ყვავილის ვირუსი ევროპაში ვიკინგების ხანაშიც ცირკულირებდა, აღმოჩენილია უძველესი შტამების დნმ — #1tvმეცნიერება
ყვავილის ვირუსი ევროპაში ვიკინგების ხანაშიც ცირკულირებდა, აღმოჩენილია უძველესი შტამების დნმ — #1tvმეცნიერება

მაშინ, როდესაც მეცნიერები კორონავირუსის პანდემიის საწყისი წერტილის დადგენას ცდილობენ, ვირუსოლოგების ერთი ჯგუფი ცდილობს გაარკვიოს, საიდან და როგორ გაჩნდა ერთ დროს გამანადგურებელი დაავადება — ყვავილი.

ახლახან, ჩრდილოეთ ევროპაში, ვიკინგების ხანის არქეოლოგიურ ნაშთებში მათ უძველესი შტამის ვირუსული დნმ იპოვეს.

ნიმუშები ახ. წ. 603 წლით თარიღდება და წარმოადგენს გადამწყვეტ გენეტიკურ მტკიცებულებას, რომ ყვავილი იმაზე 1000 წლით ადრეც არსებობდა, ვიდრე ამას ჩვენს ხელთ არსებული საუკეთესო ჩანაწერები მიუთითებდა.

ყვავილს ვარიოლა ვირუსი (VARV) იწვევს და ამ დროისათვის პირველი და ერთადერთი დაავადებაა, რომელიც კაცობრიობამ ადამიანებში ვაქცინაციის გზით სრულად დაამარცხა; ეს გამარჯვება საბოლოოდ 1980 წელს გაფორმდა. მეოცე საუკუნეში, ყვავილმა 300-დან 500 მილიონამდე ადამიანი იმსხვერპლა.

ყვავილის სავარაუდო ისტორიული გავრცელების დადგენა შესაძლებელია. მეცნიერთა ვარაუდით, თავდაპირველად ევროპაში ის მავრებმა შეიტანეს ესპანეთსა და პორტუგალიაში შეჭრისას, მე-8 საუკუნეში, მოგვიანებით კი ევროპაში ის ჯვაროსნული ომების დროს გავრცელდა.

ყვავილის მსგავსი გამონაყარი დაფიქსირებულია ეგვიპტის ფარაონ რამზეს V-ის მუმიაზეც, რომელიც ძვ. წ. 1157 წელს დაიღუპა; ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ შესაძლოა, ყვავილი 3000 წლის წინაც იყო გავრცელებული.

თუმცა, ეს მხოლოდ ვარაუდია და არ ეფუძნება ვირუსული დნმ-ის კვლევებს. ასეთი მტკიცებულებების პოვნა კი რთულია.

მეცნიერებმა ჯერ დაზუსტებით არ იციან, მაგრამ ეჭვობენ, რომ ყვავილის ვირუსი რამდენიმე ათასი წლის წინ აფრიკაში, მღრღნელებში გაჩნდა, შემდეგ კი ადამიანებში გადავიდა. ამის დასამტკიცებლად საჭიროა შესაბამისი ნიმუშები.

იმის გარკვევა, თუ როგორ არის ერთმანეთთან დაკავშირებული ყვავილის უძველესი ვირუსები და თანამედროვე შტამები, მკვლევრებს ასევე დაეხმარება ყვავილის წარმოშობა-განვითარების შესწავლაში. ასეთი კვლევა კი მხოლოდ უძველესი ვირუსული დნმ-ის ნიმუშებით არის შესაძლებელი.

ზემოთ ხსენებულ უახლეს აღმოჩენამდე, ჩვენს ხელთ არსებული დნმ-ის უძველესი ნიმუში ლიტვაში აღმოჩენილ მე-17 საუკუნის მუმიას ეკუთვნოდა; ასევე ხელმისაწვდომი იყო ნიმუშები, რომლებიც ჩეხეთის ეროვნულ მუზეუმში დაცულ მე-19 და მე-20 საუკუნის მუმიებს ეკუთვნის. ყვავილის თანამედროვე ვირუსთან ამ ნიმუშების დნმ-ის შედარებით დადგინდა, რომ მათი ყველაზე ბოლო საერთო წინაპარი ვირუსი 1530-1654 წლებში უნდა ყოფილიყო.

კემბრიჯის უნივერსიტეტის პათოგენთა ევოლუციის ცენტრის ვირუსოლოგი ბარბარა მიუჰლეჰმანი და მისი კოლეგები უძველესი ყვავილის კვალს ეძებდნენ 1870 ინდივიდში, რომლებიც 31 000 წლის წინანდელი პერიოდიდან ცხოვრობდნენ ევრაზიისა და ამერიკის კონტინენტებზე.

