდები. ამის შემდეგ, ვაქცინაციის დონე გაიზარდა, ფატალურ შემთხვევათა რაოდენობა კი მკვეთრად დავარდა.

უფრო რთული აღმოჩნდა ეპიდემიებზე სხვა ფაქტორების, მაგალითად, სეზონური სტრუქტურის გავლენის დადგენა და ავტორები აღიარებენ, რომ ამ მონაცემებს მეტი კვლევა სჭირდება.

მონაცემთა საფუძველზე მკვლევართა მიერ შექმნილი მოდელი წარმოაჩენს, როგორ იქცა ვირუსი, რომელიც სამიდან ყოველ ერთ ადამიანს კლავდა, „საშინელი და თავიდან აურიდებელი საფრთხიდან“ სიკვდილის უკიდურესად იშვიათ მიზეზად.

მკვლელიდან იშვიათობამდე

ყვავილით სიკვდილის ბოლო შემთხვევა ლონდონში 1934 წელს დაფიქსირდა, წინა წლებში კი წელიწადში რამდენიმე შემთხვევა ფიქსირდებოდა.

„აშკარაა, რომ ყვავილის კონტროლის ზომების შემოღებამ — ჯერ ვარიოლაციამ და შემდეგ ვაქცინაციამ, მისი ამოძირკვა შესაძლებელი გახადა“, — ამბობს მკვლევართა ჯგუფის წევრი ოლგა კრილოვა.

მისივე თქმით, მათი ანალიზები ასევე მიუთითებს, რომ კონტროლის ზომების დიდი გამოყენება და საზოგადოებრივი ჯანდაცვის პოლიტიკის ცვლილებები იწვევდა ეპიდემიების სიხშირის ცვალებადობას.

ყვავილს გრძელი და მდიდარი ისტორია აქვს. ამჟამად მიჩნეულია, რომ ის დაკავშირებულია მღრღნელების დაავადებასთან, რომელიც ადამიანებზე აფრიკაში, ათასობით წლის წინ გადავიდა. ათასწლეულების განმავლობაში, რაც უფრო მეტად გლობალიზებული ხდებოდა მსოფლიო, ვირუსმა სტარტი აიღო, გავრცელდა და გაიზარდა ადამიანთა ცივილიზაციებისა და მათი სავაჭრო გზების გასწვრივ.

შუა საუკუნეების ევროპაში, ვირუსი ხშირად იწვევდა ეპიდემიებს. კოლონიზაციის შედეგად, შემდეგ ის აფრიკაში, ავსტრალიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში გავრცელდა.

ვაქცინების შექმნამდე, ყვავილის გავრცელებას ადამიანები აფრიკაში, ინდოეთსა და ჩინეთში ვარიოლაციით აკონტროლებდნენ. ამისათვის, მკლავზე ან ფეხზე უკეთებდნენ პატარა ჭრილობას, რომელშიც შეყავდათ ყვავილის ვირუსის მცირე რაოდენობა, რომელსაც უკვე ინფიცირებული ადამიანის წყლულებიდან ან მუწუკებიდან იღებდნენ.

მე-18 საუკუნეში, ეს გამორჩეული იდეა თურქეთიდან ევროპაში შევიდა და სწრაფად აიტაცეს ექიმებმა.

1796 წელს, ინგლისელმა მეცნიერმა ედუარდ ჯენერმა დაადგინა, რომ ძროხის ყვავილს, რომელიც ყვავილის მსგავსი ვირუსისგან არის წარმოშობილი, შეეძლო ადამიანები ამ ინფექციური დაავადების ეპიდემიებისგან დაეცვა. როდესაც პაციენტებს მან ცხოველის ეს ვირუსი შეუყვანა, იმუნიტეტი უფრო უსაფრთხო, იაფი და გაცილებით ეფექტიანი გზით წარმოიქმნა, ვიდრე ადამიანის ვირუსით ინოკულირების შემთხვევაში.

1800 წელს, მისი კვლევების საფუძველზე, ინგლისში ყვავილის ვაქცინა შეიქმნა. 1840 წელს, ინოკულაცია წარსულს ჩაბარდა.

თუმცა, ეს ყვავილის დასასრული არ აღმოჩნდა. მხოლოდ მე-19 საუკუნის ბოლოს მიხვდნენ მეცნიერები, რომ ვაქცინის მიერ მოტანილი იმუნიტეტი სიცოცხლის ბოლომდე არ სძლებდა და ადამიანებს ხელახლა ვაქცინაცია სჭირდებოდათ.

გავიდა წლები და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ წამოწყებულმა გლობალურმა კამპანიამ ვირუსი სულ რაღაც ათ წელიწადში წარმატებით ამოძირკვა მთელ მსოფლიოში. ყვავილის ვირუსის უკანასკნელი ნიმუშები ახლა აშშ-სა და რუსეთში ინახება.

ამ გრძელი ისტორიის განმავლობაში, ლონდონმა მნიშვნელოვანი ისტორიული და კულტურული ცვლილებები განვლო. მაგალითად, ყვავილის ეპიდემიებში შეიძლება როლი ითამაშა სამრეწველო რევოლუციამ, რადგან ურბანიზაცია გავრცელდა და შეიცვალა სოციალური დემოგრაფიაც. გავრცელების კიდევ ერთი შესაძლო მექანიზმი იყო ომები.

„ყვავილის გავრცელებებში ინტერვენციებისა და ისტორიული მოვლენების გავლენის რაოდენობრივად შეფასებისთვის საჭიროა დამატებითი კვლევები მათემატიკური მოდელების გამოყენებით“, — ამბობს კრილოვა.

სპეციფიკური მოვლენებისა და მათი ეფექტების უკეთ დადგენის შედეგად, შეიძლება უკეთესი წარმოდგენა შეგვექმნას იმის შესახებ, თუ როგორ მერყეობს დროთა განმავლობაში გადამდები ინფექციები და რა შეიძლება გავაკეთოთ მათ დასამარცხებლად.

„ლონდონში ყვავილით სიკვდილიანობის დოკუმენტირების გრძელი ისტორია გასაოცარ შესაძლებლობას გვაძლევს, რათა წარსულიდან შევისწავლოთ ინფექციური დაავადების გადადების მახასიათებელთა ცვალებადობა“, — წერს მკვლევართა ჯგუფი.

კვლევა PLOS Biology-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.