„არქეოლოგიური ნარჩენებიდან აღდგენილი უძველესი ვირუსული თანმიმდევრობები გვაძლევს წარსულის ინფექციების პირდაპირ მოლეკულურ მტკიცებულებას და ამავე დროს, შესაძლებელია გადაწყდეს ის შეუსაბამობაც, რაც შესაძლო ინფექციების შესახებ წერილობით ისტორიულ წყაროებსა და ხელმისაწვდომ უძველეს გენეტიკურ მიმდევრობებს შორის არსებობს“, — განმარტავს ჯგუფი პუბლიკაციაში.

გადამწყვეტი მიგნება აღმოჩნდა თანამედროვე ყვავილის მონათესავე უძველესი ვირუსული დნმ-ის ფრაგენტები ჩრდილოეთ ევროპაში აღმოჩენილი დიდი ხნის წინ დაღუპული 26 ინდივიდის ძვლებიდან და კბილებიდან. 11 მათგანი ვიკინგების ხანას ეკუთვნის და ახ. წ. 603-1500 წლებით თარიღდება.

ამ 11 ადამიანის ნიმუშიდან, თითქმის სრული ვირუსული გენომის აღდგენა ჯგუფმა მხოლოდ ოთხი ადამიანის ნაშთებიდან შეძლო, მაგრამ ესეც საკმარისი აღმოჩნდა იმ მტკიცებულებათა მისაღებად, რასაც ეძებდნენ.

„ვიკინგების ხანის მიმდევრობები ადამიანებში VARV ინფექციის არსებობის ყველაზე ადრეულ თარიღს დაახლოებით 1000 წლით უკან სწევს და ავლენს აქამდე უცნობი, ამ დროისათვის გამქრალი ვირუსული განშტოების არსებობას“, — წერენ მკვლევრები.

მათივე განცხადებით, ახ. წ. 603 წლის aVARV ნიმუშები ემთხვევა მრავალ წერილობით დოკუმენტს, რომლებშიც სავარაუდოდ აღწერილია ყვავილის ინფექციის გავრცელება სამხრეთ და დასავლეთ ევროპაში მე-6 საუკუნის ბოლოდან.

ასეთი შედეგები ასევე ამყარებს ამჟამინდელ თეორიას, რომლის მიხედვითაც, ყვავილი პირველად მღრღნელებში გაჩნდა — უძველესი ვირუსული ნიმუშები თანამედროვე ყვავილის ვირუსზე მეტად, მართლაც უფრო ახლოს იყო დაკავშირებული ტატერაპოქსთან, პროქსვირუსების ოჯახის კიდევ ერთ ვირუსთან, რომელიც აინფიცირებს მღრღნელ მქვიშიებს.

ვირუსოლოგ ანტონიო ალკამის განცხადებით, ამჟამად გამქრალ aVARV-ს ჰქონდა რამდენიმე ისეთი დამატებითი გენი, რომლებიც თანამედროვე ყვავილს არ აქვს. ეს გენები ასევე გვხვდება სხვა ნაკლებად საშიშ პოქსივირუსებში და შესაძლოა, aVARV-ს თავის დროზე დაეხმარა სხვადასხვა მასპინძელი ცხოველის დაინფიცირებაში.

„შეიძლება, უძველესი VARV ვირუსი შედარებით გავრცელებული ზოონოზის სახით წარმოიქმნა, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში მსუბუქ ინფექციას იწვევდა ადამიანებში, მღრღნელებსა და სხვა მასპინძლებში“, — აღნიშნავს ალკამი.

მკვლევრები ჯერ დარწმუნებული არაფერში არიან. ამჟამად გამქრალი უძველესი ვირუსი ფართოდ იყო გავრცელებული ჩრდილოეთ ევროპაში, მაგრამ მის სიმწვავეზე ბევრს ვერაფერს გვეტყვის მხოლოდ დნმ. მათი განცხადებით, შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ ეს ინდივიდები ინფექციის შედეგად დაუღუპნენ.

კვლევის დროს აღმოჩენილ უძველეს ვირუსებში გენების ინაქტივაციის სხვადასხვა მახასიათებელზე დაკვირვებით, მათ ამ ეტაპზე გადაჭრით მხოლოდ იმის თქმა შეუძლიათ, რომ ეს ვირუსი ადამიანებს შორის ფართოდ ცირკულირებდა ვიკინგების ხანაშიც, სულ მცირე 450 წლის განმავლობაში.

კვლევა ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.